საქართველოში საზოგადოებრივი განწყობის შესასწავლად NDI-ის დაკვეთით, CRRC საქართველომ კვლევა ჩაატარა.

ამ კვლევის მთავარი მიგნებებია:

  • მოსახლეობის 88% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა გამოკითხულთა 59%-ს ჯერ
    კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას.
  • მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხები, ძირითადად, ეკონომიკას ეხება და ისინი კანდიდატებისგან პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარს მოელიან.
  • კვლევის მიხედვით, სასურველი კანდიდატის შერჩევისას მოსახლეობა, პირველ რიგში, პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას (36%), ჯანდაცვის პოლიტიკას (12%) და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას (12%) მიიღებს მხედველობაში.
  • მოქალაქეების მხრიდან ეკონომიკაზე აქცენტი თანხვედრაშია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალთან, რომლის სათავეშიც, უკვე წლებია, დასაქმება (49%), სიღარიბე (39%) და ფასების ზრდა/ინფლაცია (20%) ექცევა.
  • ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აცხადებს, რომ უმუშევარია, რაც ივნისის კვლევასთან შედარებით
    შვიდი პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. ეს, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკური გავლენის
    შედეგია.
  • ადგილობრივ დონეზე მოსახლეობა ყველაზე მეტად გზების მდგომარეობაზე (31%), წყალმომარაგებაზე (22%), გარემოს დაბინძურებასა (13%) და საცობებზე (13%) წუხს.
    თბილისში მთავარ პრობლემებად საცობებს და გარემოს დაბინძურებას, სხვა ქალაქებში და სოფლებში კი წყლისმომარაგებასა და გზებს ასახელებენ.
  • არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოსახლეობის 56% დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.
  • თუმცა გარკვეული საკითხები მაინც იწვევს მოსახლეობის წუხილს. მოქალაქეების მესამედი აცხადებს, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამას მოსდევს დარღვევები ხმის მიცემის პროცედურებში (15%) და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება (13%).

ეს განწყობები თანხვედრაშია NDI-ის წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად
მიგნებებთან.