ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში სწავლის დაწყების მაუწყებელი ზარი დაირეკა. აქ სკოლის კარი 191-მა პირველკლასელმა შეაღო.

ხარაგაულის გიმნაზიაში სწავლის დაწყება მოკრძალებული ღონისძიებით აღინიშნა. ღონისძიებაზე მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) ახალი სასწავლო წელი მოგვილოცა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, მინდა ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა და სიბეჯითე, – აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა ღონისძიებაზე, – პირველკლასელებს მინდა  ვუთხრა, რომ თქვენ მოდიხართ  ოჯახებიდან,  სახლებიდან და მოდიხართ ისევ თქვენს სახლში,  რომელსაც ჩვენი გიმნაზია ჰქვია. მომავალი 11 წელი აქ იქნება თქვენი სახლი. აქ იქნებიან თქვენი მეგობრები  და ახლობლები.

მინდა გისურვოთ წარმატებები, გიყვარდეთ კითხვა  და წიგნი იყოს თქვენი მეგობარი. შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი განათლება მიიღოთ ჩვენი პედაგოგებისგან, რომლებიც, თავიანთი პროფესიონალიზმით, გამორჩეულები არიან  არა მხოლოდ ჩვენს მუნიციპალიტეტში, არამედ მთელს საქართველოში.

დიდი მადლობა გიმნაზიის პედაგოგებს, დირექციასა და მშობლებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ უსაფრთხო გარემოში დავიწყოთ ახალი სასწავლო წელი.

დღევანდელი დღე როგორი სიხარულით აღსავსეცაა, ასეთივე სიხარულით აღსავსე ყოფილიყოს ყოველი დღე ჩვენი საქმიანობისა. ყველას  გილოცავთ დღევანდელ დღეს, დალოცვილები და დღეგრძელები იყავით. იხარეთ და გახსოვდეთ, რომ  თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი  და ჩვენი ქვეყნის მომავალი,  თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც ძალიან ძლიერ, ქრისტიანულ საქართველოში იცხოვრებს“.

ხარაგაულის გიმნაზიაში წელს პირველად პირველკლასელებს სასწავლო ბუკები გადაეცათ.