ნარჩენებისგან ბუნების დაცვის ვალდებულება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაშია გაწერილი.

წელს მუნიციპალიტეტებს ნარჩენების დახარისხება უნდა დაეწყოთ. ნარჩენების შემკრებ ურნებში ცალ-ცალკე უნდა განთავსებულიყო საყოფაცხოვრებო ნარჩენი, პლასტმასი, მინა და ა. შ. ეს ვალდებულება ვერ შესრულდა.

 

რომ არა კორონავირუსი?!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე ამბობს, რომ ნარჩენების დასახარისხებლად მუნიციპალიტეტისთვის ურნები მყარი ნარჩენების კომპანიას უნდა შეეძინა.

თუმცა, პანდემიის გამო, ამ კომპანიას დაფინანსება შეუმცირდა და ურნების შეძენა მომავალი წლისთვის გადაიდო.

 

უცნობია, რა ოდენობის ნარჩენი გროვდება ხარაგაულში

ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში – დაბა ხარაგაულსა და 78 სოფლიდან 40 სოფელში – 423 კონტეინერია განთავსებული. მუნიციპალიტეტში ნარჩენების შეგროვება და თერჯოლის ნაგავსაყრელზე მისი ტრანსპორტირება ააიპ „ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ ვალდებულებაა. ამ ორგანიზაციის ბუღალტერი ვიტალი იჩქიტიძე ამბობს, რომ ისინი არ აღრიცხავენ, თუ რა ოდენობის ნარჩენი გადის მუნიციპალიტეტიდან. ცნობილია მხოლოდ, რომ ნარჩენების რაოდენობა ივლის-აგვისტოში, იანვარ-თებერვალთან შედარებით, იზრდება.

ნარჩენების მართვის გეგმის თანახმად კი, მუნიციპალიტეტს უნდა შეეგროვებინა მონაცემები წარმოქმნილი ნარჩენების, მათ შორის სახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების მიხედვით.

 

მოსახლეობა დასუფთავების მოსაკრებელს არ იხდის

ამ დრომდე ვერ ხერხდება მოსახლეობიდან გარემოს დასუფთავებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ამოღება. ამის მიზეზი მოსახლეობის დაბალი ცნობიერება და მძიმე სოციალური მდგომარეობაა. ფიზიკური პირებისათვის ერთ სულზე 0.5 ლარია დაწესებული. ბანკში გადახდისას ამ თანხს ერთი ლარი ემატება. იურიდიული პირები – ერთ კბმ ნარჩენებზე 15 ლარს იხდიან; რესტორნები და კაფეები – 25 ლარს.

„მოსახლეობიდან გარემოს დასუფთავების მოსაკრებელს თითქმის არავინ იხდის, – ამბობს ჯაბა ბერაძე, – ამ პრობლემის მოსაგვარებლად სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ვფიქრობდით, რომ ეს მოსაკრებელი მოქალაქეებს ელექტროენერგიის გადასახადთან ერთად გადაეხადათ, თუმცა ენერგოკომპანიასთან ვერ შევთანხმდით“.

ხარაგაულის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, მაისის ჩათვლით ადგილობრივ ბიუჯეტში დასუფთავების მოსაკრებლის სახით 20 160 ლარი შევიდა, წლიური გეგმა 40 ათასი ლარია. დასუფთავების მოსაკრებელს, ძირითადად, ინდმეწარმეები და გზის მშენებელი კომპანიები იხდიან.

 

შანსი, რომელიც ხარაგაულმა ვერ გამოიყენა

ორგანიზაციამ „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ 2013 წელს ხარაგაულში ნარჩენების დახარისხება დაიწყო. პირველად საქართველოში პოლიეთილენის ბოთლებისა და ცელოფნისთვის 26 ცალი ურნა განთავსდა. შეგროვებული ნარჩენები ჰიდრავლიკური პრესით მუშავდებოდა და იყიდებოდა.

ორგანიზაციის თავმჯდომარე ხათუნა მანჯავიძე ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წელიწადნახევარში 5 ტონა პოლიეთილენის ბოთლი და ცელოფნის პარკი შეგროვდა.

