მორიგი საბიუჯეტო ცვლილება, რომელიც დეპუტატებმა 15 ოქტომბერს საკრებულოს რიგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს, 13 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომას ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მათ დეტალურად განმარტეს თანხების მოთხოვნის საჭიროებები. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის თქმით, ა(ა)იპ-ებს მოთხოვნილი ჰქონდათ 400 ათას ლარზე მეტი წლის ბოლომდე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე, განაწილდება 250 ათასი ლარი, რომ მხოლოდ ოქტომბერში ყველა ა(ა)იპ-ი დაკმაყოფილდეს.

„სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ 44 ათასი ლარი მოითხოვა. ვაძლევთ 10 ათას ლარს ახალგახსნილ ბაღებში დასაქმებულთა ხელფასებისა და აღსაზრდელთა კვებისთვის, – აღნიშნა ვლადიმერ გელაშვილმა კომისიის სხდომაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს საბავშვო ბაღების გათბობისთვის შეშის ღუმელების ალტერნატიულ საშუალებაზე. ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაცით, გამგეობაში მსჯელობენ ამ საკითხზე და დაითვლიან, რა დაჯდება სისტემის დამონტაჟება. „ყველამ იცოდეთ, რომ დაფინანსების კუთხით თუ რაიმე პრობლემა შეიქმნება, ყველა სხვა ხარჯი გაჩერდება, გარდა საბავშვო ბაღების დაფინანსებისა. ეს არის პრიორიტეტი,“ – აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა.

„მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში საქართველოში კარგად ცნობილი მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილი ახორციელებს ახალ პროგრამას „ქალაქი რეგიონებისთვის“. მას ოქტომბერში ამ პროექტისთვის 2 ათას ლარს გამოვუყოფთ,“ – განმარტა ვლადიმერ გელაშვილმა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა მაია ბლუაშვილმა აღნიშნა, რომ მაია დათუნაშვილი ატარებს ხელოვნების გაკვეთილებს როგორც დაბა ხარაგაულში, ასევე ზვარეში. მისივე თქმით, პროექტის ღირებულებაში შედის გზის თანხა და ხელფასი.

საკრებულოს წევრები რომან შერგელაშვილი, ქეთევან ზუმბაძე და კობა გოგსაძე არ დაეთანხმნენ თანხის გამოყოფას აღნიშნული პროექტისთვის. რომან შერგელაშვილის თქმით, ის არ იცნობს პროექტს. ქეთევან ზუმბაძის განმარტებით კი მისთვის ბუნდოვანია პროექტის შედეგი. კობა გოგსაძემ აღნიშნა, რომ ამ პროექტს მაია დათუნაშვილი სამუსიკო სკოლაში ახორციელებდა. „საინტერესოა, რა მწვერვალები დავიპყარით იმ ოთხ თვეში,“ – იკითხა დეპუტატმა.

ბორის პანსიონში ხელფასების გაზრდისა და კომუნალური ხარჯებისთვის 5 ათასი ლარის გამოყოფას კომისიის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ბორის საჯარო სკოლის დირექტორის ჰამლეტ ბერაძის განმარტებით, ეს თახა საკმარისია პანსიონის 28 თანამშრომლის ხელფასებისთვის წლის ბოლომდე. მისივე თქმით, თანამშრომელთა ხელფასების ათი პროცენტით მატება წლის დასაწყისშივე დაგეგმეს ბიუჯეტში, თუმცა მათი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა.

დეპუტატმა ომარ გაგოშიძემ ამ ცვლილებას მხარი დაუჭირა, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი სახის სიურპრიზებს მომავალში აღარ დაეთანხმება. ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, შარშან ბიუჯეტის დაგეგმვისას მოთხოვნილი თანხის მხოლოდ 70% დაუკმაყოფილეს ორგანიზაციებს. „მაშინაც ვერ მივეცით საკმარისი თანხა და ვერც ახლა ვაძლევთ საკმარისს, – აღნიშნა მან, – ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ იგივე მდგომარეობაში ვიქნებით წელსაც. მოთხოვნილება ბევრია, დაფინანსების შესაძლებლობა ნაკლები.“

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კიცხის საჯარო სკოლისთვის სამი ათასი ლარის გამოყოფას ელექტროგაყვანილობის, კიბის უჯრედისა და საკვამურების მოსაწესრიგებლად. სკოლის დირექტორის, თამარ წიწილაშვილის განმარტებით, დაფინანსების მხრივ კიცხის საჯარო სკოლას შეექმნა პრობლემები. მისივე თქმით, უპირველესია სკოლაში ბავშვის უსაფრთხოება და ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეაწუხა ადგილობრივი ხელისუფლება.

