

რა მდგომარეობაშია ჯანდაცვა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, – ამ თემაზე სასაუბროდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიით ექიმ დეპუტატებს – აზა ფურცელაძეს, ბესო ფოცხვერაშვილს, თორნიკე ავალიშვილსა და ქეთევან ზუმბაძეს მივმართეთ.
ოთხივე დეპუტატი ხარაგაულში ჯანდაცვის ნომერ პირველ პრობლემად ნორმალური საავადმყოფოს არარსებობას ასახელებს. კაპიტალურად გასარემონტებელია ან ახლადასაგებია შენობა, მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, საჭიროა თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვა და ასევე პრობლემაა კადრები.
„საავადმყოფოს მშენებლობა აუცილებელი და გარდაუვალია, – ამბობს შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი – ხარაგაულის“ დირექტორის მოადგილე, საკრებულოს წევრი აზა ფურცელაძე, – ხარაგაულის მოსახლეობისათვის თუნდაც ხუთ თუ ათსაწოლიანი საავადმყოფო დიდი შეღავათი იქნება, ვიდრე ასეთი დანგრეული და ამორტიზებული საავადმყოფო.
შენობა და კადრები, – აი, ეს არის ჩვენი პრობლემა… კადრი არ გვყავს, თორემ შენობას კიდევ ეშველება რამე… ზოგჯერ ავადმყოფს ურჩევნია, აქ მოვიდეს, მინიმალური პირობა რომ გვქონდეს, მაგრამ კადრი არ არის. აუცილებლად გვჭირდება მეორე პედიატრი, მეორე გინეკოლოგი, მეორე ქირურგი. ზაური ჭუმბურიძე შევიკალით ხელში დღე და ღამე. ერთს არ იტყვის – არ გამოვალ, დავიღალეო.
რეანიმატოლოგი, ანესთეზიოლოგი საერთოდ არ გვყავს. როგორ შეიძლება, – ერთი გინეკოლოგი გვყავს და მშობიარე მივიღოთ. ეს ძალიან დიდი რისკია. მშობიარეს რომ სისხლდენა დაეწყოს, საოპერაციოს ვერ გაშლი. უდიდესია პასუხისმგებლობა, როცა შენთან მოდის ორი ჯანმრთელი – დედა და ბავშვი. ორსულმაც იცის, რომ მხოლოდ ერთი გინეკოლოგია, მასაც ეშინია და ვერ მოდის. ვერც დააძალებ.
პაციენტს გამოკვლევა თანამედროვე მეთოდებით აინტერესებს. ბორითში ექოსკოპისტი ჩამოდის კვირაში ერთხელ, მაგრამ ავადმყოფს თუ გადაუდებელი დახმარება სჭირდება, კვირაში ექოსკოპისტის ერთხელ მოსვლა არ არის საკმარისი.
ძალიან კარგი ლაბორანტები გვყავს, მაგრამ თუ სამუშაო პირობები და რეაქტივი არ ექნათ, ისე ანალიზს ვერ გააკეთებენ. ახლა გვპირდებიან, რომ ბიოქიმიური გამოკვლევები იწარმოებს ჩვენთან და პაციენტი ამისთვისაც მოგვაკითხავს ალბათ.
რადგან ხარაგაულის საავადმყოფოში ყველა სახის სამედიცინო მომსახურების გაწევა არ შეგვიძლია, ამიტომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების მქონე პაციენტებს არ ვარეგისტრირებთ ხარაგაულის საავადმყოფოში და ვურჩევთ მიმართონ იმ კლინიკებს, სადაც მათთვის საჭირო სერვისს მიიღებენ. კლინიკაში დაურეგისტრირებელმა პაციენტმა თანხა უნდა გადაიხადოს.
სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ 12 თუ 15 ათასი დაზღვეული ჰყავდა გასულ წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში და შეიძლებოდა, რომ ხარაგაულში „ირაოს“ ერთი საავადმყოფო აეშენებია, მაგრამ არ იბრძოლა, არ მოინდომა, არ იაქტიურა ამისთვის მაშინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ამიტომ „ირაოსგან“ დაზღვეული ყველა პაციენტი გაედინა ზესტაფონში. ძირულას ხეობისა და კიცხის ზონის მაცხოვრებლები ზესტაფონის კლინიკებს მიმართავენ სამედიცინო მომსახურებისთვის. თანაც მათთვის ზესტაფონისკენ ტრანსპორტირებაც მოსახერხებელია.