საგრანტო პერიოდის დასრულების შემდეგ პროექტის მართვა თვითმმართველობას უნდა გაეგრძელებინა. დასუფთავების სამსახურს წელიწადში 5 ათასი ლარი პოლიეთილენის ბოთლებისა და პარკების შეგროვების, დაპრესვისა და რეალიზაციისთვის დაემატა.

2015 წელს ხათუნა მანჯავიძემ ხარაგაულის გამგეობას მიმართა, რომ გრანტით შეძენილი პრესი მუნიციპალიტეტის ბალანსზე აეყვანათ. ეს საკითხი ამ დრომდე მოგვარებული არ არის.

ამჟამად გაძარცვულია პრესი, რომლითაც ასევე შეიძლებოდა მუყაოს დაპრესვა. სოფლებში განთავსებული კონტეინერები კი გადავსებულია.

„ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ დაპრესილი პლასტმასის ბოთლებითა და ცელოფნის პარკებით მიღებული შემოსავალი დაპრესვაზე დახარჯული ელექტროენერგიისა და საწვავისა თანხას ვერ დაფარავს.

– ასეთი მიდგომა არასწორია, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – ყველაფერი გამზადებული იყო და ჩემი გამოცდილებით ესარგებლათ. სამწუხაროა, რომ ხარაგაულის თვითმმართველობას ამ პროექტის მართვის უნარი და სურვილი არ აღმოაჩნდა.

 

რად გვინდა კარგი კანონი, თუ ვერ აღვასრულეთ

– ნარჩენების მართვის კუთხით მრავალუცნობიანი განატოლებაა ამოსახსნელი, – ამბობს ექსპერტი გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხებში ხათუნა გოგალაძე, – ვიღებთ კანონებს და კანონქვემდებარე აქტებს, დროში გავწერთ და შემდეგ მათი აღსრულების გადავადებას ვითხოვთ. ნარჩენების მართვა არის პროცესი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან, ფინანსურ რესურსებთან ერთად, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სჭირდება.

ნარჩენების დახარისხების მთავარი მიზანია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს რეციკლირებას – ნარჩენების გადამამუშავებელი ობიექტების შექმნას.

სახიფათო ნარჩენების მწარმოებლებისა და იმპორტიორებისთვის ახალი ვალდებულებები მაისიდან უნდა შესულიყო ძალაში და სექტემბრამდე გადავადდა. მათ სექტებრიდან უნდა შეაგროვონ და გადაამუშაონ – მუყაოსა და პლასტმასის ყუთები; ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები; მანქანების საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ბატარეები; ტელევიზორები, მაცივრები და სხვა ისეთი დანადგარები, რომლებიც ელექტროენერგიით მუშაობენ. ამ სახიფათო ნარჩენების გარემოში მოხვედრა ყველაზე მეტად მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

მუნიციპალიტეტებმა რომ ნარჩენების დახარისხება დაიწყონ, რა აზრი ექნება, თუ ეს ნარჩენები მაინც ერთიან ნაგავსაყრელზე უნდა მოხვდეს?! როგორ დაიწყებს მწარმოებელი ან იმპორტიორი სახიფათო ნარჩენების შეგროვება-გადამუშავებას, თუ ამისთვის შესაბამისი რესურსები არ ექნება?!

კანონის ძირითადი პრინციპები ევროპულ კანონმდებლობასთან კავშირშია, მაგრამ რად გვინდა კარგი კანონი, თუ ვერ აღვასრულეთ. სახელმწიფოსგან აღებული ვალდებულებების თანმიმდევრული შესრულება, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ბიზნესის პასუხისმგებლობის გაზრდა ეკოლოგიურ პრობლემებს შეამსუბუქებს.

„მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“ ივლისიდან მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს იწყებს. ამ ორგანიზაციის თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ გეგმაში კორექტირება უნდა შესულიყო, თუ რომელი ვალდებულება ვერ სრულდება და რატომ.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით 2020 წელი იყო ბოლო ვადა, როცა მუნიციპალიტეტებს ნარჩენების დახარისხება უნდა დაეწყოთ. კორონავირუსის პანდემიამ ხელი ბევრ რამეს შეუშალა. ეს ვალდებულება მუნიციპალიტეტების ფინანსური და ტექნიკური რესურსების არარსებობის გამო გადავადდა.

ნინო კაპანაძე