ცხარე დებატები და დისკუსია გაიმართა კომისიებისა და საკრებულოს სხდომებზე საფეხბურთო კლუბისთვის „ჩხერიმელა 2009“ ხუთი ათასი ლარის გამოყოფის საკითხზე.

ვარლამ თავზარაშვილი, დეპუტატი: -ეს არის ძალიან პერსპექტიული საქმე და მადლობა ვუთხარი წინა ხელისუფლებას ამ გუნდის შექმნისთვის. ხარაგაულში სპორტის ეს სახეობა შეიძლება წინ წავიდეს. დღეს ძალიან კრიზისული მდგომარეობაა. აგვისტოში დაიწყო გუნდმა მუშაობა. სამი თვეა ფეხბურთის გუნდის არც ერთ თანამშრომელს არ აუღია ხელფასი. იყო დიდი მოლოდინი ფედერაციიდან გუნდის ასი ათასი ლარით დაფინანსების, მაგრამ ეს თანხა განახევრდა და 50 ათას ლარს მივიღებთ უახლოეს დღეებში. გუნდმა რომ იარსებოს, 120 ათასი ლარი სჭირდება დეკემბრის ბოლომდე. ჩვენ თამამად უნდა ვთქვათ, გვინდა ეს გუნდი თუ არა. კლუბის დირექტორმა ზურაბ გიორგიძემ თავისი პირადი ფული 6 ათასი ლარი დახარჯა უკვე. მე სახელფასო სესხი ავიღე და გზის და ბინის ქირას თანხას ვუხდი ფეხბურთელებს. იანვრამდე უნდა მივიყვანოთ როგორმე გუნდი. ახლა არ ვიცით, 5 ათასი ლარი ვის მივცეთ – პურის მომწოდებელს თუ გაზის მომწოდებელს. 2 200 ლარი თბილისის მაღაზიიდან ბურთების შეძენის თანხაა გადასახდელი. გპირდებით, რომ ეს იქნება უკანასკნელი მოთხოვნა და ამ წელიწადში დაგვჭირდება 40 ათასი ლარი. მომავალი წლიდან ბიუჯეტს გუნდის თანადაფინანსება მოუწევს მხოლოდ კომუნალური ხარჯებისთვის.

ვარლამ თავზარაშვილის ინფორმაციით, გუნდში ამჟამად თამაშობს ათი ხარაგაულელი ფეხბურთელი.

დეპუტატ ქეთევან ზუმბაძის თქმით, ყველაფერი უნდა დაიგეგმოს წლის დასაწყისში და შედგეს შესყიდვების გეგმა.

ვარლამ თავზარაშვილის თქმით, „ფეხბურთის შემთხვევაში რთულია დაგეგმვა, რადგან არ ვიცი წლის დასაწყისში რომელ ფეხბურთელს მოვიყვან და რა რაოდენობის ხელფასს მოითხოვს, რამდენი წრე და რამდენი ტური მექნება, რამდენი დაგვჭირდება პრემია.“

დეპუტატებმა თემურ კალანდაძემ და ვარლამ ჭიპაშვილმა განაცხადეს, რომ სირცხვილი იქნება შექმნილი გუნდის გაუქმება. ომარ გაგოშიძესთვის კი გუნდის დაფინანსების საქმეში რაღაცები ბუნდოვანია და ვერ დაასაბუთებს თავის ამომრჩეველთან, რატომ დაუჭირა მხარი საფეხბურთო გუნდისთვის დამატებითი თანხის გამოყოფას.

კომისიისა და საკრებულოს სხდომებზე აღინიშნა, რომ აუცილებელია ხელი შევუწყოთ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას, რაც სამომავლოდ უფრო მეტად პერსპექტიულია.

მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დაფინანსება 5 ათასი ლარით გაიზარდა. ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის განმარტებით, ეს თანხა საკმარისია წლის ბოლომდე ხელფასების მოსაწესრიგებლად. მისივე ინფორმაციით, მათ დაემატათ ორი ახალი თანამშრომელი. სხვადასხვა პროგრამების განსახორციელებლად კი თანხა აუცილებლად დასჭირდებათ. რომან შერგელაშვილი დაინტერესდა, რა საქმის განსახორციელებლად დასჭირდათ ორი ახალი თანამშრომელი. „ამ ორი თანამშრომლიდან ერთი დამლაგებელია, რომელსაც დღემდე თანხას ჩვენი ხელფასიდან ვუხდიდით, – აღნიშნა მამუკა ჭიპაშვილმა. მეორე ახალი თანამშრომელი დეპუტატია.

