„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მოკლე ანალიზი გამოაქვეყნა.
COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს, გაიზარდა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ხარჯები.
24 ივნისს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში მასშტაბური ცვლილება შევიდა, რომლის შედეგადაც 2020 წლისთვის ფაქტობრივად ახალი, ე.წ. ანტიკრიზისული ბიუჯეტი მივიღეთ, – აღნიშნულია ამ ანალიზში.
„სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილების პარალელურად ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის 6 თვის (იანვარ-ივნისი) შემოსავლების და ხარჯების პროგრამული გეგმებიც შეცვალა. შესაბამისად, ივნისის ბოლოს შეცვლილი გეგმიური მაჩვენებლები წლის პირველი ნახევრის ფაქტობრივ მაჩვენებლებს მაქსიმალურად დაუახლოვდა.
აქედან გამომდინარე, შეცვლილი გეგმების შესრულებაზე გაცილებით საინტერესოა, ვნახოთ, პანდემიამ რა გავლენა მოახდინა 2020 წლის თავდაპირველი ბიუჯეტის (2019 წლის დეკემბერში დამტკიცებულის) შემოსავლების და ხარჯების 6 თვის გეგმაზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი 6 თვის შესრულების ძირითადი მაჩვენებლები შეისწავლა და აღმოჩენილ ნაკლოვანებებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავა.
აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება საბიუჯეტო პოლიტიკას უფრო მდგრადს და ეფექტიანს გახდის.
გთავაზობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოვლენილ ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს.
ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 6 თვის გეგმა 761 მლნ ლარით გაიზარდა და 7,661 მლნ ლარი შეადგინა. შემოსულობების ზრდა დამატებითი ვალების აღებამ განაპირობა. 6 თვეში მთავრობამ 2,541 მლნ ლარის ვალი აიღო. 30 ივნისის მდგომარეობით მთავრობის ვალმა 24.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ის დაახლოებით 49%-ია;
- ეკონომიკის შემცირებამ და პანდემიის გამო დაწესებულმა საგადასახადო შეღავათებმა, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 6 თვის გეგმა 468 მლნ ლარით შეამცირა. ახალი გეგმა კი – 4,570 მლნ ლარი 100.4%-ით შესრულდა;
- 6 თვის გადასახდელების გეგმა 6,978 მლნ ლარიდან 7,422 მლნ ლარამდე გაზარდა, თუმცა განახლებული გეგმა 92.9%-ით შესრულდა;
- ხარჯებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებლით – 58.9%-ით ადგილობრივ თვითმმართველობებზე გადასაცემი გრანტების 6 თვის გეგმა შესრულდა, რაც თავის მხრივ, კაპიტალური ტრანსფერების გეგმის 45.9%-ით შესრულებამ განაპირობა;
- 2020 წლის აპრილ-ივნისში 2019 წლის აპრილ-ივნისთან შედარებით შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 10.7 მლნ ლარით გაიზარდა და 68.8 მლნ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის 6 თვეში შტატგარეშეთა ანაზღაურება 20.4 მლნ ლარით (19%-ით) არის გაზრდილი. ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ხარჯებში ეკონომიის გაკეთება მთავრობის პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო;
- მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მივლინებებზე გაწეული ხარჯები 10.6 მლნ ლარით (49%-ით) შემცირდა და 10.9 მლნ ლარი შეადგინა. შემცირების მიუხედავად, საინტერესოა, აპრილი-ივნისის განმავლობაში, როდესაც ქვეყნების საზღვრები ჩაკეტილი, ხოლო ქვეყნის შიგნით გადაადგილება შეზღუდული იყო, რატომ და როგორ დაიხარჯა მივლინებებზე 11 მლნ ლარამდე;
- ხარჯების მუხლებიდან ყველაზე მაღალი შესრულების მაჩვენებელი სოციალურ უზრუნველყოფაში (96.9%) და საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაში (96.8%) დაფიქსირდა. ამავე დროს, შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი 6 თვის გეგმა 1.5 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის 456 მლნ ლარით;
- ჯანდაცვის ხარჯების 6 თვის გეგმა 595 მლნ ლარიდან 737 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანწილად ვირუსის გავრცელებამ განაპირობა. გასული წლების მსგავსად, ისევ არასაკმარისი აღმოჩნდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე გამოყოფილი თანხა. 6 თვის თავდაპირველი გეგმა 89 მლნ ლარით გაიზარდა და 523 მლნ ლარი შეადგინა. წლის ბოლომდე საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯი ერთ მილიარდ ლარს მიაღწევს, როცა წლიური გეგმით 802 მლნ ლარია გათვალისწინებული;
- პანდემიისგან მიყენებულმა ზიანმა სახელმწიფო ბიუჯეტში ახალი ხარჯვითი პროგრამების შექმნა განაპირობა. პროგრამები 3 მიმართულებით შეიქმნა: ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ბიზნესის სუბსიდირება. 2020 წლის პირველ ნახევარში „კორონავირუსით“ გამოწვეულ ახალ პროგრამებზე 460 მლნ ლარი გამოიყო, ფაქტობრივად კი 370 მლნ ლარი დაიხარჯა;
- პანდემიის გამო ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროს (452 მლნ ლარით) და ეკონომიკის სამინისტროს (19.6 მლნ ლარით) 6 თვის გეგმა გაიზარდა, ყველაზე მეტად კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (47.4 მლნ ლარით) და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (37.6 მლნ ლარით) 6 თვის გეგმა შემცირდა;
- მაღალბიუჯეტიანი პროგრამებიდან აღსანიშნავია COVID-19-ის შედეგად უმუშევრად დარჩენილთათვის ფულადი დახმარების პროგრამის 6 თვის გეგმის 57.3%-ით შესრულება, რომელზეც მეორე კვარტალში 130 მლნ ლარი იყო გამოყოფილი;
- 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 2020 წლის 6 თვეში ბიუჯეტის ხარჯები 869 მლნ ლარით გაიზარდა, საიდანაც 631 მლნ ლარი სოციალური ხარჯების ზრდაზე მოდის. 35 მლნ ლარით გაიზარდა შრომის ანაზღაურების ხარჯი.
რეკომენდაციები:
- მიუხედავად განახლებული გეგმებისა, ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობამ არააუცილებელი ხარჯები ეკონომიურად გაწიოს და დაზოგილი თანხა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას და ბიზნესის საგადასახადო შეღავათებს მოახმაროს;
- პრობლემად რჩება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რომლის გადაწყვეტა აღნიშნული პროგრამის ეფექტიანობის ზრდის მიზნით აუცილებელია;
- მთავრობის ვალის მოცულობა კრიტიკულ ზღვარს, მშპ-ის 60%-ს უახლოვდება. შესაბამისად, მთავრობამ წელს მოზიდული საგარეო დახმარების ნაწილი 2021 წელს უნდა დახარჯოს და მომავალ წლებში მთავრობის ვალის შემცირების სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.