„მჯერა, რომ არსებობს ბედისწერა, რომელსაც ვერასდროს გავექცევით. ერთხელ ჩამოვიდა გია, ჯიბიდან ამოიღო ხის პატარა ტოტი და მითხრა, – რაც უნდა მოხდეს, შენ ჩემი იქნები მთელი ცხოვრება, მატარებელში ბოშა ქალმა ეს ტოტი მაჩუქა და სიცოცხლის ბოლომდე შენი ერთგულება მიწინასწარმეტყველა. ბოშა ქალის სიტყვები ახდა…“ – ამბობს ილვა ბუნტიკა.

ხარაგაულელი გია ცხრაკბილაშვილისა და ვენტსპილსელი ილვა ბუნტიკას საოცარი სიყვარულის შესახებ გიამბობთ. მათი დიდი სიყვარულის ნაყოფი – ქეთინო თავის ქმარ-შვილთან და დედამთილ-მამამთილთან ერთად ესტუმრა ხარაგაულში მარო ბებიას. როგორც ქალბატონმა ილვამ გვითხრა, ბოლოს და ბოლოს ახდა მისი ოცნება და ხარაგაულში ჩამოვიდა.

ყველაფერი 1980 წელს დაიწყო. საბჭოთა კავშირის დროს მოძმე რესპუბლიკების ქალაქების დამეგობრება ტრადიცია გახლდათ. ლატვიის ქალაქი ვენტსპილსი და ხარაგაული ხშირად ცვლიდნენ დელეგაციებს. 1980 წლის ივნისში ვენტსპილსში სიმღერისა და ცეკვის დღესასწაული გაიმართა. მასში მონაწილეობდა ხარაგაულის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი მიხეილ ჩირინაშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლში ცეკვავდა გია ცხრაკბილაშვილი.

„სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობდა ანსამბლი, რომელსაც დედაჩემი იანა სდუმიჩი დირიჟორობდა, – იხსენებს ილვა ბუნტიკა, – მე და ჩემი უახლოესი მეგობარი ინეტაც ვმღეროდით. ხარაგაულელთა გამოსვლის შემდეგ ანსამბლის ხელმძღვანელს უამრავი ყვავილი მიართვეს. უცბად ვხედავთ, – ორი ძალიან მაღალი ქართველი ბიჭი მიდის ჩირინაშვილთან, ართმევენ ყვავილებს და მოდიან ჩვენსკენ. ინტერესით ვუყურებთ ერთმანეთს, – ნეტა ვის მიუტანენ ამ ულამაზეს ვარდებს. უეცრად ბიჭები გვიახლოვდებიან მე და ინეტას და გვასაჩუქრებენ ყვავილებით. ბიჭებმა ყვავილების გადმოცემისას გვითხრეს, რომ შევხვედროდით კონცერტის შემდეგ.“

ილვა და ინეტა, ანსამბლის ყველაზე გამორჩეული – მაღალი და ლამაზი გოგონები ვარდებით გია ცხრაკბილაშვილმა და გია თავზარაშვილმა დაასაჩუქრეს. გოგონები მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდნენ.

siyvarulis--istoria

„თურმე ბიჭები ჭიშკართან გველოდებოდნენ. ჩვენ ეს არ ვიცოდით. ვსაუბრობდით და ხმამაღლა ვიცინოდით. გია თავზარაშვილმა გაიგონა ჩვენი სიცილი. მოგვიახლოვდნენ და ქალაქის ცენტრში შეხვედრა დაგვინიშნეს,“ – იხსენებს ილვა ბუნტიკა.

ილვას დედამ გოგონები ბიჭებთან შესახვედრად არ გაუშვა. ჩვენც ცოტა შეგვეშინდა და ვერ წავედითო, – ამბობს ილვა. გვიანობამდე მომლოდინე ქართველი ბიჭები გაბრაზებულები დაბრუნებულან სასტუმროში.

