პირველი ივლისიდან სოფლის ამბულატორიის ექიმებსა და ექთნებს ანაზღაურება 100 ლარით ეზრდებათ.

დავინტერესდით სოფლის ექიმებისა და სოფლად მცხოვრები მოქალაქეების მოსაზრებებით, – რა და როგორ შეიძლება შეცვალოს სოფლის ამბულატორიის მედპერსონალის ხელფასის ასლარიანმა მატებამ.

სოფლის ექიმებთან გასაუბრებით აღმოჩნდა, რომ მათ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, ანაზღაურება დღემდე არსებული ფუნქციების შესასრულებლად ეზრდებათ, თუ ეს მატება რაიმე სახის ახალ ვალდებულებასთანაა დაკავშირებული.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საექიმო ამბულატორიის ექიმი კახა ბრეგვაძე ამბობს, რომ 100 ლარი ის თანხა არ არის, ექიმის საქმიანობაში რაიმე რადიკალური ცვლილებები რომ მოახდინოს.

„ექიმი ანაზღაურებისთვის არასოდეს მუშაობს. თუმცა ყურადღება, რომელიც ხელფასის მცირედის მატებაში გამოიხატება, სასიამოვნოა. არა მგონია, ამან მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე რაიმე გავლენა მოახდინოს. თუმცა ჩემი ოჯახის ბიუჯეტს ცოტათი გაზრდის.

სოფლის ექიმებმა „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან“ ექვსთვიანი ხელშეკრულებები გავაფორმეთ. ივნისის ბოლოს ამ ხელშეკრულებებს ვადა გაუვიდა. ახალ ხელშეკრულებაში, სავარაუდოდ, ხელფასის ეს მატება აისახება. როცა ამ ხელშეკრულებას ვნახავ, მაშინ უკეთესად გეტყვით, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ მატებამ სოფლის ექიმის საქმიანობაზე“, – ამბობს კახა ბრეგვაძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოლითის საექიმო ამბულატორიის ექიმი ბესო ფოცხვერაშვილი მიიჩნევს, რომ ინფლაციის გათვალისწინებით, 100 ლარის მატება რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ მოახდენს.

„მიუხედავად იმისა, რომ ექიმის ანაზღაურება არა ხელფასი, არამედ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაა, არა მგონია, ამ მატებამ რაიმე მოვალეობები გაგვიზარდოს. ალბათ, ყველაფერი იგივენაირად დარჩება. ამის შესახებ რაიმე ინფორმაციას არ ვფლობ. ჯერჯერობით, როგორც ვმუშაობთ, ისევ ისე გავაგრძელებთ მუშაობას“, ამბობს ბესო ექიმი.

„სოფლის მოსახლეობისთვის, არა მგონია, რამე შეიცვალოს, – ამბობს სოფელ ხიდარში მცხოვრები თამარ თაბუკაშვილი, –  დოლარის კურსის მატებასთან ერთად ლარი უფასურდება. ამიტომ სოფლის ექიმს, ოჯახი რომ აჩინოს, რამდენიმე ადგილზე უწევს მუშაობა. ექიმის ანაზღაურება 1500 ლარი მაინც უნდა იყოს, რომ ექიმი სოფელში გაჩერდეს, სოფლის მოსახლეობას ყოველდღიურად მოემსახუროს და მოსახლეობა კმაყოფილი იყოს. თუ ექიმს, რამდენიმე სამსახურის გამო, ისევ სხვადასხვა ადგილზე ყოფნა მოუწევს, ჩვენთვის რა შეიცვლება?!“.

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე: ხარაგაულის საავადმყოფოს ექიმების სამედიცინო აქცია ვარძიის საექიმო ამბულატორიაში, 2019 წ.