დუბლინის ხელშეკრულება გაუქმდება – ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დე ლაიენმა 16 სექტემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას თქვა. ახალ ევროპულ პაქტს მომავალ ოთხშაბათს წარადგენენ.

დუბლინის ხელშეკრულების თანახმად, თუკი პირს ევროკავშირში გადაკვეთილი აქვს ერთი ქვეყნის საზღვარი (ან მასზე ამ ქვეყნის ვიზაა გაცემული), მეორე ქვეყანას თავშესაფარს ვერ მოთხოვს.

„თქვენ იცით, რა არის დუბლინი?“ – 2012 წელს ოსლოს ერთ-ერთი პოლიციის განყოფილებაში, სადაც თავშესაფრის მიღების შესახებ განვაცხადე, მკითხა მორიგემ, რომელსაც ხელში ჩემი პოლონეთის ვიზაჩარტყმული პასპორტი ეჭირა.

აფხაზმა დიმამ, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკში გავიცანი (ისიც „დუბლინით“ გერმანიიდან ნორვეგიაში იყო გაგზავნილი), თავის ნაცნობებს დაურეკა ჰოლანდიაში, გერმანიასა და შვედეთში.
„გინდათ ახალი ანეგდოტი? ქართველი პასპორტით ჩაბარდა“, – უყვებოდა მათ და იცინოდნენ.

ნორვეგიამ რომ თავშესაფარზე უარი მითხრა, დიმას რჩევით (მას მიგრაციის საკითხებში „ექსპერტს“ ვეძახდი) ჩემს გამბიელ მეგობართან ერთად შვედეთში გადავედი. შვედეთმაც, პოლონეთში უნდა დაბრუნდეო. საბუთები შემიდგინეს და როგორც კი პოლონეთის საემიგრაციომ დაუდასტურა, რომ „დუბლინის“ რეგულაციით მათი იურისდიქციის ქვეშ ვიმყოფებოდი და ჩემზე პასუხისმგებლობას იღებდნენ, ბილეთი მიყიდეს და ვარშავაში გადამაფრინეს.

ვარშავის შოპენის აეროპორტში ნორვეგიის პოლიციის მიერ ჩემი პასპორტის სანაცვლოდ  გაცემული მისი დამოწმებული ასლი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად არ ჩათვალეს. პროცედურების ახსნის, ზარისა და ადვოკატის უფლების გარეშე დამაკავეს, ერთი ღამე იზოლატორში გამაჩერეს, მეორე დღეს კი სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რადგანაც პასპორტი არ მქონდა, საჰაერო სივრცე არალეგალურად გადავლახე (ეს კანონი რამდენიმე წლის წინ გააუქმეს).

აქედან გამომდინარე, შემაფასეს როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის საშიში და ორი თვით მიგრანტების ციხეში, ე.წ. დახურულ ბანაკში გამომკეტეს.

 

***

პოლონეთში შვიდი დახურული ბანაკია. ასე პოლიტკორექტულობის გამო ეძახიან. სინამდვილეში ჩვეულებრივი ციხეა. ვცხოვრობდი გისოსებიან ოთახში, დერეფნის ბოლოს. რკინის გისოსებიანი კარის მიღმა სამხედრო ფორმიანი დაცვა სამ საათში ერთხელ იცვლებოდა. დღეში ორჯერ, შუაღამე და დილის ექვს საათზე შემოვლაზე ოთახებში დაუკაკუნებლად შემოდიოდნენ. დღეში ერთხელ, ერთი საათით, ეზოში გასეირნება გვქონდა. ციხის უფროსის სახელზე დაწერილ განცხადებაში ვითხოვდით ყველაფერს – სარკეში ჩახედვას, ფრჩხილების დაჭრას, წარბების ამოქნას და სხვ.

მე გაგიმართლა, რომ გოგო ვიყავი და ქალებისა და ოჯახების ციხეში მოვხვდი. ბიალისტოკში, სადაც კაცების ბანაკია, მორიგე მესაზღვრეები ემიგრანტებთან ოთახებში შედიოდნენ, მათ ელექტროშოკერით თიშავდნენ, შემდეგ მხრებსა და ფეხებზე ხელებს კიდებდნენ, დერეფანში აგდებდნენ და ზედ ფეხებით ედგნენ ყველას დასანახად.

