დღეს, 22 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ლიტერატურულ-ისტორიული კომპოზიცია – „ბურჯი ეროვნებისა“ გაიმართა.

მოსწავლეებმა მუზეუმის დარბაზში გააცოცხლეს საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნის ისტორია და ამ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილე პირების ფასდაუდებელი ღვაწლი.

ღონისძების იდეისა და სცენარის ავტორი მუზეუმის თანამშრომელი ეკა შველიძეა. მისი იდეის განხორციელებაში ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი დალი ლურსმანაშვილი ჩაერთო.

ახალგაზრდებმა შეგვახსენეს რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მძიმე გზა, რომელსაც სათავეში ერის მამად წოდებული ილია ჭავჭავაძე თავის თანამოაზრებთან ერთად ჩაუდგა.

XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ქართველ მამულიშვილთა უპირველესი საზრუნავი სამშობლოს მორღვეული საძირკვლის გამთლიანება-გამაგრება და თითქმის თავიდან აშენება იყო. ერის დედაბოძის, – მშობლიური ენის დაცვა იქცა მოწინავე ქართული, არც თუ ისე მრავალრიცხოვანი, საზოგადოების ბრძოლის ქვაკუთხედად.

საქართველოსთვის მძიმე უღელად და უსამართლობად იქცა 1801 წლის მანიფესტი. ამ აქტით ცარიზმმა განახორციელა საქართველოს რუსეთთან თვითნებური მიერთება., რითაც თვითონვე დაარღვია 1783 წლის რუსეთ-საქართველოს ურთიერთხელშეკრულება, მოსპო მისი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და განახორციელა სრული ანექსია. ეს საქართველოს ისტორიაში დიდი უბედურება იყო.

ცარიზმის კოლონიარული პოლიტიკა საქართველოში ითვალისწინებდა ქართველი ხალხის თანდათან გაქრობას. ცარიზმმა ქართული ეროვნული სახელმწიფობრივი აპარატის მოშლისა და რუსული მმართველობის დამკვიდრების კვალდაკვალ ქართულ ეკლესიასაც შეუტია.

სასულიერო სასწავლებლებში სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა და ქართველი მრევლი, გლეხობა, ძირითადადმ წერა-კითხცვის უცოდინარი იყო.

ყველაფერი იდეით დაიწყო – ქალაქ გორში, ქართველი ლიტერატორის, საზოგადო მოღვაწის, იოსებ მამაცაშვილის ოჯახში სალონურ საღამოებზე დაიბადა საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ორგანიზაციის შექმნის იდეა, რომელიც 1879 წლის 15 მაისს ჩამოყალიბდა.

ამ საზოგადოების პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს დიმიტრი ყიფიანი, მის მოადგილედ – ილია ჭავჭავაძე, წევრებად – ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, რაფიელ ერისთავი.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება 1879-1927 წლებში ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, ხსნიდა სკოლებს, სამკითხველოებს, გამოსცემდა წიგნებს.

საქართველოს ქალაქებში იმართებოდა საქველმოქმედო საღამოები და შემოსული თანხა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდში ირიცხებოდა. ცნობილმა მეცენატმა ძმებმა ზუბალაშვილებმა და მეწარმე დავით სარაჯიშვილმა ამ საზოგადოების ანგარიშზე დიდძალი თანხა შეიტანეს. თბილისის საადგილმამულო ბანკმა 11 ათასი მანეთი ჩარიცხა, ასევე თანხა გაიღო ქუთაისის ბანკმა.

ხარაგაულში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა ტრიფონ თაბუკაშვილმა ითავა. მან 1917 წლის 19 ივნისს ხარაგაულში კრება მოიწვია და ამ საზოგადოების განყოფილება დააარსა.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა იყო განათლების ეროვნული სისტემის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი საქმე. 1927 წელს კომუნისტურმა რეჟიმმა საქართველოში ეს საზოგადოება გააუქმა, მისი ათწლეულობით ნაგროვები ქონება კი მიისაკუთრა.

„დღევანდელი ღონისძიება ემსახურებოდა ახალგაზრდების პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას, იმის გააზრებას, თუ რანი ვიყავით, რა ფესვებზე ვართ და საით მივდივართ“, – აღნიშნა ღონისძიების ბოლოს ეკა შველიძემ.

„ახალგაზრდებმა შეგვახსენეს, თუ როგორ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები მეცხრამეტე საუკუნეში, დიდი ილიას თაოსნობით, რუსეთის წინააღმდეგ, რომ შეგვენარჩუნებინა ჩვენი ენა, მამული, სარწმუნოება, ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ, იღწვოდნენ იმისთვის, თუ როგორ მიეღო ხალხს განათლება, რომ შემდეგ ადვილად გაერჩია მტერ-მოყვარე“, – აღნიშნა დალი ლურსმანაშვილმა.

ისტორიულ-ლიტერატურულ კომპოზიციაში მონაწილეობდნენ – გიორგი ლურსმანაშვილი (ილია ჭავჭავაძის როლში), მათე იჩქიტიძე (აკაკი წერეთლის როლში), რატი დევდარიანი (დიმიტრი ყიფიანის როლში), აკაკი ფურცელაძე (იაკობ გოგებაშვილი), აკაკი გუმბერიძე (რაფიელ ერისთავი), ნიკა ხუტაშვილი (ნიკო ცხვედაძე), ნიკოლოზ ფცქიალაძე (ალექსანდრე სარაჯიშვილი), საბა კოვზირიძე (ივანე მაჩაბელი); მთხრობელები: ლიზი კურტანიძე, მაგდა მიქაბერიძე, ქეთი მაჭავარიანი და დავით თაბაგარი.

ღონისძიება შეაფასეს ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა, რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ, სამუზეუმო მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო დიდიძემ, მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით კიკნაძემ, პარლამენტარის ბიუროს ხელმძღვანელმა ნანა ცხვედაძემ, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა კვინიკაძემ და ამავე სკოლის პედაგოგმა ქეთევან ჩაჩანიძემ, მშობელმა ზურაბ იჩქიტიძემ.