ასე დარჩა ხარაგაული სამედიცინო დაწესებულებისა და სპეციალისტების გარეშე.
მე ძალიან ოპტიმისტი ვარ. გვეუბნებიან, რომ აშენდება საავადმყოფო. საავადმყოფო თუ აშენდა და სპეციალისტებიც დასაქმდნენ, პაციენტიც მოვა. მხოლოდ სპეციალისტებს შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა ჰქონდეთ. ხარაგაულის საავადმყოფო რომ „ადითის“ დაქვემდებარებაში იყო, ექოსკოპისტი მოვიყვანეთ და ას ლარს უნაზღაურებდა „ადითი“ ხელფასის სახით. თბილისიდან ას ლარად არ წამოვა ექიმი და ვერ იქირავებს ხარაგაულში ბინას.
ბევრ პაციენტს უთქვამს ჩემთვის, აზა ექიმო, რა მინდა ზესტაფონში, ხარაგაულში მოსვლა არ მირჩევნია, ზესტაფონში იმხელა რიგში ვიცდიდი, გონი დამეკარგა რიგშიო?!…
„ხარაგაულელი პაციენტების ზესტაფონისა და ხაშურის საავადმყოფოებში გადინება გამოწვეულია ხარაგაულის საავადმყოფოში ვიწრო სპეციალისტების არყოფნით, – ამბობს მოლითის საექიმო ამბულატორიის ექიმი, დეპუტატი ბესო ფოცხვერაშვილი, – პაციენტი, თუ მისთვის საჭირო მანიპულაციას ვერ მიიღებს, ბუნებრივია, არ მივა ხარაგაულის საავადმყოფოში. აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტში გაკეთდეს თანამედროვე ტიპის, კარგად აღჭურვილი საავადმყოფო. ეს შეამცირებს პაციენტების სხვა მუნიციპალიტეტებში მიგრაციას.
ხარაგაულის საავადმყოფოში დარჩენილი ექიმები თავს არ იზოგავენ. თუმცა არ გვყავს, მაგალითად, ენდოკრინოლოგი. დაავადება კი პრობლემურია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის.“
„ამდენი დაპირება საავადმყოფოსთან დაკავშირებით აღარ არის საჭირო, – ამბობს დეპუტატი ქეთევან ზუმბაძე, – ჯობია, რომ ვიღაცა ჩაუდგეს სათავეში, გულთან მიიტანოს ჩვენი გასაჭირი და აშენდეს საავადმყოფო. ხელი უნდა შევუწყოთ, რომ კიდევ ერთხელ გადამზადდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ ჩვენმა ექიმებმა. თუ გაქვს აპარატურა, თუ გყავს კვალიფიციური ექიმი, კარგი შენობა, – მზად ხარ პაციენტის მისაღებად.“
„პირველ რიგში დაბა ხარაგაულში ასაშენებელია საავადმყოფო. სოფელ ბორითში მდებარე სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების სამსახური კი უნდა გადაკეთდეს სტაციონარად. ეს აუცილებელია ჩვენი მუნიციპალიტეტის რელიეფიდან გამომდინარე, – ამბობს საკრებულოს ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე, ექიმი თორნიკე ავალიშვილი, – ორივე სტაციონარში სხვა განყოფილებებთან ერთად, აუცილებელია არსებობდეს რეანიმაციული განყოფილება, რომლებიც აღიჭურვება თანამედროვე აპარატურით. ასევე აუცილებელია ადგილობრივი ექიმების გადამზადება სპეციალობების მიხედვით, რათა მუდმივად ჩართულები და გარკვეულები იყვნენ მედიცინის სიახლეებში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საჭიროა ინფექციული განყოფილების არსებობა. თუ ეს საავადმყოფოები გაკეთდება, ამას ადგილობრივი კადრები ვერ დააკმაყოფილებს და საჭირო გახდება კვალიფიციური ექიმების მოწვევა.
