
„ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ უფლის გზამ ადამიანების სიყვარული მასწავლა“, – ეს სიტყვები იღუმენ პეტრე კურტანიძეს ეკუთვნის.
მამა პეტრე კურტანიძე, წლებია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში ცხოვრობს. წირავს ბორითში, შროშაში არსენ კაპადოკიელისა და ქედის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებში, საბეში, ხუნევში, სარგვეშის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, უბისაში, კოზმანზე, განთიადის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარსა და ღორეშის მოტყიერის მონასტერში.
გადაწყვეტილება, რომ თავისი გზა ეკლესიისთვის დაეკავშირებინა, ცხოვრების შუა ეტაპზე მიიღო.
40 წლის ასაკში მორიგი ქირურგიული ოპერაციის წინ მოინათლა. სოფელში დაბრუნებული, დედის გარდაცვალების დღეს, მამა მათეს შეხვდა. სწორედ ამ დღეს ჩააბარა აღსარება და გადაწყვიტა, რომ ტაძარში სიარული დაეწყო. მანამდე ერისკაცობის საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო გზა განვლო.
„ახალგაზრდობაში ადამიანი სულიერებაზე ნაკლებად ფიქრობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 16 ქირურგიული ოპერაცია გადავიტანე. 40 წლამდე მოუნათლავი ვიყავი. ამ ტკივილში, გაჭირვებასა და შეცდომებში იყო რაღაც მარცვალი, რომელმაც ამ გზისკენ მიბიძგა“.
დაუდგრომელი ხასიათის გამო სწავლისა და მუშაობის ადგილებს მუდმივად იცვლიდა. თითქოს ამ ნაბიჯებით იმ გზისთვის ემზადებოდა, რომელიც წინ ელოდა. განსაკუთრებით საინტერესოდ კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მუშაობის პერიოდს იხსენებს. ეპიზოდური როლები შეასრულა ფილმებში: „ხარება და გოგია“, „სინემა“. მუშაობდა გიორგი შენგელაიასთან. რეზო ჩხეიძესთან ერთად მონაწილეობდა „დონ კიხოტის“ გადაღებების პროცესში. იცნობდა სერგო ფარაჯანოვს, იპოლიტე ხვიჩიას, ეროსი მანჯგალაძეს, ლეილა აბაშიძეს, სპარტაკ ბაღაშვილს, ლევან თედიაშვილს.
მონასტერში წასვლის გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა. მორჩილის კაბით 2007 წელს შეიმოსა. 40 დღე უბისის მონასტერში ფიქრში გაატარა.
„ბერად აღკვეცა რთულია. ადამიანი ოჯახს, შვილს, შვილიშვილს, მეუღლეს ტოვებს. ჩვენ ეს ერთობლივად გადავწყვიტეთ. ფიქრი იმისა, რომ ისინი უკეთესად იქნებოდნენ, კიდევ უფრო მაძლიერებდა. ბერად აღკვეცა ხელახლა დაბადებაა. ადამიანი „კვდება“ და შემდეგ ახლად იბადება – ეს აღსაქმელად ცოტა რთულია“.
ბერად აღკვეცის შემდეგ მამა პეტრე მოტყიერის მონასტერში წავიდა. ღორეშაში ახალი ტაძრის მშენებლობის დროს სურვილი გაუჩნდა, რომ ეს ეკლესია ბერი პაისის სახელობის ყოფილიყო, რადგან, როგორც თავად ამბობს, ეს წმინდანი მისთვის განსაკუთრებულია.
2010 წელს მამა პეტრემ წმინდა მამა პაისის გამონათქვამებს თავი მოუყარა და წიგნად გამოსცა. დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ საქმეში დაეხმარა. წიგნი ორი ნაწილისაგან შედგება. მეორე ნაწილი თავად მამა პეტრეს ჩანაწერებია, რომლებსაც „სიბერის დროს დანახული სი(ბერე)“ ჰქვია. წიგნში ასევე გამოქვეყნებულია მისივე საინტერესო დაკვირვებები უბისის მოხატულობაზე და მოთხრობა ამ ტაძრის ლეგენდარულ მაშენებელზე.
„მამა პაისი განსაკუთრებით ახლოა ჩემთვის და მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. თუ ადამიანი გულისყურით წაიკითხავს, ყველაფერს ჩაწვდება, რაც წერია. თითქოს მან მიბიძგა, რომ სწორ გზაზე დავმდგარიყავი, შემდეგ ჩემი ჩანაწერებიც გამეკეთებინა“.
მამა პეტრეს ცხოვრებაზე ბევრმა ადამიანმა მოახდინა გავლენა. თუმცა დედა – ვერია კამკამიძე მაინც განსაკუთრებულია.
დედა ჩემი პირველი მესაიდუმლე იყო, ოღონდ – უთქმელი. იცოდა, რასაც ვაკეთებდი, რასაც ვფიქრობდი, ვაშავებდი. მე და მამას ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, ჩემი მკურნალობის დროს სულ ის დამყვებოდა და ოჯახს დედა პატრონობდა. ამის გამო ჩვენ ერთმანეთისგან შორს ვიყავით, მაგრამ უთქმელად გვესმოდა.
