FLEX-ის პროგრამის 2021-2022 წლის შესარჩევი ეტაპი ონლაინ 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.

მსურველებს პროგრამის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. რეგისტრაცია პირველ სექტემბერს დაიწყება.

2020 წლის შესარჩევ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის

მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 2004 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 16 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში,
არიან საქართველოს მოქალაქეები და ფლობენ ინგლისურ ენას.

ტესტირების პირველი რაუნდი ჩატარდება პირველი სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით. პირველი რაუნდი მოიცავს ონლაინ აპლიკაციასა და 3 ესსეს კითხვებს, რომლებიც უნდა ჩაბარდეს აპლიკაციის დაწყებიდან 10 დღეში.

აპლიკაციის ეტაპის გავლის შემდეგ მონაწილეები დაწერენ ინგლისური ენის ონლაინ ტესტს (მეორე რაუნდი).

მესამე ფინალური რაუნდი დაიწყება ნოემბერში. ის მოიცავს გასაუბრებას, სამი ესსეს კითხვას, ინგლისური ენის გაძლიერებულ ტესტს და სრულ აპლიკაციას.

ყველა საფეხურის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, მოსწავლეები ინფორმაციას ამერიკული საბჭოების საქართველოს ოფისიდან მიიღებენ.

FLEX ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაა და ამერიკის მთავრობის მიერ ფინანსდება. პროგრამის ფარგლებში შერჩეული მოსწავლეები ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ამერიკულ სკოლაში ისწავლიან და ამერიკელ მასპინძელ ოჯახში იცხოვრებენ.

FLEX – ის პროგრამაში ხარაგაულიდან 2016 წელს ფერიდე ბერაძე, ხოლო 2019 წელს სალომე მაჭავარიანი მონაწილეობდა.

რატომ უნდა მიიღოს ახალგზარდამ FLEX – ის პროგრამაში მონაწილეობა – ამ შეკითხვით პროგრამის ხარაგაულელ მონაწილეებს მივმართეთ:

„FLEX ძირფესვიანად ცვლის ახალგაზრდის ცხოვრებას უკეთესობისაკენ. აძლევს მას მიმართულებას, რა უნდა გააკეთოს მომავალში. ჩემი ცხოვრება FLEX-მა უკეთესობისკენ შეცვალა. ის ახალგზარდებს აძლევს უდიდეს შანსს, გაიცნონ საკუთარი თავი, უკეთ დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები და მიიღონ საუკეთესო გამოცდილება“, – ამბობს ფერიდე ბერაძე.

„ამერიკაში გატარებულმა დრომ სრულიად შემცვალა და შემიცვალა დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. განვვითარდი და დამოუკიდებელი გავხდი. დიდი გამოცდილება შევიძინე ამერიკაში ყოფნის პერიოდში და შანსი რომ მქონდეს, პროგრამაში ისევ ჩავერთვებოდი“, – ამბობს სალომე მაჭავარიანი