აზა ფურცელაძისა და ბესო ფოცხვერაშვილის ინფორმაციით, ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურება სოფლებში გაუმჯობესდა. თითქმის ყველა სოფელში ჰყავთ ექიმი. ზოგიერთ სოფელში კეთილმოწყობილი საექიმო ამბულატორიაა. წიფაში ახალი ამბულატორია აშენდა და აპარატურითაც აღიჭურვა.
მძიმე მდგომარეობაა ვახანში, რადგან საექიმო ამბულატორია არ არის. ექიმს პაციენტების მისაღებად გამოყოფილი აქვს ადმინისტრაციული შენობის ერთი ოთახი, რაც, აზა ფურცელაძის თქმით, არადამაკმაყოფილებელია სამედიცინო მომსახურებისათვის. აუცილებლად უნდა იყოს ბავშვთა მისაღები ოთახი, სადაც ბავშვთა აცრები ჩატარდება.
სოფლის ამბულატორიების ექიმთა პრობლემაა, რომ თავად იხდიან ელენერგიის გადასახადს და თვითონ იძენენ ზამთრის სათბობსა და საკანცელარიო ნივთებს.
„სახელმწიფოს დაფინანსებაზე რაც გადავედით, მივიღეთ ექიმის ჩანთა წნევის აპარატით, პირველი გადაუდებელი დახმარების მედიკამენტებითა და შესახვევი მასალით. რომ გაიხარჯება, ჩვენ უნდა შევავსოთ. მართალია, ბევრი არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც მისასალმებელია. დანარჩენს მერე ნელნელა ჩვენ შევიძენთ, – ამბობს აზა ფურცელაძე, – მაინც რაღაც პროგრესია, ოდნავ გაგვიუმჯობესდა მდგომარეობა.
სოფლის ამბულატორიის ექიმებს ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა ნოუთბუქები და პრინტერები. თუმცა პრობლემაა სოფლებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. ამის გამო ლეღვნის ამბულატორიის ექიმი აზა ფურცელაძე იძულებულია ინტერნეტით ხარაგაულში ყოფნისას ისარგებლოს, ხოლო ბესო ფოცხვერაშვილს ყოველდღიურად 7-8 ლარი უჯდება ინტერნეტით სარგებლობა. ინტერნეტზე წვდომის აუცილებლობა გაზარდა წამლის რეცეპტით გაცემის აღდგენამ.
სოფლის რამდენიმე ამბულატორიაში ადგილობრივი ექიმია. იმ ამბულატორიებში, სადაც ოჯახის ექიმი შორი მანძილიდან მიდის, ექიმს ტრანსპორტირება უჭირს, ხოლო მოსახლეობა ვერ ღებულობს სრულყოფილ ყოველდღიურ სამედიცინო მომსახურებას.
„პირადად მე ჩემი მანქანით დავდივარ. ბენზინი ხომ უნდა, ამას არავინ კითხულობს, – ამბობს აზა ფურცელაძე, – ადრე 4-5 რეისი დადიოდა სოფლებში. ტრანსპორტი რომ იყოს, კვირაში ერთხელ კი არა, ოთხჯერაც ავალ ლეღვანში. ზესტაფონიდან დადის ვახანის ექიმი ირმა ფორჩხიძე, ძალიან წვალობს. დილის ექვს საათზე უნდა წამოყვეს მატარებელს. ვახანიდან დაბრუნებაც პრობლემაა. კარგი იქნება, თუ მუნიციპალიტეტი ხელს შეუწყობს სოფლებში ტრანსპორტირების საკითხის მოგვარებას.“
„ხელფასის ნახევარს ექიმები ხარჯავენ ტრანსპორტირებაში,“ – აზა ფურცელაძეს ეთანხმება ბესო ფოცხვერაშვილი.
„სოფლის ყველა ამბულატორია ყოველდღიურად უნდა მუშაობდეს. თუ ამბულატორიები, საავადმყოფო და სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების სამსახური კოორდინირებულად იმუშავებენ, გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტში სამედიცინო მომსახურება,“ – ამბობს თორნიკე ავალიშვილი.