ქეთევან ზუმბაძის თქმით, ყველამ კარგად ვიცით, რისთვის სჭირდებათ ეს თანხა ორგანიზაციებს. „მიაღებინეთ ხალხი სამსახურებში და ახლა იძულებულები ვართ, მივცეთ მათ თანხა.“

ცენტრალურ ბიბლიოთეკას წლის ბოლომდე მოთხოვნილი 7 500 ლარის ნაცვლად 1 500 ლარი გამოუყვეს. ბიბლიოთეკის დირექტორის, ნიკოლოზ მაჭავარიანის განმარტებით, თანხა ესაჭიროებათ ხელფასებისთვის და სარემონტო სამუშაოებისთვის. მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ის დააყენებს საბესა და მარელისში სასოფლო ბიბლიოთეკების აღდგენის საკითხს.

ლიტერატურულმა თეატრმა 1000 ლარი მიიღო ახალდანიშნული ყარაულის ხელფასისთვის. „რემონტი ჩავატარეთ და ტრანსპორტირების ხარჯიდან გადავიტანეთ თანხა. 5 ათასი ლარი გვჭირდება წლის ბოლომდე და მერე ნოემბერში მოვითხოვთ კიდევ,“ – აღნიშნა ლიტერატურული თეატრის ბუღალტერმა აკაკი ლურსმანაშვილმა.

კულტურის ცენტრი მოთხოვნილი 12 ათასი ლარის ნაცვლად 3 ათასი ლარით დაფინანსდა. ცენტრის დირექტორმა ვასილ კიკნაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს თანხა საკმარისია. მისივე თქმით, აუცილებელია ერთი თანამშრომლის, მომღერლის აყვანა გუნდში. წლის ბოლომდე კი მოითხოვენ, რომ შეუვსონ ნოემბრიდან გადმოტანილი სუბსიდია, რაც ბულგარეთში ფოლკლორული ანსამბლის გამგზავრებისთვის უკვე გაიხარჯა.

ა(ა)იპ „კეთილმოწყობას“ 8 ათასი, ხოლო „ხარაგაულდასუფთავებას“ – 7 ათასი ლარით გაეზარდათ დაფინანსება. „როგორც ყველა შემთხვევაში, აქაც მხოლოდ ამ ერთი თვის ხარჯით შემოვიფარგლეთ“, – აღნიშნა ვლადიმერ გელაშვილმა. ა(ა)იპ „კეთილმოწყობის“ დირექტორის, მიხეილ ჭიპაშვილის ინფორმაციით, 3 ათასი ლარია საჭირო ბორითში გარე განათების აღსადგენად, 1 100 ლარი – საწვავის ხარჯისთვის, 600 ლარი დაბა ხარაგაულში ოთხი ფანტანის აღსადგენად, 1 000 ლარი პარკში საქანელებისა და სკამების აღსადგენი 2 მ3 ხის მასალის შესაძენად, 2 ათასი ლარი ვარძიის საბავშვო ბაღისთვის წყლის მილებისა და წყლის ცისტერნის შესაძენად.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრმა, სარგვეშის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ლურსმანაშვილმა სხდომის დასასრულს აღნიშნა, რომ მას გულწრფელად ახარებს რაიონის წარმატებები, მაგრამ პერიფერიებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. „სამი თვეა ვითხოვ სარგვეშის საჯარო სკოლისა და სოფლისთვის წყალმომარაგების მოწესრიგებას. გაკეთდა სათავე ნაგებობა და ახლა შვიდი კილომეტრიდან არის წყალი გამოსაყვანი. წარმოდგენილია ხარჯთაღრიცხვა 10 ათას ლარზე. დღეს ველოდი, რომ ამ საკითხზე რამე საიმედოს მეტყოდით. ბოთლებით დააქვთ მოსწავლეებს სკოლაში წყალი,“ – აღნიშნა დეპუტატმა.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის თქმით, ყველანაირად ეცდებიან და დაეხმარებიან მომავალში სოფელ სარგვეშს ამ პრობლემის მოგვარებაში.

ნინო კაპანაძე