„მეორე დღეს მეგობრებთან ერთად ვსეირნობდით ქალაქში, – გვიამბობს ილვა, – უცბად ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ვხედავთ ორივე გიას. მაშინვე გადმოჭრეს ქუჩა, მოვარდნენ და დაგვპატიჟეს რესტორანში. ასე აღმოვჩნდით მე და ჩემი მეგობარი პირველად რესტორანში. ჩემმა დაქალმა მოატყუა, რომ სტუდენტები ვიყავით. მე შევწუხდი, მაგრამ რაღას ვიტყოდი. ცუდი არაფერი უკადრებიათ, პირიქით, დიდი პატივისცემით გვეპყრობოდნენ.“

იმ პერიოდში ილვას დედა კონსერვატორიას ამთავრებდა და გამოცდების ჩასაბარებლად გაემგზავრა. დედამ გოგონები სასტიკად გააფრთხილა, რომ ქართველებს არ შეხვედროდნენ. „ჩვენ კიდევ გვინდოდა მათთან შეხვედრა, რადგან ძალიან კარგად გვექცეოდნენ, – იხსენებს ილვა, – დედას შეატყობინეს, სანამ შენ აქ გამოცდებს აბარებ და მეცადინეობ, შენი ქალიშვილი ქართველებთან დასეირნობსო. დედა მოულოდნელად დაგვადგა თავზე, როცა პარკში ვისხედით და ვსაუბრობდით. გია თანთადან მეტ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ წერილებს მიგზავნიდა. მის წერილებს დღემდე ვინახავ…“

იმავე წლის აგვისტოში გია ილვას დაბადების დღეზე გია თავზარაშვილთან და თემურ კალანდაძესთან, „ტულოსთან“, ერთად ეწვია. მაშინ მიხვდა ილვა, რომ მათი ურთიერთობა უფრო სერიოზული იყო და ერთმანეთი მოსწონდათ.

დაბადების დღეზე ილვას ნათლიამ ტორტი გამოუცხო და ზედ დააწერა „17.“ „გიასთვის ნათქვამი მქონდა, რომ სტუდენტი ვიყავი. ამიტომ, ოთახში შემოსვლამდე გავიხმე გვერდზე და ვუთხარი სიმართლე. ასეც ვფიქრობდიო, – მითხრა ღიმილით. საერთოდ გია ძალიან მშვიდი ადამიანი იყო. დედაჩემს უთხრა, რომ იმეგობრებდა ჩემთან. მომავალ წელს, მე ვენტსპილსში ვაბარებდი გამოცდებს, დედაჩემი – რიგაში. გია ისევ გვესტუმრა. დედაჩემმა ჩააბარა გიას ჩემი თავი. გიამ დედას პირობა მისცა და შეასრულა კიდეც თავისი სიტყვა…“

„მოუთმენლად ველოდები შენთან შეხვედრას, – წერს გია ცხრაკბილაშვილი ერთ-ერთ წერილში ილვას, – როდის დადგება ახალი წელი. ვერ წარმოიდგენ, რა კარგად გავხდი, როცა შენი წერილი წავიკითხე. ჩემი მხრიდან გარწმუნებ, რომ ჩემი შენს მიმართ ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ იყო ყალბი. ილვა, მაპატიე, მე რომ ხშირად ვერ გწერ. საქმე იმაშია, რომ არ მიყვარს წერილების წერა. ჩემი ძმისთვის არ მიმიწერია წერილი არასდროს. ახლა საქართველოში თბილი, მზიანი ამინდია. გკოცნი მთელი სულით და გულით. ინეტას და დედას გადაეცი დიდი მოკითხვა ჩემგან. შენი გია.“

„მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, – გვიამბობს ილვა, – სკოლა დავამთავრე და ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ბიჭი, რომელსაც მოვწონდი. გია ყოველთვის სიმშვიდით გამოირჩეოდა. მე უფრო მეტი მინდოდა. ერთხელაც ვუთხარი, რომ ვუყიდე სახლში გასამგზავრებელი ბილეთი. გიამ ძალიან მშვიდად მიპასუხა, – კარგი, წავალო. გოგონები ზოგჯერ სპეციალურად აკეთებენ ასეთ რამეებს…

შემდეგ ფეხმძიმედ დავრჩი. თავიდან ძალიან გამიჭირდა ამ ფაქტთან შეგუება. ხუთი თვის ფეხმძიმე დამაწვინეს რიგაში საავადმყოფოში. გია ამ დროს ჩამოსულა ვენტსპილში. უცბად იღება პალატის კარები და შემოდის გია, შენს წასაყვანად მოვედიო… მე არ შემეძლო ცხოვრება საქართველოში, გიას – ლატვიაში.“

1982 წლის მარტში დაიბადა გოგონა.

