საქართველოში ბოლო დროს გახშირებული ოჯახური ძალადობა რამდენჯერმე ფატალური შედეგით დასრულდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მანანა ბარბაქაძის ინიციატივით საკრებულოს ბიუროს წევრებმა და სხდომაზე მიწვეულმა საზოგადოების წარმომადგენლებმა ოჯახურ ძალადობაზე იმსჯელეს.

მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, ხარაგაულის წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოში შვიდი ქალია დეპუტატი. ხარაგაულში 20 180 ამომრჩევლიდან 9 670 ამომრჩეველი ქალია. „ადგილობრივ ძალოვან ორგანოებს მივმართე, – აღნიშნა შეხვედრაზე მანანა ბარბაქაძემ, – მათთან არც ერთი განცხადება არ შესულა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან.

თუმცა, ოჯახური ძალადობის შემთხვევები ხარაგაულშიცაა, მაგრამ ქალები ამას მალავენ – უფრთხილდებიან ოჯახის ავტორიტეტს.“ ქალბატონი მანანა მიიჩნევს, რომ ოჯახურ ძალადობაში ხელისუფლება არაა დამნაშავე. მისივე თქმით,  არასწორი ფორმაა, როდესაც ამ თემაზე მთავრობის სახლის წინ აწყობენ აქციებს.

საკრებულოს წევრის, ექიმ აზა ფურცელაძის აზრით, მოძალადე მამაკაცების უმრავლესობა ალკოჰოლური სასმელის აქტიური მომხმარებელია. მისივე თქმით, ცოლი ვეღარ იტანს ყოვედღიურად მთვრალ მეუღლეს და ამით წარმოიშობა კონფლიქტი, რაც ცუდი შედეგით მთავრდება.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ ბოლო ოცდახუთწლიანმა მძიმე სოციალურმა ფონმა დიდი გავლენა მოახდინა მამაკაცებზე და მათ აღარ აქვთ თვითრეალიზების საშუალება. ეს კი წარმოშობს მათში აგრესიას.

საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გივი თხელიძემ აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა მამაკაცების დაუსაქმებლობაა. „ქართველმა კაცმა ცოლი საზღვარგარეთ გაუშვა საშოვარზე. ეს ჩვენი მენტალიტეტისთვის მიუღებელია. ამან გამოიწვია ფსიქიკური ცვლილებები მამაკაცში. მთვარობამ შეიძლება ერთი რამ გააკეთოს, – შექმნას სამუშაო ადგილები და  დაასაქმოს მოსახლეობა. ეს გააუმჯობესებს სოციალურ გარემოს, – აღნიშნა გივი თხელიძემ.

.ojaxuri-dzaladoba2

 

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორმა, ფსიქოლოგმა ლაურა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ ოჯახური ძალადობა ფართო ცნებაა და მხოლოდ ცოლის ცემას ან მოკვლას არ გულისხმობს. თუნდაც, – სელექციური აბორტები მდედრობით სქესზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა.

„იყო დრო, ქალებს საარჩევნო ხმის უფლებაც კი არ ჰქონდათ. საბედნიეროდ, დღეს ეს უკვე წარსულია. ჩვენმა საზოგადოებამ, როგორც ჩანს, განვითარების გზა უნდა გაიაროს ოჯახური ძალადობისადმი ადექვატური რეაქციისა და დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად.

სკოლაში გაცილებით მეტი გოგონა სწავლობს კარგად. მერე კი გადაწყვეტილების მიმღებ და მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე უმეტესად მამაკაცები ინიშნებიან. ყინულის ლღობა დაიწყო და საზოგადოებამ ამ საკითხებს განსხვავებულად შეხედა, – აღნიშნა ლაურა გოგოლაძემ, – ქართული ტადიციული ოჯახი მთელ ქონებას მხოლოდ ვაჟს გადასცემს. ითვლება, რომ გოგონამ თავისით უნდა გაიკვალოს გზა.

ამასთან დაკავშირებით, უმეტესწილად, არც გოგონებს აქვთ პროტესტის გრძნობა. აუცილებლად უნდა შეიცვალოს მენტალიტეტი, საზოგადოების მიდგომა. პოლიციას რომ არ მიმართავენ ოჯახური ძალადობაზე, ეს არ ნიშნავს, რომ ხარაგაულში ოჯახური ძალადობის ფაქტები არ არის. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია, მაგრამ არ ახმაურებენ, სირცხვილად მიაჩნიათ.

