ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ ცალკეული შეზღუდვების დაწესებისა და რეგულაციების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ, 10 სექტემბრიდან აიკრძალა ქორწილების, იუბილეებისა და ქელეხების გამართვა როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში.

რამდენიმე დღის წინ დაანონსდა თეატრებთან და კინოთეატრებთნ დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება. ამ ობიექტების ნაწილი 15 სექტემბრიდან და ნაწილი – 1 ოქტომბრიდან უნდა გახსნილიყო. თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მათი გახსნა ერთი თვით გადაიდო.

შესაბამისად, კინოთეატრები და თეატრები, ისევე როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები, პირველი ნოემბრიდან გაიხსნება. სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდება.

რაც შეეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, აქ შეიზღუდება 200 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება. იგულისხმება ღია სივრცეები. დახურულ სივრცეში აქამდეც შეზღუდვები არსებობდა.

რეგულაციების დარღვევის შემთხვევებზე გათვალისწინებულია სანქციები.

„მიმდინარეობს წინასაარჩევნო სამზადისი, – ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, – კულტურულ ღონისძიებებზე დავაწესეთ 200 კაციანი შეზღუდვა, მაგრამ ეს არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

მოვუწოდებთ საარჩევნო ობიექტებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.