ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებები დასაშვები გახდა. როდის განაახლებსმუშაობას ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი და რომელი სპექტაკლებით დაუბრუნდება მაყურებელს, – ამის გასარკვევად თეატრის რეჟისორსა და მსახიობს იზა ვეფხვაძეს დავუკავშირდით.

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი მუშაობის განახლებისთვის ნებართვას ჯანდაცვის სამინისტროსგან ელოდება. ამ ცენტრის შემადგენლობაში შემავალი ლიტერატურული თეატრი, უკვე ხუთი თვეა, დისტანციურად მუშაობს.

„პოეტ ტარიელ ხირხალაურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ლიტერატურულ სპექტაკლზე მუშაობა პანდემიამდე დავიწყე, – ამბობს იზა ვეფხვაძე, – პანდემიის დროს სპექტაკლზე მუშაობა დავასრულე. უახლოეს მომავალში პოეტს ხარაგაულში მოვიწვევთ და სპექტაკლის პრემიერას ღია ცის ქვეშ გავმართავთ. პრემიერის შემდეგ სპექტაკლის ჩვენება რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის პოეტის მშობლიურ თიანეთში გაიმართება.

ლიტერატურული თეატრის რეპერტუარში 60-მდე სპექტაკლია. ვფიქრობთ, ზოგიერთი მათგანი გავაცოცხლოთ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წარვადგინოთ.

უკვე გადაწყდა, რომ წელს სამხატვრო პლენერი „გამა“ 29-30 აგვისტოს, სოფელ სამებაში ბახვა სამხარაძის კარ-მიდამოში გაიმართება. პლენერში ჩაერთვება 25-მდე მხატვარი, რომლებიც ხარაგაულის სოფლების პეიჟაზებს შექმნიან.

პლენერზე შექმნილი ნამუშევრები ჩვენს თეატრს საჩუქრად გადმოეცემა. სამხატვრო პლენერი „გამას“ ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართულნი ბახვა სამხარაძე, მამა პეტრე (კურტანიძე) მრევლთან ერთად და ჩემი მეგობარი ისრაელიდან პაატა იოსებაშვილი“.

უკვე მესამე წელია, ლიტერატურული თეატრის კიდევ ერთი პროექტი, ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ აღარ იმართება. ამის მიზეზად იზა ვეფხვაძე არასაკმარის დაფინანსებას ასახელებს.

„ოდეონი“ მასშტაბური პროექტია. მასში 30-40-მდე შემოქმედი ადამიანი მონაწილეობს. თუ პლენერ „გამაში“ მონაწილე მხატვრებს მასპინძელ ოჯახებში ვანაწილებთ და მათი იქ ყოფნის ხარჯებს მთლიანად მასპინძელი ოჯახები სწევენ, „ოდეონის“ შემთხვევაში ეს შეუძლებელია.

ლიტერატურული კონკურსის მონაწილეებმა ერთ სივრცეში უნდა იმუშაონ. მათ ჟიური აკვირდება, მათი ნამუშევრები ჩვენს თვალწინ იქმნება. ამიტომ მათი მომსახურების ხარჯები მთლიანად ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს.

„ოდეონის“ მონაწილეებს ყველა საჭირო აქსესუარი თუ ნივთი ჩვენ უნდა დავახვედროთ. ეს არის პროექტი, რომელსაც დაფინანსება სჭირდება. შესრულების თვალსაზრისით, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. იმისათვის, რომ „ოდეონი“ განახლდეს, ადგილობრივმა ბიუჯეტმა მინიმუმ 10 ათასი ლარი უნდა გაიღოს.

ხარაგაულში ააიპ-ების რეორგანიზაციამდე ლიტერატურული თეატრი დამოუკიდებელი იყო. თეატრს ჰყავდა სპონსორები, რომლებიც პროექტებს აფინანსებდნენ. თეატრი რომ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაერთიანდა, სპონსორებს დახმარების სურვილი და ინტერესი დაეკარგათ.

სპონსორს რომ ეუბნები, – თეატრი დამოუკიდებელი აღარ არის და არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, სპონსორი ინტერესს კარგავს, ააიპ-თან მიერთებულ თეატრს თანხა გადმოურიცხოს. რეორგანიზაციამ თეატრი სერიოზულად დააზარალა.

თუ ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტი „ოდეონის“ ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს, ეს ძალიან კარგი იქნება“, – ამბობს იზა ვეფხვაძე.

თამთა გოგოლაძე

ფოტო გადაღებულია არნოლდ გეგეჭკორისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ საღამოზე, რომელიც ორი წლის წინ ხარაგაულში, კოზმანის მთაზე გაიმართა.