ვახანში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.

ხარაგაულის #48 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გია ცისკაძის ინფორმაციით, ვახანის საუბნო საარჩევნო კომისია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ვახანის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილია ორი კანდიდატი: მერაბ ღონღაძე – ბლოკიდან „ქართული ოცნება“ და გენადი არევაძე – „თავისუფალი საქართველოდან.“

„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს წინასაარჩევნო პერიოდში ვუწევთ კონსულტაციებს. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა მაყვალა სულაქველიძემ ჩაუტარა ტრენინგი თვალსაჩინოებების გამოყენებით, – ამბობს გია ცისკაძე, – რამდენიმე დღის წინ ვახანში იმყოფებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი გიორგი სეხნიაშვილი და ცესკოს წევრი თამაზ შარმანაშვილი. ისინი შეხვდნენ საუბნო კომისიის წევრებს და მოიწონეს იმ შენობის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს. მოგეხსენებათ, ვახანში საარჩევნო უბანი სკოლაში იყო განთავსებული. ვინაიდან არჩევნები ხუთშაბათს გაიმართება, სწავლის პროცესის შეუფერხებლად ჩატარებისთვის, საარჩევნო უბანი განთავსდა ადმინისტრაციულ შენობაში, სასოფლო კლუბის დარბაზში.“

გია ცისკაძის ინფორმაციით, ბიულეტენებს და საარჩევნო ინვენტარს ვახანის საუბნო საარჩევნო კომისიას 29 ოქტომბერს გადასცემენ.

ვახანის საარჩევნო უბანში 732 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

2014 წლის 15 ივნისს ვახანში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმ მიზეზით ვერ ჩატარდა, რომ საკრებულოს წევრობის ყველა მაჟორიტარმა კანდიდატმა კანდიდატურა მოიხსნა.

ამით დეპუტატობის კანდიდატებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თანასოფლელებს, რომლებიც ორი წლის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლული რეინჯერის, მერაბ არევაძის, მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

ნინო კაპანაძე