„ძვირფასო ილვა, გილოცავთ პატარას დაბადებას. ჩვენ დავარქვით ქეთინო. გია და მისი მეგობრები“ – ამ შინაარსის დეპეშა გამომიგზავნა გიამ, რომელსაც დღემდე ვინახავ.

შვიდი თვის იყო ქეთევანი, როცა ნერვული სტრესი დამემართა. გიას შევატყობინე და მითხრა, ორ-სამ კვირაში ჩამოვალო. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, ყოველდღე მივდიოდი ბავშვით და ვხვდებოდი ავტობუსს. ვფიქროდი, დღეს მოვა, ხვალ მოვა…

გიას ბევრი საუბარი არ უყვარდა. ბოლოს როცა შევხვდით, 1994 წელს, მითხრა, რომ მე მისი ერთადერთი ცოლი ვიქნებოდი და ქეთინო მისი ერთადერთი შვილი. ქეთინოს როცა უყურებდა, ამბობდა, – ყველაფერი ჩემი აქვსო. შემდეგ ცხოვრებამ დაგვაშორა. მხოლოდ ტელეფონით ვსაუბრობდით. დროც რთული იყო…

ბოლო სატელეფონო საუბრისას დამპირდა, რომ საახალწლოდ ჩამოვიდოდა და ქეთინოს ველოსიპედს ჩამოუტანდა. ველოდებოდით… სულ მახსოვდა გიას სახლის ტელეფონის ნომერი – 2 18 93. დავრეკე, ვიკითხე გია, მაგრამ სამწუხაროდ, მე და გიას დედამ ერთმანეთს ვერაფერი გავაგებინეთ… ვისი მისამართიც მქონდა ხარაგაულში, ყველასთან გავაგზავნე წერილი, მაგრამ არავინ მიპასუხა. მაშინ ვიფიქრე, რომ ალბათ გიამ ცოლი მოიყვანა. შევეგუე ამ აზრს და დავიწყე ჩემი ცხოვრება. ერთი პერიოდი სიზმარში ვნახულობდი ხშირად, ვერ ვხდებოდი რატომ. როგორც ჩანს, მისი გარდაცვალების პერიოდში…

ორი წლის წინ, პირველ სექტემბერს ვიფიქრე, ახლა ხომ ინტერნეტია, მოდი, მოვძებნი გიას. ჩავწერე „ოდნოკლასნიკებში“ – გია ცხრაკბილაშვილი. უცბად 25 წლის ბიჭის ფოტო გამოჩნდა, რომელიც ძალიან ჰგავს გიას. ვიფიქრე, რომ გიას შვილია. მაშინვე ვუთხარი ქეთინოს, რომელიც სულ ეძებდა თავის ნათესავებს. ცოტა ხანში მირეკავს ქეთინო და მეუბნება, ეს გია ცხრაკბილაშვილი ციმბირში მცხოვრები ჩემი ბიძაშვილია, მამაჩემის ძმის, იურის შვილი, ხოლო მამა 16 წლის გარდაცვლილიაო…“

ქეთინო ბუნტიკა: -მამა სულ მანებივრებდა. პირველად რომ შევხვდი, შვიდი წლის ვიყავი. მახსოვს, ძალიან მაღალი, ლამაზი, კეთილი. ყოველთვის მიყვარდა მამა და ვფიქრობდი მასზე. როცა სკოლაში მამის შესახებ მეკითხებოდნენ, ვპასუხობდი, რომ მამა მირეკავდა, ჩამოდიოდა, მნახულობდა. ახლა მივხვდი, აქ რომ ჩამოვედი, რომ ის მართლაც ძალიან კარგი ადამიანი ყოფილა. ვუყურებ ბებიას და ვგრძნობ, რომ ხასიათით ძალიან ვგავარ.

