საკრებულოს 6 ოქტომბრის სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესში ცვლილებების შეტანამ. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, ამ თემაზე კომისიის სხდომა არ ჩატარებულა, თუმცა კომისიის წევრებს ჰქონდათ სამუშაო შეხვედრა. „ზეპირი განცხადებების საფუძველზე შემიძლია განვაცხადო, რომ  კომისიის შემადგენლობიდან უმრავლესობამ აღნიშნულ პროექტს მხარი არ დაუჭირა. ისინი არ ეთანხმებიან არათანაბარ მიდგომებს, ხარჯების ანაზღაურების კლასიფიკაციას. ჩემი აზრით, სანამ არ იქნება რეალური პროექტი წარმოდგენილი, უმჯობესია, ანაზღაურების ძველი წესი დარჩეს ძალაში.“

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის განმარტებით, სექტემბერში იყო გარკვეული შეფერხებები საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებით. მან დეპუტატებს გააცნო საკრებულოს არათანამდებობის პირებისთვის ხარჯების ანაზღაურების წესის განმარტება და წარმოადგინა პროექტი აღნიშნული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

პროექტის მიხედვით საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულების, ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საკრებულოს წევრის სხვა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა უნდა განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან ადმინისტრაციულ ერთეულამდე დაშორების გათვალისწინებით. საკრებულოს წევრების კლასიფიცირება, ადმინისტრაციული ცენტრიდან სამოქმედო ტერიტორიის მანძილის მიხედვით, მოხდა სამ ჯგუფად.

პირველი ჯგუფი – დაბა ხარაგაული, ბაზალეთი, ფარცხნალი, საღანძილე – ამ ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი დეპუტატების ხარჯების ანაზღაურება უნდა განისაზღვროს 280 ლარით.

მეორე კატეგორიაში შევლენ – სარგვეშის, ღორეშის, ლეღვანის, მოლითის, ვახანის, კიცხის, ხიდარის, ვარძიისა და წყალაფორეთის ტერიტორიული ერთეულების დეპუტატები და მათი ხარჯების ანაზღაურება განისაზღვრება 350 ლარით.

მესამე კატეგორიაში შევლენ ბორითის, ხუნევის, ხევის, ნადაბურის, წიფისა და ზვარეს ტერიტორიული ერთეულის დეპუტატები და მათ მიეცემათ 400 ლარი დეპუტატის საქმიანობის ხარჯების ასანაზრაურებლად.

„არ შეიძლება ტრანსპორტირების ხარჯები ყველა სოფლიდან იყოს ერთნაირი, ეს თანხა არ დაიბეგრება და ამას აიღებს დეპუტატი ხელზე. ამ თანხაში შედის საკომუნიკაციო ხარჯების თანხა და ასევე სხვა თანხები,“ – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

საკრებულოს წევრ რომან შერგელაშვილის თქმით, „კარგი იქნებოდა ამ პროექტში ცალსახად ჩანდეს, რომ დეპუტატს ეს თანხა აუნაზღაურდება ყოველგვარი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე.“ მისივე თქმით, ეს კანონი თავის დროზე მიღებული იყო ვენეციის კონვენციის მიხედვით და აპრიორად ითვლებოდა, რომ საკრებულოს ყველა წევრი უნდა ყოფილიყო დასაქმებული სხვა სამსახურში, მაგრამ ეს სინამდვილეში ასე არაა.

საკრებულოს წევრმა ჯამბულ გამცემლიძემ აღნიშნა, რომ „უხერხულია საკრებულოს დეპუტატები დაიყონ კლასიფიკაციის მიხედვით, ასევე მიუღებელია ასეთი ფორმულირება „საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულების …“

ინგა მაღრაძის თქმით, „საკრებულოს თავმჯდომარეს ირჩევენ საკრებულოს წევრები და ის წარმართავს საკრებულოს მუშაობას, უწევს კოორდინაციას და ა.შ. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი დეპუტატებისთვის ასეთი ფორმულირება – საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულება. თუმცა, ეს თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ.“

მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა ლურსმანაშვილის თქმით, „ეს რეგულაციები, რაზეც დღეს მსჯელობს საკრებულო, შესაძლებელია შეიცვალოს ცენტრალური ხელისუფლებისგან. თუ არ დაწესდა რაიმე რეგულაციები, შეგვიძლია განვიხილოთ დეპუტატების ხარჯების ანაზღაურების ზრდის თემაც. ამ ეტაპზე ეს ფორმატი სრულიად მისაღებია. სხვა შემთხვევაში, – თუკი გადაწყვეტთ, რომ ხარჯები არ იყოს დიფერენცირებული, მაშინ დარჩება ხარჯების ანაზღაურების აპრობირებული წესი ანუ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე თანხის გაცემა.“

დეპუტატ ვარლამ თავზარაშვილის თქმით, „უხერხულია ამდენი საუბარი საკუთარ ანაზღაურებაზე. ძალიან გთხოვთ დავამტკიცოთ.“

საკრებულოს წევრმა გელა გოლუბიანმა აღნიშნა, რომ გარკვეული კანონები გადმოღებულია ევროპიდან და ჩვენს რეალობას არ ერგება. „ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული საკრებულო და შეგვიძლია ხმა მივაწვდინოთ პარლამენტს გარკვეულ ხარვეზებზე კანონში. შეუძლებელია საკრებულოში დაუსაქმებელმა დეპუტატებმა აქ იარონ ანაზღაურების გარეშე და ჩვენ ავიღოთ ანაზღაურება 1200 ლარი. ეს სირცხვილი და მიუღებელია. თვითმმრთველობის კანონში რაღაც ცვლილებები აუცილებლად არის შესატანი და ჩვენ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. თუმცა ჩემთვის მისაღებია ამ ეტაპზე წარმოდგენილი პროექტი.“

ბევრი მსჯელობისა და განხილვის შედეგად დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ შეეტანათ ცვლილება აღნიშნულ პროექტში. კერძოდ, პირველ კატეგორიაში შემავალი ტერიტორიული ერთეულების დეპუტატების ანაზღაურება განისაზღვრა 300 ლარის ოდენობით. სარგვეშისა და ღორეშის ტერიტორიული ერთეულები გადაიტანეს მესამე კატეგორიაში და პროექტში მითითებული ფორმულირება – „საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულების და ა.შ.“ ამოიღეს.

საბოლოოდ, დეპუტატების ხარჯების ანაზღაურება კატეგორიის მიხედვით შემდეგნაირად განისაზღვრა: პირველ კატეგორიის ადმინისტრაციული ერთეულების დეპუტატებს აუნაზღაურდებათ 300 ლარი, მეორე კატეგორიის ტერიტორიული ერთეულების დეპუტატებს – 350 ლარი, ხოლო მესამე კატეგორიისას – 400 ლარი.

თამთა გოგოლაძე