ბესო ფოცხვერაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტს შეუძლია სოფლის ამბულატორიებზე დახმარება ეზოს შემოსაღობად და წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად. მისი თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შესაძლებელია, რომ შემოიღობოს ამბულატორიის ეზო. „დაახლოებით რვა თვეა, ყოველ მესამე დღეს 300 ლიტრ წყალს ვეზიდები ავტომანქანით ამბულატორიაში, – ამბობს ბესო ექიმი, – სოფლის ამბულატორიები მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის და ამიტომ ელექტროენერგიის ღირებულებისა და ზამთრის სათბობით მომარაგებაში ადგილობრივი ხელისუფლება ვერ დაგვეხმარება, მაგრამ წყლის პრობლემის მოგვარებასა და ეზო შემოღობვაში დახმარება შესაძლებელია.“
ექიმ აზა ფურცელაძის აზრით კარგი იქნება, თუ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ადგილობრივ სამსახურებში აღდგება ოპერატორების მომსახურება. „სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების სამსახური მუშაობს ოპერატიულად, თუმცა ზოგჯერ პაციენტი ფიქრობს, რომ აგვიანდება სასწრაფოს. პაციენტი უკავშირდება 112-ს. დრო იკარგება 112-დან სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის ინფორმაციის გადმოცემაში. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ გამოძახება ცენტრალიზებული გამხდარიყო. არის შემთხვევები, როცა ორივე ბრიგადა გასულია ავადმყოფთან. ადრე, როცა სასწრაფო დახმარების სამსახურში ოპერატორად ვმუშაობდი, პაციენტს ბრიგადის მისვლამდე ტელეფონით ვუწევდი კონსულტაციას და დახმარებას. 112-ის ოპერატორი ტელეფონით კი არ ეხმარება პაციენტს, პირიქით, ჩვენ გვიშლიან ხელს მუშაობაში და გეტყვით, რაში გამოიხატება ეს. ზოგჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმი ამბობს, რომ ავადმყოფი გადასაყვანია ზესტაფონში და ხარაგაულის საავადმყოფო ვერ გაუწევს სამედიცინო დახმარებას, საამისო პირობების არქონის გამო. სწორედ აქ იქმნება დიდი წინააღმდეგობა ხარაგაულის საავადმყოფოსა და 112-ს შორის. ერთხელ მირეკავენ, რომ მოჰყავთ პაციენტი მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობით. ვეუბნები, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ. გვყავს მხოლოდ ერთი ქურურგი. არ გვყავს ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგი. როგორ შეიძლება მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობით პაციენტი მიიღოს ხარაგაულის საავადმყოფომ?!
-არა, მოვაო, შემოიყვანენ მანდ, ხელი მოუწერეთ, რომ არ ღებულობთ და მერე გადაიყვანენო.
ამასობაში ხომ დრო იკარგება?
-არ არის მაგ ჩვენი პრობლემაო.
ვინ იცის, რამდენჯერ გვქონია ასეთი შემთხვევა. კანონი ავადმყოფის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული.