სამი წელი ვცხოვრობდი ლონდონში. იქ გავიცანი ქართველები და დავუმეგობრდი. მათ ვუამბე ჩემი ისტორია და ვთხოვე, მამაჩემის შესახებ რამე გაეგოთ. ქართველი მეგობრების მეშვეობით შევიტყვე, რომ მამაჩემი ტრაგიკულად დაიღუპა, მაგრამ მაშინ ვერ დავიჯერე.

„გენები ძალიან ბევრს ნიშნავს, – ამბობს ილვა, – ყველა ახალშობილი დედასთან სპეციალური საწოლით მიჰყავდათ, ქეთინო ჩემთან – ხელში აყვანილი. ყოველთვის გამოირჩეოდა მებრძოლი ხასიათით, არაფრის ეშინოდა. მისი თვისებები ნამდვილად ქართულია.“

მარო ცხრაკბილაშვილი: -ჩემთვის გია გაცოცხლდა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან გიას სისხლი და ხორცი, ქეთინო, ჩემთანაა. ყველაფერი ვიცოდი გიას სიყვარულის შესახებ და ჩემს შვილს ვეუბნებოდი, ილვა და ქეთინო აქ ჩამოვიყვანოთ-მეთქი. ვერ იცხოვრებს აქო, – მეუბნებოდა. თუ ასეთი კარგი იყო ილვა, იქნებ შეველეოდი კიდეც გიას ლატვიაში ცხოვრებას…

2012 წლის 3 სექტემბერს ჩემი შვილი იური ხარაგაულში იყო, როცა ჩემმა შვილიშვილმა დარეკა. იურიმ ტირილი დაიწყო და მითხრა, – ჩვენი ბავშვი გამოჩნდაო. მერე ტელეფონით დამალაპარაკეს ქეთინო, – კარგად უნდა იყო ბებო, მალე გნახავო. იმ დღის შემდეგ იურის და ილვას აღარ გაუწყვეტიათ ურთიერთობა და ახლა მესტუმრენ. ყველას გაეხარდა, ვინც გაიგო, რომ გიას შვილი ხარაგაულში, მამის სახლში, ჩამოვიდა. მადლობა ილვას დედას, რომელმაც არ შეაძულა გია თავის შვილსა და შვილიშვილს.

„გია გარდაცვალების დღესაც, 1996 წლის 25 ივლისს, მესაუბრებოდა ილვაზე, – იხსენებს გია ცხრაკბილაშვილის მეგობარი თემურ ფცქიალაძე, – გადაწყვეტილი ჰქონდა ლატვიაში წასვლა. მითხრა, იქნებ ილვა დავითანხმო აქ წამოსვლაზეო. მარო დეიდა მარტო ცხოვრობდა. გიას არ შეეძლო დედამისის დატოვება. ის სიყვარული, რასაც განიცდიდა ილვას მიმართ, არ აძლევდა უფლებას, რომ ვინმეზე დაქორწინებულიყო.“

„კარგი დღეები სწრაფად გადიან, – ამბობს ილვა ბუნტიკა, – ქეთინოს ხარაგაული ძალიან მოეწონა. მისმა მეუღლემ თქვა, ჩემს სახლში ვარო. აქ ქეთინოს ყველა ეფერება. პირველად ნახეს გიას შვილი და უხარიათ. დიდი მადლობა გიას დედას ასეთი სიყვარულისთვის. მე ახლა მესმის გიასი, თუ რატომ ვერ ტოვებდა მას. ჩვენ პირველად ვართ საქართველოში და ვფიქრობ, არა უკანასკნელად…“

ნინო კაპანაძე

 

ფოტოებზე: გია ცხრაკბილაშვილი, ილვა ბუნტიკა და ქეთინო 1991 წელს ტალინში; იური და მარო ცხრაკბილაშვილები, ილვა ბუნტიკა და ქეთინო ხარაგაულში