ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხვალ, 15 სექტემბერს, სწავლა მუნიციპალიტეტში მოქმედ 26-ვე სკოლაში დაიწყება.

მისი თქმით, 25 საჯარო და ერთ კერძო სკოლაში მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში შეუდგებიან.

„13 სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაცია გრძელდება. თუმცა ეს სწავლის განახლებას ხელს არ შეუშლის. კორონავირუსის პანდემიის გამო შემუშავებული რეგულაციების თანახმად, 26-ვე სკოლა მომარაგებულია დეზობარიერებით, ანტისეპტიკური და ჰიგიენური საშუალებებით, თერმომეტრებით“, – ამბობს მარინე ვეფხვაძე.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში, 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყება.

რეგულაციების შესაბამისად, ხვალ სკოლებში სასექტემბრო ზეიმები არ გაიმართება.

რეკომენდაციებს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:

ძვირფასო მშობლებო,
1. მოსწავლეს დილით სახლიდან გამოსვლამდე უნდა გაუზომოთ ტემპერატურა, თუ დაუფიქსირდება 37 და მეტი, არ გამოუშვათ სკოლაში. დაუყოვნებლივ ურეკავთ დამრიგებელს და ატყობინებთ გამოუცხადებლობის მიზეზს;

2. თუ ბავშვს ექნება ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი – სისუსტე, ხველა, სუნთქვის გაძნელება, გამონადენი ცხვირიდან, ყელის სიმშრალე და ა.შ. ბავშვს სკოლაში არ აგზავნით. მიმართავთ ოჯახის ექიმს, ამასთანავე ატყობინებთ დამრიგებელს.

3. სკოლაში ბავშვს გამოატანეთ სასმელი წყლის ბოთლი, რომელზედაც მითითებული იქნება მისი სახელი და გვარი.

ძვირფასო მოსწავლეებო,

1. აუცილებელია თერმოსკრინინგი ჩავიტაროთ სახლიდან გამოსვლის წინ და სკოლის შესასვლელში;
2. დავიცვათ პირადი ჰიგიენა და სისუფთავე ჩვენს ირგვლივ;
3. დავიცვათ 1 მეტრიანი დისტანცია კლასში, დერეფანში;
4. ვატაროთ პირადი წყლის ბოთლი სახელისა და გვარის მითითებით;
5. არ ვისარგებლოთ ერთმანეთის ნივთებით;
6. გრიპული სიმპტომების შემთხვევაში დავრჩეთ სახლში, შევატყობინოთ ექიმს და კლასის დამრიგებელს;
7. ხელები დავიბანოთ ხშირად;
8. ხელები შევიმშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით;
9. ხელები ხშირად დავიმუშაოთ სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც განთავსებულია სკოლის დერეფნებში და სველ წერტილებში;
10. ავკრძალოთ შეჯგუფება, თავშეყრა;
11. ფეხები გავიწმინდოთ დეზობარიერზე;
12. მოსწავლე სკოლაში უნდა გამოცხადდეს თმაშეკრული;
13. ყოველ დასვენებაზე დამრიგებელთან ერთად სადეზინფექციო ხსნარით გადავასუფთაოთ მერხის ზედაპირი;
14. ყოველ დასვენებაზე გავანიავოთ საკლასო ოთახი.

მშობლებს ვთხოვთ, სწავლის დაწყების პირველ დღეს თავი შეიკავონ სკოლის ეზოში შემოსვლისგან.

მოსწავლეებს სკოლის კარებთან დახვდება დამრიგებელი, რომელიც უხელმძღვანელებს მოსწავლეთა ორგანიზებულად შეყვანას შენობაში შესაბამისი რეგულაციების სრული დაცვით (თერმოსკრინინგი, დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება).

სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლე ტოვებს სკოლის ტერიტორიას.

ფოტოზე: სასწავლო წლის პირველი დღე ხარაგაულის #2 სკოლაში, 2019 წ. 15 სექტემბერი