ხარაგაულის მუნიციპალიტეტი „სოკარისგან“ 1 100 ლიტრი დიზელის საწვავს შეიძენს.

ამ საწვავს მერია ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობის ხარაგაულში, ზესტაფონსა და ხაშურში მიკროავტობუსებით გადაადგილებისთვის ყიდულობს.

მიკროავტობუსებით მგზავრობას ადგილობრივი ხელისუფლება წიფის, ზვარეს, მოლითისა და ვახანის მოსახლეობას „მასტერაოს“ სანაცვლოდ სთავაზობს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭყოიძე ამბობს, რომ ხელშეკრულება ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და „სოკარს“ შორის დღეს, 6 ივლისს, გაფორმდება. საწვავის ტალონებს სოფლებში მერის წარმომადგენლებს მიკროავტობუსების მძღოლებს გადასცემენ.

მიკროავტობუსებით მომსახურება, სავარაუდოდ, ამ კვირაში დაიწყება.

„საქართველოს რკინიგზაში“ ვერ აკონკრეტებენ, როდის შეძლებენ საგარეუბნო მატარებლები მგზავრების გადაყვანისთვის დადგენილი რეკომენდაციების შესრულებას.

ხარაგაულის მერიის გადაწყვეტილებას მოქალაქეები ეხმაურებიან. მათი ნაწილი თვლის, რომ ეს კარგი გამოსავალი არ არის, რადგან ჩხერიმელას ხეობის სოფლებში გზები მძიმე მდგომარეობაშია. ამის გამო კი მიკროვტობუსებიც დაზიანდება და მოსახლეობაც გაწვალდება.

დავით მაღრაძე: -ეგ გამოსავალი არ არის. კეთილი ინებოს რკინიგზის დეპარტამენტმა და ისეთი მატარებლები დანიშნონ, რომლებიც სანიტარულ პირობებს აკმაყოფილებენ. გამოდის, აქამდე ბინძური და ამორტიზებული ვაგონებით გადაყავდათ ხალხი?

ამ შემთხვევაში ცალკე აგონ პასუხი ხალხისადმი ასეთი უდიერი მოპყრობის გამო. ერთლარიანი ბილეთები მაინც აღადგინონ N11-12 და N17-18 მატარებლებზე. ეგ მიკროავტობუსები გაჭირვებისაა. მასწავლებლებმა რა ქნან, რომლებიც ყოველდღე დაყვებოდნენ „ქუთაისი – თბილისს“, „მასტერაოს“ და „თბილისი-ოზურგეთსა“ და „ოზურგეთი-თბილისს“ ზესტაფონიდან, ხარაგაულიდან და ხაშურიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის სკოლებში?!

ასმათი ლაცაბიძე: -ორჯერ იმგზავრონ  მიკროვტობუსითმოლითი-წიფა-ხაშურზე და თუ გაივლიან ფეხზე, ნახონ.

ლეილა ფცქიალაძე: -სამარშრუტო ტრანსპორტი ამ რთულ მონაკვეთზე ვერ იმუშავებს და ეს პრობლემებს მოსახლეობას ვერ მოუგვარებს. გაწეული ხარჯიც წყალში გადაყრილია, რაც „მარშუტკების“ შენახვაზე უნდა დაიხარჯოს. სახელმწიფომ კეთილი ნება გამოიჩინოს და ვისაც ევალება, ისე გაარემონტოს და მიხედოს „მასტერაოს“ ვაგონებს.

ირმა დაუშვილი: – ამ გზაზე რა სამარშრუტო ტაქსი გაუძლებს სიარულს, ტანკის ბორბლებზე თუ ააწყობთ. სულ არ ეცოდებათ ხალხი. მიკროავტობუსი რითია უფრო უსაფრთხო, ვითომ? ევლო იმ „მასტერაოს“, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

ნიკო გოგნაძე: -გზების გაკეთების პროცესი დააჩქარეთ. მანამდე კი ყველა „მარშუტკას“ ამ სიცხეში და ამ გზებზე თითო ექთანიც გააყოლეთ. გული რომ შეუწუხდეს ხალხს, ვინ უშველის.

ქეთევან ჭყოიძე: -რკინიგზა ყველაზე შემოსავლიანი ორგანიზაციაა საქართველოში და რა გაუხდათ ერთი ნორმალული სამგზავრო მატარებლის დანიშვნა ზესტაფონი-ხაშურის მიმართულებით. ზემო იმერეთში გაუკეთებელ გზაზე სიარულს რომელი ავტობუსი და მიკროავტობუსი შეძლებს?

ნინო კაპანაძე