თუ ბავშვის მიმართ ძალადობა ხდება ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, ამაზე საზოგადოება რეაგირებს. ჩვენთან შეიძლება იცოდე, რომ შენს გვერდით ოჯახში ქალზე და ოჯახის სხვა წევრზე ძალადობენ, მაგრამ ამაზე რეაქცია თითქმის არავის აქვს. ასეთ ფაქტებზე ყველამ ერთად უნდა ამოიღოს ხმა. ოჯახური ძალადობა არ უნდა იყოს ტაბუირებული“.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ირმა სებისკვერაძე, რომელიც ოჯახში მეოთხე ქალიშვილია, ამბობს, რომ „ის ამქვეყანას კარგი ფეხით მოევლინა, რადგან მის შემდეგ ოჯახში ვაჟი დაიბადა“. ირმა სებისკვერაძის აზრით, ადრე ხშირად ძალადობდნენ ოჯახში ბავშვზე, მაგრამ კანონი ბავშვთა უფლებებზე რეალურად ამოქმედდა და ნელ-ნელა ბავშვის მიმართ ძალადობა შემცირდა. მისივე თქმით, ქალებს ოჯახური ძალადობისგან უნდა იცავდეს კანონი.

ბიუროს წევრმა შალვა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ ერთხელ, როცა ხმა აიმაღლა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, ამის გამო მსხვერპლმაც კი გაამტყუნა.

ბიუროს წევრ მიხეილ გელაშვილის თქმით, ქართველი მამაკაცები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ქალისადმი პატივისცემით. „ვინც ქალზე ძალადობს, მას აქვს ფსიქიკური პრობლემები. ზოგიერთ მამაკაცს ჰგონია, რომ ცოლს სტუმრების, ან უცხოს თანდასწრებით თუ დაუყვირებს, ან შეურაცხყოფას მიაყენებს, „კაი ვაჟკაცია“. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ მეგობრებისა და ახლობლების მხრიდან ამას მოჰყვება უარყოფითი რეაქცია, რაც თანდათან აღმოფხვრის ძალადობრივ საქციელს.“

ojaxuri_dzaladoba-2

ბიუროს წევრი ვარლამ თავზარაშვილი მიიჩნევს, რომ ძალადობა საზოგადოებამ უნდა აღმოფხვრას, თვალი არ უნდა დახუჭოს და ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოს ოჯახური ძალადობის ფაქტები.

ბიუროს წევრმა იუზა კელენჯარიძემ აღნიშნა, რომ ძალადობა ხდება იქ, სადაც განათლება და კულტურა ნაკლებია, საჭიროა მასმედიასა და საგანამანათლებლო დაწესებულებებში ამ თემაზე ფართო მსჯელობა.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მეტოდისტის თამარ ავალიშვილის თქმით,  აუცილებელია გამკაცრდეს კანონი და საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს ოჯახური ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიაში.

„ბოლო წლებში საბავშვო ბაღში რამდენიმე ოჯახი გამოიკვეთა, სადაც არ იყო ნორმალური მდგომარეობა და ეს, პირველ რიგში, აისახა ბავშვებზე. აღსაზრდელებს შევთავაზეთ შეესრულებინათ ნახატები თემაზე „მე და ჩემი ოჯახი“.  მათ თავისებურად, ფერებით გადმოსცეს ემოციები ნახატებში. ფაქტობრივად, ყველამ ასახა ის ვითარება, რაც მათ ოჯახშია. თუ ბავშვები თავიანთ ოჯახის წევრებს ხელჩაკიდებულებს ხატავენ, ამ ოჯახში სიმშვიდეა,“ – ამბობს თამარ ავალიშვილი.

ბიუროს წევრს გელა გოლუბიანის თქმით, გახშირებული ძალადობა ოჯახის კულტის მოშლას უკავშირდება. „ჩვენი წინაპრები ისეთ ოჯახში არ მივიდოდნენ სტუმრად, სადაც უთანხმოება იყო. ახლა ტრადიციებს ვივიწყებთ და შედეგიც სახეზეა,“ – აღნიშნა გელა გოლუბიანმა.

შეხვედრის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ, ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ ოჯახური ძალადობის მიმართ საზოგადოების მიდგომაა შესაცვლელი. მისივე თქმით, საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტების გააქტიურება, შესაცვლელია კანონმდებლობა, განათლების სისტემა და ამაზე ყველამ ერთად უნდა იმუშაოს.

თამთა გოგოლაძე

ojaxuri-dzaladoba3ojaxuri-dzaladoba-3