საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის პროექტი ინერგება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ჯანდაცვის სამინისტრომ, ამ პროექტში ჩასართავად, ხევისა და წყალაფორეთის საექიმო ამბულატორიები შეაირჩია.

ტელემედიცინის საპილოტე პროექტის განსახორციელებლად ევროკავშირმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და გაეროს პროექტების ოფისმა ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვა საქართველოს 60 სოფლის ამბულატორია, მათივე მხარდაჭერით შეიქმნა შესაბამისი ციფრული პლატფორმა და გადამზადდა ამბულატორიის პერსონალი. ამბულატორებს შეუძინეს: ოტოსკოპი, დერმატოსკოპი, ოფთალმოსკოპი, ელექტროკარდიოგრამის აპარატი და ამ აპარატებთან დამაკავშირებელი ციფრული სამედიცინო მოწყობილობები.

დანარჩენ 50 ამბულატორიისთვის შესაბამისი აპარატურა ჯანდაცვის სამინისტრომ შეიძინა.

პროექტ ტელემედიცინის საზოგადოებასთან კომუნიკაციის მენეჯერი თამარ კვარაცხელია ამბობს, რომ პაციენტი, რომელსაც ექიმი-სპეციალისტის კონსულტაცია ესაჭიროება, სოფლის ამბულატორიიდან ოჯახის ექიმის დახმარებით შეათანხმებს ონლაინ ჩართვის დროს. ტელემედიცინის სერვისით სარგებლობა უფასოა.

ტელემედიცინა ნიშნავს საინფორმაციოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სამედიცინო მომსახურების დისტანციურად მიღებას.

ეს მოიცავს:

– სხვადასხვა პროფილის ექიმთან სატელეფონო ან ვიდეო ზარს, რომელიც პაციენტს შეუძლია საკუთარი სახლიდან, ან სოფლის ამბულატორიიდან განახორციელოს;

– წერილობით კომუნიკაციას – მონაცემების გადაგზავნას და პასუხის მიღებას;

– ექიმის მიერ პაციენტის დისტანციურ მონიტორინგს, სამედიცინო მოწყობილობების გამოყენებით.

სოფლის ამბულატორიებიდან შესაძლებელია პაციენტი, ოჯახის ექიმის დახმარებით დისტანციურად გასინჯონ გულის, კანის, თვალისა და ყელ-ყურ-ცხვირის ექიმებმა – კარდიოლოგმა, დერმატოლოგმა, ოფთალმოლოგმა და ოტორინოლარინგოლოგმა.

ეს პროექტი ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა აქვთ.

გარდა ამისა, პაციენტს აღარ მოუწევს სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტი, რაც დაზოგავს დროს, მგზავრობისა და სამედიცინო მომსახურების ხარჯებს. ტელემედიცინა პაციენტის სპეციალისტებთან კომუნიკაციას ამარტივებს, დიაგნოზის  დროულად დასმის შემდეგ მკურნალობაც დროულად დაიწყება.

თამარ კვარაცხელიას ინფორმაციით, ტელემედიცინის პროექტი წარმატებით ხორციელდება იმ სოფლებში, სადაც ამბულატორიის ინფრასტრუქტურა გამართულია და სოფლის ექიმებიც აქტიურები არიან ისევე, როგორც, მაგალითად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტელემედიცინის განხორციელება ფერხდება. ამის მიზეზია ის, რომ ხევში ამბულატორიის მშენებლობა გაჭიანურდა, ხოლო წყალაფორეთში ამბულატორიის შენობაში წყალი ჩამოდის.

წყალაფორეთის ამბულატორიის ექიმი ამირან ხალილულაევი ამბობს, რომ შენობა მოუწესრიგებელია – 2019 წელს გარემონტებულ შენობაში წყალი ჩამოდის, შენობაში შემავალი წყლის სისტემა არასწორად დამონტაჟდა და ამბულატორიას წყალი არ მიეწოდება.

„მაღალ ტექნოლოგიებზე სანამ დავიწყებდეთ ლაპარაკს, ამბულატორიაში ელემენტარული პირობები უნდა იყოს მოწესრიგებული, – ამბობს ამირან ექიმი, – 2019 წელს ჩატარებული რემონტი უკვე გაფუჭდა. ტელემედიცინის პროექტით მიღებულ აპარატურას ვერ ვიყენებ, არც გამიხსნია, რადგან რომ დააწვიმოს, გამიფუჭდება. ერთ პატარა ოთახში მოვათავსე, სადაც წყალი არ ჩამოდის.

„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“, რომელიც სოფლის ამბულატორიების პროგრამას მართავს, წყალაფორეთის ამბულატორიის შენობის რემონტს 2025 წლის ივნისში გეგმავდა. თუმცა, ჯერჯერობით აქ არავინ მოსულა.

ხარაგაულის საავადმყოფოში კანის, თვალის, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმები არ გვყავს. ამიტომ ტელემედიცინა ჩემი პაციენტებისთვის საუკეთესო, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროექტი იქნება“.

ხევის ამბულატორიისთვის განკუთვნილი სპეციალური აპარატურა ამჟამად ამ ამბულატორიის სოფლის ექიმის, ია პაქსაშვილის სახლში ინახება.

„ხევში ამბულატორიის მშენებლობის დასრულებას მშენებელი ორგანიზაცია სექტემბერში გვპირდება, – ამბობს ია პაქსაშვილი, – ტელემედიცინის პროექტისთვის ტრენინგები 2025 წლის 28 და 29 ივნისს გავიარე, როგორც გუნდის ლიდერმა. როგორ უნდა მოვემსახურო პაციენტს, რა კრიტერიუმებით უნდა შევაფასო, როგორ დამეხმარება IT სპეციალისტი, რომელმაც ინტერნეტისა და კომპიუტერის გამართულობა უნდა უზრუნველყოს.

ტრენინგზე სასარგებლო ინფორმაცია კონკრეტული მაგალითების განხილვით მივიღე. იმედი მაქვს, 2025 წლის სექტემბერიდან ტელემედიცინა, პაციენტების საჭიროებაზე მორგებული ეს პროექტი – ხევის ამბულატორიაში აუცილებლად დაინერგება“.

კონკრეტულად რომელ თვეში დაიწყება წყალაფორეთის ამბულატორიის რემონტი, – ამის გასარკვევად „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ დავუკავშირდით. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა თამარ ჯავახაძემ გვიპასუხა, რომ წყალაფორეთის ამბულატორიის შენობა 2025 წლის სარეაბილიტაციო ამბულატორიების ნუსხაში ჩასმულია. თუმცა, ვერ დაგვიკონკრეტა, სარემონტო სამუშაოები რომელ თვეში დაიწყება.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

ოჯახის ექიმებს სახელმწიფოსგან მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