პირველ ივლისს კოზმანის მთაზე, პროექტის „ჩემი საქართველო აქ არის“ ფარგლებში რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა გამართა სპექტაკლი „ეს არის საქართველო“. სპექტაკლი მიეძღვნა არნოლდ გეგეჭკორს – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, მოგზაურს.

არნოლდ გეგეჭკორი პირველი ქართველი მეცნიერია, რომელმაც დედამიწის ხუთ კონტინეტზე იმოგზაურა, პლანეტის ყველა ბუნებრივი ზონა მოიარა, საკუთარი თვალით ნანახი და განცდილი ბუნების საოცრებანი მხატვრული ოსტატობით აღბეჭდა ფოტოებზე, შექმნა უამრავი სამეცნიერო ნაშრომი და 50-მდე წიგნი, რომლებიც ბუნებისმეტყველების, პოეზიისა და მხატვრობის შესანიშნავი სინთეზია.

არნოლდ გეგეჭკორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა თეატრის რეჟისორმა და მსახიობმა იზა ვეფხვაძემ. მან ლიტერატურული სპექტაკლის სახით კიდევ უფრო თვალნათელი გახადა არნოლდ გეგეჭკორის მოღვაწეობა. ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები და ველურ ბუნებაში მოგზაურობისას გადახდენილი თავგადასავლები მსმენელს თვალწინ წარმოუდგინა და დაანახა.

სპექტაკლს თავად არნოლდ გეგეჭკორი ესწრებოდა, მეუღლესთან ერთად. მან უღრმესი მადლობა გადაუხადა ქალბატონ იზას მისი საქმიანობის საინტერესოდ და მრავალფეროვნად წარმოჩენისათვის და მოკლედ ისაუბრა თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

სპექტაკლს ხარაგაულელ მაყურებელთან ერთად ესწრებოდნენ თბილისიდან ჩამოსული სტუმრები, ხელოვნების სხვადასხვა დარგების წარმომადგენლები, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ღონისძიების ბოლოს ქართული ხალხური სიმღერები შესრულდა.

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი