საკრებულოს 6 ოქტომბრის სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ხარაგაულში საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნას. საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის განმარტებით, ამ კომისიას უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი. მას დაევალა კომისიის წევრებისა და მოადგილის შერჩევა.

მანამდე, საკრებულოს ბიუროს 15 სექტემბრის სხდომაზე, დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ ინგა მაღრაძის დანიშვნას იმ არგუმენტით, რომ საჯარო მოხელეთა უმრავლესობა უნდა დასაქმდეს მუნიციპალიტეტის გამგეობაში. „გამგებელმა თავად უნდა შეარჩიოს კადრები,“ – აღნიშნეს ბიუროს წევრებმა სხდომაზე.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის განცხადებით, შეიქმნება საპრეტენზიო კომისია, რომელშიც დაკომპლექტდება საკრებულოს წევრი თანამდებობის პირებით.

საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილის თქმით, – საჯარო მოხელეების უმეტესობა რომ გამგეობაში უნდა დაინიშნოს, ეს არ წარმოადგენს უპირობო საფუძველს საიმისოდ, რომ საკონკურსო კომისიას თავად გამგებელმა უხელმძღვანელოს.

დეპუტატმა გოგი ლაცაბიძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ კანონით აუცილებელია ამ კომისიაში მოიწვიონ სპეციალისტები – ფსიქოლოგები, ეკონომისტები და ა.შ.

დეპუტატ ჯამბულ გამცემლიძის აზრით, იმისთვის, რომ კომისიის საქმიანობა იყოს გამჭირვალე და ობიექტური, მის შემადგენლობაში უნდა იყვნენ საკრებულოს წევრები.

გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს წევრებს გააცნო კომისიის სამუშაო გეგმა და აღნიშნა, რომ კომისია დაკომპლექტდება ხუთი წევრით: კომისიის თავმჯდომარე, საჯარო მოხელეთა პროფკავშირების წარმომადგენელი, დამოუკიდებელი ექსპერტი და კომისიის ორი წევრი. კომისიის ერთი წევრი იქნეა საკრებულოდან, ერთი კი – სხვა რომელიმე უწყებიდან.

თორნიკე ავალიშვილმა იკითხა, ხომ არ იქნება პრობლემა, რომ კომისიის წევრების რაოდენობა გაიზარდოს და მასში იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

კობა ლურსმანაშვილის განმარტებით, შეიქმნება საპრეტენზიო კომისია; გარდა ამისა, გადაწყვეტილება, რომელიც არ დააკმაყოფილებს კონკურსანტს, შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში. მისივე განცხადებით, „კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. აქედან ორი ეტაპი გაიმართება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დაკვეთით, თუმცა მისგან დამოუკიდებლად.  პირველი ეტაპი იქნება განაცხადის შეტანა დასაქმების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე, მეორე ეტაპი – ტესტირება, სავარაუდოდ ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ. სავარაუდოდ იქნება 60 შეკითხვა და აქედან კონკურსანტმა, ბარიერის დასაძლევად, 37-ს მაინც უნდა გასცეს სწორი პასუხი. კონკურსანტი ტესტირების შედეგებს გაიგებს ჩაბარებისთანავე.

კონკურსი ჩატარდება გამჭირვალედ, ობიექტურად და თანაბრობის პრინციპის განსაკუთრებული დაცვით.“

ინგა მაღრაძის განმარტებით კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები წარმოდგენილი იქნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ და მას განიხილავს საკრებულო.

თამთა გოგოლაძე