ეს იქ ჩვეულებრივი ამბავი იყო. მაშინ ოთხი ბანაკი შევიკრიბეთ, ას კაცამდე და ერთდროულად შიმშილობა გამოვაცხადეთ. შიმშილობა შიდაგანაწესის დარღვევა იყო და ამის უფლება არ გვქონდა. ამიტომ კაცები მასიურად კარცერში ჩაყარეს . რომ არა წერილი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფს ტელეფონით ვუკარნახე, მათ კი პოლონეთის ყველაზე დიდ გაზეთში დაბეჭდეს, შიმშილობის მასშტაბის მიუხედავად, ვფიქრობ, ამის მიმალვას ადვილად მოახერხებდნენ.

წერილს შსს გამოეხმაურა, ორი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რამდენიმე მესაზღვრე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ჩემს ძველ კომპიუტერში ახლაც უნდა მქონდეს ერთ-ერთი მათგანის ფოტო, სადაც ის ფაშისტური სიმბოლოებით პოზირებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მონიტორინგის ჯგუფი შექმნეს, ისინი ექვსი თვე დადიოდნენ და სწავლობდნენ პირობებს და კონდიციას, რომელშიც მიგრანტები ცხოვრობდნენ.

მოხსენებას, რომელიც მათ გააკეთეს, „მიგრაცია დანაშაული არ არის“ (migration is not a crime) ჰქვია და პოლონეთის მთავრობამ მასზე დაყრდნობით მიგრაციის შესახებ კანონი შეცვალა.

ეს უპრეცენდენტო შემთხვევა იყო. მონიტორინგის ჯგუფიდან ერთ-ერთმა რამდენჯერმე სთხოვა ჩეჩენ ტასია დეიდას, დაედასტურებინა თავისი სიტყვები, რომ ის, ავადმყოფი ქალი, გერმანიაში საზღვრის დარღვევის გამო კრიმინალურ ციხეში ჩასვეს. ეს კანონი გერმანიამ რამდენიმე წლის წინ გააუქმა.

დარღვევები, რომელიც მიგრანტების ციხეში იყო, ცხადია, კარგად იცოდნენ იმ არასამთავრობოებმა, რომლებიც ხმაურის ატეხვიდან ყოველ დღე დადიოდნენ ჩვენთან და შეშფოთებული სახეებით დახმარების მზადყოფნას გამოხატავდნენ. თუმცა მათ მანამდეც იცოდნენ ამ პრობლემების შესახებ და არაფერი გაუკეთებიათ. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციების არ მჯერა.

ყველა, ვინც შიმშილობის აქციაში ვმონაწილეობდით, თავიანთ ქვეყნებში გაადეპორტეს. მე ნებაყოფლობითი დეპორტაცია ავირჩიე – ე.წ. საქმის შეჩერება, „სტოპს“ ეძახიან. იმავე წელს, ლიეტუვას (ან ლატვიას) დახურულ ბანაკში აუტანელი პირობების გამო მიგრანტებმა გაფიცვა მოაწყვეს. ვიდეო, რომელიც ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა, გადაღებულია გვერდით, ღია ბანაკიდან ტელეფონით. მასზე ჩანს, რომ სპეცდანიშნულების რაზმი შენობაში შერბის, ცოტა ხანში შენობიდან ხალხის ყვირილი ისმის. ჩემი მეგობარი, მაშინ 20 წლის, იმ ემიგრანტებს შორის იყო, ვისაც არბევდნენ. ისიც „დუბლინის“ გამო მოხვდა იქ. მას დახურულ ბანაკში „წესრიგის აღდგენისას“ სამი ნეკნი ჩაუმტვრიეს.

***

2017 წლიდან საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვს. იმავე წლის სტატისტიკით, რომელიც გერმანულმა მედიამ გამოაქვეყნა, ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა შორის 75%-ზე ქურდობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალის ხელმძღვანელობამ ფედერალურ მთავრობას ევროკავშირში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ინიციატივით გამოსვლა მოსთხოვა. ევროპამ საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართა, შეესწავლა მიზეზები, თუ რატომ ტოვებენ მისი მოქალაქეები საკუთარ ქვეყანას და სხვაგან რატომ ითხოვენ თავშესაფარს.

გერმანიის მთავრობამ, ქართველი კოლეგების თხოვნით, 2019 წელს საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი თანამემამულეების საქმეები დაჩქარებულ რეჟიმში განიხილება, ან სულაც, განაცხადის განხილვამდე პირდაპირ დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ.

ამის მიუხედავად, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა არ მცირდება. რამდენიმე კვირის წინ ორმა ქართველმა, რომლებიც გერმანიაში ორცხობილების ქარხანაში არალეგალურად მუშაობენ, პოლონეთში ფერმაში მომუშავე მეზობელი თავისთან დაპატიჟეს, მათი ქვეყანაში ოფიციალურად დარჩენის მომავალი გეგმა თავშესაფრის მოთხოვნა იყო.

არაერთი ისტორია უკავშირდება სამედიცინო სერვისის მიღებას. გია გ-ს საქართველოში ექიმებმა დიალეზით მკურნალობა დაუნიშნეს, პარალელურად ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. მან რამდენიმეწლიანი მკურნალობის შემდეგ, 2018 წელს საფრანგეთში წასვლა და იქ მკურნალობა გადაწყვიტა, რომლის ერთადერთი გზა თავშესაფრის მოთხოვნაა – ასეთ დროს სახელმწიფო ჯანდაცვას 100%-ით აფინანსებს. სანამ დიალეზის არქონის გამო კომაში არ ჩავარდა, ყურადღება არავის მიუქცევია, შემდეგ კი, მკურნალობის სრული კურსი დაუნიშნეს, რომელსაც დღემდე გადის. ფრანგმა ექიმებმა დაადგინეს, რომ მას თირკმლებზე პრობლემა არ ჰქონდა და წლების განმავლობაში მძიმე პრეპარატს არასაჭიროებისამებრ იღებდა, რამაც ორგანიზმს, ცხადია, სერიოზული ზიანი მიაყენა.

საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამის ამოქმედებამდე ზუსტად მის სამკურნალოდ მიეშურებოდა ბევრი ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც „ჩაბარებულების“ ჯანდაცვის პროგრამა ამ დაავადების მკურნალობას მოიცავდა.

 

***

მიგრაციის პროცესი, რომელსაც ვერც იმის შიში შეაჩერებს, რომ შენს ქვეყანას ამის გამო, შესაძლებელია, ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ და არც ის, რომ უკეთესი მომავლის იმედით ოჯახებთან ერთად ჩასულებს (ურჩიეს, რომ ოჯახებიანებს უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას) ქუჩაში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თანაგრძნობის ნიშნად ნაჩუქარ კარვებში უწევთ ცხოვრება და ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ მოტანილ საჭმელს ჭამენ (ასე იყო საფრანგეთში. ისინი შენობებში კორონავირუსის პერიოდში გადაიყვანეს), ან სხვა სცენარები, რომელსაც ფონად მუდამ სირთულე გასდევს.

ევროკავშირის შიგნითაც შიდა მიგრაცია ინტენსიური პროცესია, მაგალითად, ბრიტანეთში ოფიციალურად 900 ათასი პოლონელი ცხოვრობს, არაოფიციალურად – მილიონ ნახევარი.

უკეთესი ცხოვრებისთვის, პირობებისთვის, იმედებისთვის, მიზნებისთვის ბრძოლას ვერ აკრძალავს ვერც ერთი ვალდებულება და კანონი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ სექტემბრის დასაწყისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც შსს-ს უფლება ენიჭება, რომ პირი, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ქვეყნიდან არ გაუშვას.

კანონი ძალაში 2021 წლიდან შედის. მანამდე ამ ფუნქციას ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტო ფრონტექსი ასრულებდა. ევროპელი მესაზღვრეები უფრო ფეისკონტროლის როლს ასრულებდნენ, ვიდრე დოკუმენტების შემმოწმებლების, ან ამასაც ითავსებდნენ.

2019 წლის ნოემბერში არასრულწლოვან სტუდენტს ლუკა ბ-ს ქუთაისის აეროპორტში იმაზე ედავებოდნენ, რომ თუკი მისი სასწავლებელი ქალაქ ტორუნში (პოლონეთი) იყო, როგორც ამას წარდგენილი დოკუმენტები მოწმობდნენ, მაშინ რატომ მიფრინავდა გდანსკში, რომელიც აღნიშნული ქალაქიდან 180 კმ-შია.

ლუკამ მესაზღვრეებს ბოდიშები უხადა, იმასაც დაჰპირდა, რომ მეტჯერ ამას არ იზამდა, ოღონდ ახლა გაეშვათ. მესაზღვრე ცივ უარზე იყო. ლუკამ დედამისს დაურეკა, რომელიც მას აცილებდა და მასთან მისვლა სთხოვა. ფრონტექსის თანამშრომელმა ზუსტად მისგან გაიგო, რომ ტორუნში საერთაშორისო ფრენები არ არის, შესაბამისად, იქ ვერ გაფრინდებოდნენ. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, ტორუნში პირდაპირი ფრენები რომ ყოფილიყო, ფრონტექის თანამშრომლის პრეტენზია აბსოლუტურად არალეგიტიმური იყო.

ამ შემთხვევიდან დაახლოებით ერთ თვეში მეგობრის შვილს იმიტომ არ დართეს რომში გაფრენის ნება, რომ მას ჰოსტელი ჰქონდა დაჯავშნილი და არა სასტუმრო. ფრონტექსის თანამშრომლების ფონზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორ იმუშავებენ შსს-ს ქართველი წარმომადგენლები.

 

***

სინამდვილეში, თავშესაფრისმაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად ყველაზე ეფექტური ნაბიჯი საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მოწესრიგება და ევროკავშირში ლეგალური დასაქმების ხელშეწყობა საკმარისი იქნება. მაგალითად, პოლონეთთან არსებული შეთანხმებით, საქართველოს მოქალაქეებს გამარტივებული აქვთ სამუშაო პროცედურები. ამიტომაც, ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც შარშან ამ დროს ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნდა, უკრაინელებისა და ბელორუსების შემდეგ ქართველი მუშახელი მესამე უმსხვილესი ჯგუფი იყო პოლონეთში.

სხვათა შორის, ამ შესაძლებლობით ის თანამედროვე სტერეოტიპიც დაირღვევა, რომ მხოლოდ ქართველი ქალები მიდიან უცხოეთში სამუშაოდ – პოლონეთში მომუშავეთა შორის 80% მამაკაცია (მათი ანაზღაურება იტალიაში მომვლელებად დასაქმებული ჩვენი თანამემამულე ქალების ხელფასის თითქმის ნახევარია).

მიუხედავად პოლონეთთან გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებისა (მაგალითად, პირველი 6 თვე მუშაობის ნებართვა არ არის საჭირო), ასევე, ცხოვრების დროებითი უფლების გაკეთება ადვილია, საქართველოში მოსაწესრიგებელია თავად დასაქმების ფორმა. მაგალითად ის, რომ ქართული სააგენტოები ვაკანსიებს ყიდიან (რაც თავად პოლონეთში აკრძალულია). ასევე, მათ ხშირად ჩაჰყავთ ჯგუფები, რომელთაც ქუჩაში ტოვებენ, ამის გამო კი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ.

გარდა ამისა, არიან კერძო შუამავლები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ქართველი მუშახელის ინტერესს დამსაქმებელთან ვერ იცავენ (მაგალითად, როცა არასწორ ხელშეკრულებას უფორმებენ, ან იმაზე ნაკლებს უხდიან, ვიდრე კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ან ზოგჯერ სულაც არ უხდიან) და სხვა პრობლემები.

თუკი საქართველოს მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრების, მიგრაციის პირობებში კი ღირსეული შრომის პირობები შეექმნებათ, შეიძლება პასუხიც გაგვიჩნდეს შეკითხვაზე: იმ ქართველების 75%-დან, რომელთა წინააღმდეგ ქურდობის გამო სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, რამდენი გააგრძელებდა ქურდობას?

ეკატერინე კობაიძე