სამხატვრო პლენერი „გამა“ წელს მეხუთედ გაიმართა.

ამ პროექტის ავტორი ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძეა.

წელს „გამა“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებას მკვიდრის, ბახვა სამხარაძის კარმიდამოში ჩატარდა. იზა ვეფხვაძე წლევანდელ პლენერს განსაკუთრებულს უწოდებს, რადგან წელს მასში ემიგრანტი მხატვრები ჩაერთვნენ ამერიკიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და რუსეთიდან. სოფელ სამებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 30 მხატვარი შეიკრიბა. მათგან 14 ამ პლენერში პირველად მონაწილეობდა.

იზა ვეფხვაძე მადლობას უხდის ყველა მონაწილეს და იმ პიროვნებებს, რომლებმაც პლენერის ჩატარებას ხელი შეუწყვეს. ისრაელში მცხოვრებმა პაატა იაკობაშვილმა „გამას“ მონაწილეებისთვის მაისურები დაამზადა; მხატვრებისა და მათი მასპინძელი ოჯახებისთვის ღვინო სპეციალურად ჩამოასხა.

იზა ვეფხვაძე ამბობს, რომ პლენერის ორგანიზებაში დიდი წვლილი შეიტანეს ბაქარ დევდარიანმა, მამა პეტრემ (კურტანიძე), კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა, ს/ს „იმერმა“, მეფუტკრე ზურაბ მაჭავარიანმა, ხარაგაულის კულტურის სამსახურმა, მერიამ და საკრებულომ.

პლენერის მიმდინარეობა ფოტოხელოვანმა ბადრი ვადაჭკორიამ გადაიღო წიგნისთვის, რომლითაც მსოფლიომ საქართველო უნდა გაიცნოს.

„საქართველოს ქალთა საბჭომ“, რომლის ხელმძღვანელია მზექალა შანიძე, ბანერი, ბუკლეტები და მონაწილე ქალებისთვის სიგელები დაამზადა.

მხატვარი ანზორ თოდრია პლენერის ჩატარებას კორონავირუსის პანდემიის პირობებში მნიშვნელოვან ფაქტად აფასებს. ის ამბობს, რომ „ამ ჩაკეტილობისას ადამიანებს სულიერი საზრდო, შემოქმედებითი აქტივობა განსაკუთრებით სჭირდება. იმერეთში, ბახვა სამხარაძის ეზო-კარმიდამოში კი საოცარი ჰარმონია დამყარდა ბუნებასა და მხატვრებს შორის“.

მომავალში ყველა პლენერში მონაწილეობას გეგმავს მხატვარი ზურაბ გაბუნია. ის ამბობს, რომ წარუშლელი შთაბეჭდილებით სავსეა როგორც კოლეგებთან შეხვედრით, ასევე იმერული მასპინძლობით და ულამაზესი ადგილების მონახულებით.

ზურაბ გაბუნია მიჩნევს, რომ პლენერში მონაწილეობა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ღორეშის სკოლის ხელოვნების მასწავლებელი რუსუდან ფოჩხუა წლიდან წლამდე მოუთმენლად ელოდება პლენერის თარიღის გამოცხადებას. ხატვა მისთვის ჩუმი კავშირია სამყაროსთან და ღმერთთან. ამბობს, რომ პლენერში მონაწილეობა მისთვის ორმაგად სასიხარულოა – ახლოს ეცნობა გამოჩენილ მხატვრებს და მათ შემოქმედებას, საკუთარ ფიქრსა და ოცნებას ტილოზე ფრთებს ასხამს.

პლენერზე შექმნილი 30-ვე ნამუშევარი ლიტერატურულ თეატრს საჩუქრად გადაეცა.

იზა ვეფხვაძე გეგმავს, რომ ხუთი წლის გნმავლობაში პლენერზე შექმნილი ნახატების გამოფენა მომავალ წელს ხარაგაულსა და თბილისის სამხატვრო აკდემიაში მოაწყოს.