გასულ წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში ბავშვთა ღრმა სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობდა. ამ პროექტის გაგრძელება, აზა ფურცელაძისა და ბესო ფოცხვერაშვილის თქმით, კადრებთან არის დაკავშირებული. „ძალიან ძნელია სოფლებში გასვლა თითო სპეციალისტით, რადგან, ფაქტობრივად, იმ დღეს დაიკეტება საავადმყოფო, რაც დაუშვებელია. ადრეულ წლებში ლოლა გურგენიძე რომ სკოლებში ბავშვების სამედიცინო შემოწმებისთვის მოდიოდა, მერი გოგიჩაძე და ნანა ბერაძე რჩებოდნენ საავადმყოფოში. ახლა პედიატრი ნანი არევაძე რომ სკოლებში ბავშვების შესამოწმებლად წავიდეს და საავადმყოფოში დაავადებული ბავშვი შემოიყვანონ, ვერ დახვდება პედიატრი,“ – ამბობს აზა ფურცელაძე და ბავშვთა ღრმა სამედიცინო შემოწმებაში სოფლის ამბულატორიის ექიმების ჩართვის უპირატესობაზე საუბრობს. „სოფლის ამბულატორიის ექიმმა თავად უნდა შეისწავლოს სოფლის სკოლების მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხშირად მოავადე და დამატებით გამოსაკვლევი ბავშვების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მშობელს.“
მოსწავლეთა ღრმა სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებით აზა ფურცელაძის აზრს იზიარებს ბესო ფოცხვერაშვილი. „გასულ წლებში ამ პროექტში მეც ვიყავი ჩართული, – ამბობს ბესო ექიმი, – მართალია, ჩვენმა ბრიგადამ რამდენიმე შემთხვევაში ბავშვს დაუდგინა დაავადება, რომლის შესახებაც არ იცოდა მშობელმა, მაგრამ ეს გამოწვეულია მშობლის უყურადღებობით და იმით, რომ ზოგიერთ მშობელს შვილი არ მიჰყავს ექიმთან და ზოგჯერ შემოიფარგლებიან თვითმკურნალობით. ვფიქრობ, უმჯობესია, მუნიციპალიტეტმა გამოყოს გარკვეული თანხა სოფლის ამბულატორიის ექიმებისთვის საიმისოდ, რომ ნახევარ საათში კი არა, ვთქვათ ერთი კვირის განმავლობაში შემოწმდეს თითო კლასი. ვფიქრობ, უმჯობესია, უბნის ექიმებმა გადაიბარონ ეს საქმე.“
სოფლის ამბულატორიის ექიმები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში კარგად მიმდინარეობს პროფილაქტიკური აცრები და ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მაქსიმალურადაა მობილიზებული საამისოდ.
ქეთევან ზუმბაძის აზრით უნდა გაიზარდოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მედიკამენტების შესაძენი და ოპერაციების დასაფინანსებელი თანხა. ბესო ფოცხვერაშვილი კი ამბობს, რომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაუფინანსდეთ გარკვეული დაავადებების მკურნალობა. „ექიმის დასკვნის საფუძველზე, ვფიქრობ, უმჯობესია დავეხმაროთ დიაბეტით, გულსისხლძარღვთა, ბრონქიალური ასთმით, ენდოკრინოლოგიური და რევმატოლოგიური დაავადებებით მოავადე ქრონიკულ ავადმყოფებს, – ამბობს ბესო ფოცხვერაშვილი. მისივე თქმით, ხელშეწყობა სჭირდება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს. ისინი არაჩვეულებრივად ემსახურებიან მოსახლეობას. აქვთ დაბალი ანაზღაურება და მუშაობენ მოძველებული ავტომანქანებით. ზაფხულში დამსვენებლების ჩამოსვლის გამო გამოძახებათა რიცხვი იზრდება და ნამდვილად არ იქნება ურიგო ორის ნაცვლად სამი ბრიგადა თუ იმუშავებს.“
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ბრიგადების გაზრდის საჭიროებაზე ასევე საუბრობს თორნიკე ავალიშვილი: „სასურველია, ორი ბრიგადა მორიგეობდეს დაბა ხარაგაულში, ორი კი – ბორითის სამედიცინო ცენტრში. მოსაგვარებელია ოპერატორების საკითხიც. მოქალაქეებისგან არაერთხელ მსმენია, რომ 112-ში დარეკვისას უამრავ პრობლემას აწყდებიან. გამოძახებას ადგილზე მყოფი ოპერატორი უნდა იღებდეს. თორნიკე ავალიშვილი ასევე საუბრობს მედპერსონალის ანაზღაურების გაზრდის აუცილებლობაზე.
ქეთევან ზუმბაძის თქმით, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს მდგომარეობა შეუმსუბუქდებათ, სოფლებში აფთიაქები რომ ფუნქციონირებდეს. ექთნები მხოლოდ ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღებს ემსახურება. ქეთევან ზუმბაძის აზრით, სკოლის მოსწავლეების ღრმა სამედიცინო შემოწმება საჭირო და აუცილებელია და ამ პროექტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ჩართვაც იქნება მნიშვნელოვანი.
ლაურა გოგოლაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,