ექვსი შვილი ისე აღგვზარდა და ერთმანეთის სიყვარული ისე გვასწავლა, რომ თვითონ ამას იშვითად გამოხატავდა. დღემდე ვერ მომინანიებია, ხშირად რომ არ ვეხუტებოდი. საკუთარ თავს ბევრ რამეს ვერ ვპატიობ“.
მამა პეტრე ახლა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედ ტაძრებში წირავს და იმ წინააღმდეგობების შესახებ საუბრობს, რომელიც დღეს ჩვენს ირგვლივაა:
„მონასტერს ახლა ყველაზე მეტად უჭირს იმ კუთხით, რომ ზოგჯერ – თვეები გადის, სიწყნარეა; თუმცა შემდეგ უცებ ისეთ ჭორს ჩამოაგდებენ, – მეტირება. ბერი მაშინ ტყუის, როცა თავის მართლებას დაიწყებს. ასეთი ჭორები ძალიან მოქმედებს ადამიანებზე. ერისკაცი, რომელიც სულიერად დარწმუნებული არ არის, დაიკარგება, ეკლესიაში აღარ შემოვა. არადა, დღეს ქვეყანას ერისკაცისა და ბერის ერთად დგომა ყველაზე მეტად სჭირდება“.
უიმედობაში ჩავარდნილ ადამიანებს მამა პეტრე ღმერთის რწმენისა და სიყვარულისკენ მოუწოდებს. „უფალს თუ მივენდობით, ყველაფერი კარგად იქნება. ცუდია, როცა ადამიანები უფალს ცხვრით, შეპირებებით ევაჭრებიან. ხალხმა ეს ჩვევა უნდა მოიშოროს. ლოცვით, მარხვითა და ერთმანეთის სიყვარულით გადავრჩებით.
დილით რომ თვალს ვახელთ, პირჯვარი უნდა გადავიწეროთ იმის გამო, რომ გავიღვიძეთ, ჩიტების ჭიკჭიკი გვესმის, შვილს, შვილიშვილს, მეზობელს ხედავ, და ზოგადად, ცოცხალი რომ ვართ. უფლის მინდობა, რწმენა ადამიანებს წინააღმდეგობებს გადაალახვინებს. ადამიანების ბევრი შეცდომა ამპარტავნებიდან მოდის.
ადამიანებს ყველაზე მეტად ერთმანეთის სიყვარული აკლიათ. ყველას ჰგონია, რომ სხვაზე ჭკვიანია და ეს გვღუპავს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ქუჩაში მყოფ მათხოვარზე უკეთესი ვართ. უფლის მინდობა და საკუთარი თავის უარყოფა გამოსავალია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკუთარი თავის შეძულებას არ ნიშნავს. ეს საკუთარი გზის პოვნა, სულიერად ზრდაა.
19 აგვისტოს ფერისცვალებაა, ბუნებაც ფერს იცვლის. ეს დღესასწაული განსაკუთრებულად მიყვარს. უფალმა ფიზიკურად შეიცვალა ფერი, მაგრამ ჩვენ სულიერად უნდა ვიცვალოთ“.
მამა პეტრე ახლა ღორეშაში ცხოვრობს. სამი შვილი და 7 შვილიშვილი ჰყავს. თავის გზას აგრძელებს. ამჟამად ახალი წიგნის გამოცემისთვის ჩანაწერებს აგროვებს და იმედი აქვს, ამ საქმეს უფალი შეაძლებინებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეკლესია-მონასტრებს აშენებს. კოზმანზე ახალ ტაძარს აგებს, რომელიც ღორეშის ტაძრის პროექტის მიხედვით იქმნება.
სპონსორი გამოჩნდა სარგვეშში ახალი ტაძრის მშენებლობისთვის. ხუნევში რამდენიმე მეტრიან კედელში უკვე დაიწყო ორსართულიანი კელიების მშენებლობა. მამა პეტრეს სურს, რომ ჩვენში ბევრი მონასტერი აშენდეს.
„ტაძარი ადამიანის სულის სახლია. მონასტრები არა ლამაზი ხატების, არამედ ადამიანისთვის უნდა იქმნებოდეს, რომ კაცმა იქედან მადლი გამოიტანოს. თუნდაც ერთი ადამიანის მოსვლა ტაძარში უკვე ბევრს ნიშნავს. ოდესღაც ხომ ჩვენი წინამორბედები აშენებდნენ ტაძრებს. ახლა ამ საქმეს მე ვაგრძელებ. იქნებ პატარა ბავშვმა დაინახოს და ჩემს შემდეგ ამ საქმის გაგრძელება მოუნდეს.
იმედია, უფალი ამ გზის ბოლომდე გავლას შემაძლებინებს, შემდეგ კი ჩამიხუტებს. ყველამ იცის, რომ ვინც ერთმანეთს ემდურის, სანამ არ შერიგდებიან, მანამდე არ ვაზიარებ. მადლობელი ვარ უფლის და ჩემი მრევლის. სიყვარული გადაგვარჩენს, ჩავეხუტოთ და ნუ ვაწყენინებთ ერთმანეთს“.
თამარ ჩხიკვაძე
„ამ წუთას მზია ამაღლობელის პროცესზე მნიშვნელოვანი რამ ხდება.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში
საყოველთაო ინტერნეტიზაცია საქართველოში 2015 წელს დაიწყო.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ ონლაინ ტრენინგი ჩაატარა
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის