საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,„მედიასაშუალებებისგან წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს საარჩევნო საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით. გთავაზობთ ამ განცხადებას:

2012 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ გაუწევს მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას პოლიტიკური მიკერძოების გამოსავლენად და პროფესიულ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა რეპრესიულმა კანონებმა და მის მიერ მედიის მიმართ გატარებულმა დამაზიანებელმა პოლიტიკამ მსგავსი საქმიანობის განხორციელება წელს შეუძლებელი გახადა.

„ქართული ოცნების“ მეცადინეობით ქარტიამ დაკარგა წვდომა იმ დასავლელი დონორების ფინანსებზე, რომელთა მხარდაჭერითაც ქარტია წლების განმავლობაში ახორციელებდა მედიამონიტორინგის მასშტაბურ და კომპლექსურ პროექტებს.

მედიაკონტენტის მონიტორინგი, რომელიც იძლევა არჩევნების სამართლიანობის შესაფასებლად საყურადღებო ინფორმაციას, მნიშვნელოვანია თავად მედიასაშუალებებისთვისაც, შეცდომების დასანახად და სამომავლოდ მათი გამოსწორებისთვის.

საერთაშორისო ექსპერტების ხელშეწყობით შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, საარჩევნო კონტენტის მონიტორინგი ქარტიამ პირველად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს განახორციელა, ხოლო ბოლოს – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

წინა მუნიციპალური არჩევნების დროს, 2021 წელს, ქარტია დააკვირდა ახალი ამბების გაშუქებას და პოლიტიკური ტოკშოუებს ექვს ნაციონალურ ტელეარხზე და ცხრა ონლაინ მედიასაშუალებაში.

ამ ეტაპისთვის ქარტია მოხალისეობრივ საწყისებზე განაგრძობს საბაზისო ფუნქციების შესრულებას, მათ შორის, მოქალაქეთა განცხადებების განხილვას პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე, თუმცა, ის პროექტების განხორციელებას და საზოგადოებისა და ჟურნალისტური თემისათვის ამ და სხვა საჭირო სერვისების მიწოდებას ვეღარ ახერხებს“, – ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.