

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა მუშაობის ცხრა თვის ანგარიში წარმოადგინა. შეხვედრას, რომელიც გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი, გამგეობის სამსახურების, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
გამგებელმა საუბარი საჯარო მოხელეთა ატესტაციით დაიწყო. მან აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის თანამშრომლები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან და ისინი მზად უნდა იყვნენ კონკურსისათვის.
გამგებელმა ისაუბრა ხარაგაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მისი თქმით, მშენებლობის ასეთი ტემპი ხარაგაულში არასოდეს ყოფილა. მან ხაზგასმით აღნიშნა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი მზარდი შემოსავლების შესახებ და შპს „საქართველოს რკინიგზისგან“ მისაღებ ქონების გადასახადზე, რაც, გამგებლის თქმით, წინა წლებში ბიუჯეტის მინიმუმს შეადგენდა. „სოციალურ პროგრამებზე 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული გვქონდა ბიუჯეტის ხუთ პროცენტზე მეტი, – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა, – მიუხედავად ამისა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ბიუჯეტში ცვლილების შეტანა დაგვჭირდა. წლის ბოლომდე ალბათ კიდევ დაგვჭირდება ამ მიმართულებით ბიუჯეტში ცვლილება. მომავალი წლისათვის შეიძლება ზოგიერთმა სოციალურმა პროგრამამ ცვლილება განიცადოს, რათა ზუსტად მოერგოს დასახმარებელი ბენეფიციარების მოთხოვნებს.“
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა შეხვედრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ „ხარაგაული, იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, თითქმის ყველა სფეროში, ავლენს ერთი საფეხურით მაღალი მომზადების დონეს.“ მან ისაუბრა თვითმმართველობაში მიმდინარე რეორგანიზაციაზე და აღნიშნა, რომ ეს პროცესი კანონის შესაბამისად მიმდინარეობს და არავის დასჯას არ ისახავს მიზნად.
„საქართველოში ამოქმედდა თვითმმართველობის ახალი კანონი და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია დემოკრატიის განვითარებისათვის. გამგებლის თანამდებობა გახდა არჩევითი და ეს მეტი განვითარების საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს, – აღნიშნა ზაზა მეფარიშვილმა, – იმერეთის რეგიონში შექმნილია საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და გამგებლები. საბჭო იმსჯელებს იმ პროექტებზე, რომლებიც რეგიონში განხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით.
გუბერნატორმა ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირების რანგირებასა და მოახლოებულ ატესტაციაზე. მისი თქმით, არჩევნების გზით გამარჯვებული გამგებელი ნიშნავს 12 თანამდებობის პირს. პირველ ნოემბერს დამტკიცდება მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურებში საშტატო ნუსხა. თავდაპირველი ფორმულირებით, 30 საშტატო ერთეულს უნდა დამატებოდა დეპუტატების რაოდენობის შესაბამისი ოდენობის საშტატო ერთეული და პლუს ხუთას ამომრჩეველზე ერთი თანამშრომელი. ეს ფორმულირება შეიცვალა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 45 000 ამომრჩეველზე ნაკლებია. ნაცვლად 500 ამომრჩეველზე ერთი საჯარო მოსამსახურისა, იქნება 450 ამომრჩეველზე ერთი საჯარო მოსამსახურე, ხოლო დეპუტატების რაოდენობის კოეფიციენტია 3.2. ეს ცვლილება განაპირობა იმან, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მძიმე სოციალური ფონია და ამ ფორმულით მეტი ადამიანის დასაქმება მოხდება. მიუხედავად ამისა, ოპტიმიზაცია აუცილებლად ჩატარდება.
ოპტიმიზაცია მომავალში აუცილებლად შეეხება ა(ა)იპებსაც. 2015 წლის იანვრიდან ადმინისტრაციაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შიდა ხარჯების 25 %-ს. გუბერნატორის თქმით, აუცილებელია ახალგაზრდები დასაქმდნენ მუნიციპალიტეტის მმართველ რგოლში.
ამის შემდეგ გუბერნატორმა ხარაგაულის გამგეობის საფინანსო-საბიუტეტო სამსახურის უფროსთან ვლადიმერ გელაშვილთან ერთად დეტალურად განიხილა მიმდინარე წლის ცხრა თვის საბიუჯეტო მაჩვენებლები. ასევე ისაუბრეს იმ მთავარ პრიორიტეტებზე, რომლებიც გათვალისწინებული იქნება 2015 წლის ბიუჯეტში. ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, სოციალურ პროგრამებზე მომავალი წლის ბიუჯეტში ერთ მილიონ ლარს გაითვალისწინებენ.
შეხვედრაზე გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა მალხაზ ფხალაძემ ისაუბრა 2014 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა მაქათუბნის ხიდის მშენებლობაზე, რაც არასწორი პროექტირების გამო გართულდა და გახანგრძლივდა. გუბერნატორის თქმით, გამგეობის საფინანსო-სამსახურმა თავის ფუნქციებთან ერთად უნდა შეითავსოს წარმოდგენილი პროექტების პირველადი მონიტორინგის ფუნქცია, რათა აღარ მოხდეს მსგავსი ფაქტი და მუნიციპალიტეტმა არ შეიძინოს არასწორი პროექტი. ზაზა მეფარიშვილმა აღნიშნა, რომ მაქათუბნის პროექტს მიღებისას არ ახლდა საექსპერტო დასკვნა.
მანვე ყურადღება გაამახვილა სოფლის განვითარების პროგრამის პროექტებზე და აღნიშნა, რომ ის გზები, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში დაიხრეშა, დღეს უკვე სავალალო მდგომარეობაშია. ჯობია გზა გაკეთდეს ხარისხიანად და ზედმეტი დანახარჯით, ვიდრე უხარისხოდ და იაფად. მართალია სოფელი ირჩევს პრიორიტეტს, მაგრამ აუცილებელია ადმინისტრაცია დაეხმაროს სოფელს პრიორიტეტის სწორად შერჩევაში.
შეხვედრის ბოლოს გუბერნატორმა ისაუბრა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოპტიმიზაციაზე. მისი თქმით, ეს სამსახური უნდა აღიჭურვოს სხვადასხვა საჭირო ინვენტარით. „შეიძლება სახანძრო-სამაშველო სამსახური ისევ დარჩეს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში და ის ხარჯები, რაც საჭიროა ამ სამსახურის ფუნქციონირებისათვის, გათვალისწინებული უნდა იყოს მომავალი წლის ბიუჯეტში, – აღნიშნა ზაზა მეფარიშვილმა, – ამ სამსახურში კონკურსის ჩატარებისას უნდა შემოწმდეს დასასაქმებელის ფიზიკური მომზადების დონეც.“
თამთა გოგოლაძე
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის