სკოლაში შესვლის პირველი დღე ბევრ სიახლესთან და ემოციასთან ასოცირდება. ამ დღეს იმდენი შთაბეჭდილება გროვდება, რომ შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვახსოვს.

ათეული წლების წინ სწავლა პირველ სექტემბერს იწყებოდა. დღესაც, პირველი სექტემბერი რომ დგება, ბევრი ჩვენგანის მეხსიერებაში ფილმის კადრებივით ცოცხლდება სკოლაში ჩვენი პირველი დღე, – საზეიმო ღონისძიებაზე ხალხის წინაშე ლექსით წარდგომა; პირველი მასწავლებელი, თბილი და მზრუნველი დამოკიდებულებით.

– სკოლაში 6 წლის ასაკში, 1964 წელს შევედი. მანამდე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ვიყავი, – იხსენებს ხარაგაულელი ნიკო დეკანოსიძე, – მეორე გაკვეთილის შემდეგ, ალბათ საუზმის დრომ მოაღწია, კლასი დავტოვე და საბავშვო ბაღში ჩამოვედი. ბაღში მიჩვეული ვიყავით, რომ საუზმე, სადილი და სამხარი მიგვეღო. საბავშვო ბაღის დირექტორი ეთერ კიკნაძე, მუსიკის მასწავლებელი დარეჯან კიკნაძე და თადული გაჩეჩილაძე შემომეგებნენ. გაუკვირდათ ჩემი იქ მისვლა.

– ჩაი მინდა-თქო, – გამოვაცხადე. გამიმასპინძლდნენ ქაშით, კარაქიანი პურითა და ჩაით. ამასობაში სკოლაში მეძებდნენ და ნერვიულობდნენ. ბაღიდან სკოლაში დარეკეს, ნიკო აქ არის და არ ინერვიულოთო. დედაჩემი ჩამოვიდა და სულ ყურებაწითლებული წამიყვანა. რა დამავიწყებს იმ დღეს?!“

„ზუსტად მახსოვს, მე და ჩემს მეგობარ ნინოს პირველ სექტემბერს ერთნაირად გვეცვა, – თეთრი პერანგი და დაპლისული კაბა, – იხსენებს მარიკა ხარატიშვილი, – დედამ სკოლაში კი მიმაცილა, მაგრამ გაკვეთილების დამთავრებამდე ვერ დარჩა და ჩემს წასაყვანად მოსვლა დააგვიანდა. მახსოვს, ვიჯექი და ვტიროდი, თან მრცხვენოდა და ვიმალებოდი. შემდეგ დედაც მოვიდა და ჩემი ძმაც. ამის შემდეგ სკოლაში არასდროს მიტირია“.

„ლექსებს ადვილად ვიმახსოვრებდი, – იხსენებს მამუკა ჭიპაშვილი, – სამ-ოთხ სტროფიანი ლექსი მასწავლეს. თითქოს პრობლემა არც იყო, მაგრამ კიბეებზე რომ ავედი და ხალხისკენ შემოვტრიალდი, უცებ ყველაფერი ამერია. დედაჩემს დავუწყე ძებნა. ამდენ ხალხში ვეღარ ვიპოვე, თავგზა დამებნა, ვეღარაფერი ვთქვი, ლექსი დამავიწყდა. შემდეგ, როგორც იქნა, დედაჩემი ვიპოვე, მკარნახობდა. ჩემით ვეღარაფერი ვთქვი. რასაც მკარნახობდა, მხოლოდ იმას ვიმეორებდი.

ძალიან კარგი პედაგოგი, თინა კელენჯერიძე, იყო ჩემი პირველი მასწავლებელი. შავები ეცვა, ხანდაზმული იყო და ხელი უკანკალებდა. პირველი „აი ია“ რომ დაწერა, დიდხანს მოუნდა. ხელს აკანკალებდა. გამიკვირდა, ჩვენც ასე რატომ უნდა დაგვეწერა. შემდეგ ყველაფერი თანდათან დალაგდა“.

ბევრი ბავშვის მსგავსად, სკოლის პირველი დღე ემოციური იყო ვალერი ჭიპაშვილისთვის. მიუხედავად იმისა, რომ  ძალიან უნდოდა სკოლაში შესვლა, პირველ დღეს მაინც იტირა.

„პირველ კლასში სამნი ვიყავით. ერთმანეთს სამივე ვიცნობდით. პირველკლასელების ზეიმი რომ დაიწყო, სადაც გზა დაგვილოცეს, მახსოვს ტირილი დავიწყე. გელა მასწავლებელმა დამამშვიდა. ის ბაზალეთის სკოლაში ისტორიას ასწავლიდა, ახლა კი სასულიერო პირია, მამა თეოდოსი. განსაკუთრებულად თბილად დამამახსოვრდა ეს ფაქტი. ჩემი პირველი მასწავლებელი მაია ჭიპაშვილი შვილებივით გვზრდიდა. ბაზალეთის სკოლის კედლებიდან დიდი სიყვარული გამომყვა. ვფიქრობ, რასაც ვაღწევ ცხოვრებაში, ეს არის სკოლიდან გამოძახილი“, – ამბობს ვალერი ჭიპაშვილი.

საქართველოში სწავლა 15 სექტემბერს იწყება. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს ვუსურვებთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.

ლიკა ხიჯაკაძე