დღეს, 4 აგვისტოს, ხარაგაულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში პაატა კვიჟინაძე პარტიის მხარდამჭერებსა და საჯარო მოხელეებს შეხვდა.

შეხვედრის შესახებ გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ ინფორმირებული არ იყო. თუმცა, შეხვედრაზე მაინც მივედით.

კინოთეატრის დარბაზში, 13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე, 70-მდე საჯარო მოხელე შეიკრიბა, – მერის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, სკოლის დირექტორები, ააიპ-ების თანამშრომლები და სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები.

ჩვენს შეკითხვაზე, თუ რატომ არ გვაცნობეს კანდიდატთან შეხვედრის შესახებ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა გვიპასუხა, რომ პარტიულ აქტივთან გაცნობითი შეხვედრა იყო და არა ფართო საზოგადოებასთან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ, რომელიც ამავდროულად „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და საარჩევნო შტაბის უფროსია, შეხვედრის შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ამ „დახურული“ შეხვედრის შესახებ კომენტარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო ანალიტიკოსს, მარიამ ლაცაბიძეს ვთხოვეთ. მან განმარტა, რომ პარტიული აქტივის შეხვედრაში საჯარო მოხელეებს, სსიპ-ებისა და ააიპ-ების თანამშრომლებს სამუშაო საათებში მონაწილეობა ეკრძალებათ.

– საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, მათ ეკრძალებათ როგორც აგიტაცია, ასევე აგიტაციაში მონაწილეობა. ასეთ შემთხვევაში გამოდის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, – ამბობს მარიამ ლაცაბიძე, – იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო აგიტაცია ჯერ არ დაწყებულა და კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიებმა ეს წესი კამპანიის დაწყებამდე არ უნდა დაიცვან. არაეთიკური ქმედებაა წინასაარჩევნოდ იმ ადამიანების მობილიზება, რომლებსაც აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ.

P.S. მკითხველებს ბოდიშს გიხდით კინოთეატრის დარბაზში „პარტიზანულად“ გადაღებული ფოტოს ხარისხის გამო.