
საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა და სოფლის მეურნეობა ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს. გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან დაწყებული (განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში), სოფლის მეურნეობა სახელმწიფოსგან მიტოვებული აღმოჩნდა. ქვეყნის მოსახლეობის 50-55% სოფლად არის დასაქმებული. სოფლის მეურნეობის პროდუქტების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9-10 %-ს შეადგენს. ეს ციფრი მეტად დაბალი მაჩვენებელია, რაც მეტყველებს სერიოზულ პრობლემებზე და ზიანს აყენებს როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე მთელ მოსახლეობას.
1992 წლიდან, ნაჩქარევი პრივატიზაციის შემდეგ, როცა მიწის ფართობები გლეხურ მეურნეობებს გადაეცა, მიწის ნაკვეთები კიდევ უფრო დაქუცმაცდა. განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა ზემო იმერეთში, სადაც არამარტო გაფანტული და დანაწევრებული ნაკვეთებია, არამედ ძნელად მისადგომი და ბევრგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ვერ მუშაობს. ეს შრომის რენტაბელობის დონეს კიდევ უფრო მიუღწეველს ხდის.
სოფლის მეურნეობის პოლიტიკაზე, არსებულ პრობლემებზე საუბარი, 2012 წელს დაიწყო. ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე ყურადღება მიექცა სოფლის მეურნეობის სფეროს, განსაკუთრებით მევენახეობა-მეღვინეობას – ამ მნიშვნელოვან სასიცოცხლო მიმართულებას.
ხელისუფლებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. შარშან შემუშავდა კანონი კოოპერატივების შესახებ. მოსახლეობასთან საჭიროა მეტი სიახლოვე, კომუნიკაცია, რეკომენდაციები იმის შესახებ, რომ კოოპერირება არის ნებაყოფლობითი გაერთიანება, რითაც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულმა ადამიანებმა უნდა დაინახონ ურთიერთთანამშრომლობის სიკეთეები. ამ პროცესს მოჰყვება მნიშვნელოვანი წამახალისებელი ღონისძიებები – გრანტით დაფინანსება, საგადასახადო შეღავათები და სხვ. ყველაზე დიდი სიკეთე ის იქნება, რომ დაქუცმაცებული მიწის ნაკვეთები დამსხვილდება, გაერთიანდება, ამაღლდება შრომის რენტაბელობა, გამოვიყენებთ არსებულ ტექნიკას, თანამედროვე ტექნოლოგიებს და ცოდნას, რის შედეგადაც მივიღებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას.
მნიშვნელოვანი თემაა ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხი მცირე დაბალპროცენტიანი პროექტების სახით. 18 ათასამდე სესხია გაცემული 400 მილიონი ლარის ფარგლებში – აღინიშნა ქუთაისში მეწარმეთა შეკრებაზე 23 ივლისს. იმერეთის რეგიონში ნოემბრისთვის დაგეგმილია ბიზნესფორუმი, სადაც მოიწვევენ ინვესტორებს ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად.
საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება ქართული ტრადიციული ღვინის, ალკოჰოლური პროდუქციის საექსპერტო პოტენციალის გასაზრდელად. 2013 წლის ივნისში ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე დაბრუნდა, რის შედეგადაც გასულ წელს ღვინის ექსპორტმა 47 მილიონი ბოთლი შეადგინა, რაც 2012 წლის ანალოგიურ პერიოდს ორჯერ აღემატება.
ქართულმა ტრადიციულმა ღვინოებმა განსაკუთრებული მოწონება და წარმატება მოიპოვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კონკურსსა და გამოფენაზე. გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში 23-25 მარტს – PROWEIN-2014 გამოფენაზე 16 ქართული კომპანიის 100-ზე მეტი დასახელების ღვინო იყო წარდგენილი. მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ღვინის პრეზენტაციები, მასტერ-კლასები და დეგუსტაციები გაიმართა ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ყაზახეთში, ჩინეთში, ესპანეთში, ავსტრალიასა და უნგრეთში. ქართული ღვინის პოპულარიზაციას ხელმძღვანელობდნენ ქართული სამთავრობო დელეგაციებისა და საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აღნიშნულ ქვეყნებში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა საქართველომ 2013 წლის 4 დეკემბერს. ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს აღიარება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში შემავალი 45 ქვეყანათა შორის მხოლოდ საქართველოს ხვდა წილად. დღეისათვის ღვინის სფეროში რეგისტრირებული და დაცულია ორი სასაქონლო ნიშანი: „საქართველო – ღვინის აკვანი“ და „ქვევრი.“
1998 წლიდან საქართველოში მოქმედებს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“. ამ კანონს მაინცდამაინც მნიშვნელოვნად არ უმუშავია გასულ წლებში. კანონით დიდი ყურადღება ექცევა ვაზის სანერგე მეურნეობის განვითარებას და ჯიშობრივად წმინდა ვაზის წარმოებას. ეს მნიშვნელოვანი თემაა.
კანონი განსაზღვრავს ადგილწარმოშობას მიკუთვნებულ ზონებს. მაგალითად, კახეთი მთლიანად ვაზის ადგილწარმოშობის ზონად არის მიჩნეული. ასეთი რამ არ არის იმერეთსა და ქართლში. იმერეთში ადგილწარმოშობის ღვინოდ დასახელებულია მხოლოდ ზესტაფონში სოფელ სვირის ციცქა. ამ მიმართულებით კანონი უნდა დაიხვეწოს და გამარტივდეს. მინდა მივმართო ღვინის ეროვნულ სააგენტოს ამის თაობაზე. ხარაგაულში მაღალ კატეგორიას მიიღებს ყურძნის შემდეგი ჯიშებისგან დამზადებული ღვინო – ციცქა, ცოლიკაური, პინო, ოცხანური საფერე, კრახუნა.
მომავალი ღვინის ხარისხი ვაზის ძირში იბადებაო. ამიტომ ყურადღება მახვილდება ვენახების კადასტრზე, რა მდებარეობა უჭირავს ვაზს ზღვის დონიდან, როგორია მისი ნიადაგი, რა კლიმატური პირობებია, როგორია ჰავა, ტენიანობა. გაკეთდება მევენახის რეესტრი და ვენახების კადასტრი. ყურძენს ვერ მიიღებს ქარხანა, თუ ეს დოკუმენტაცია არ იქნება მოწესრიგებული.
ხარაგაულში წელს ძალიან ცივი ზამთარი გვქონდა. ამავე დროს 30 მარტს მოთოვა და 10 აპრილამდე ყინვები დაიჭირა. ამის გამო ვაზი და ხეხილი განადგურდა და გასულ წელთან შედარებით მოსავალი მცირეა.
ხარაგაულში ვაზის სანერგე მეურნეობა სოციალური პროგრამის ფარგლებში შევქმენით. ეს პროექტი კარგად მიმდინარეობს. ადრე გაზაფხულზე დავიწყებთ ნერგების გაცემას სოციალურად დაუცველ ოჯახებზე და პარალელურად – ვაზის მყნობას. გამოზაფხულზე, სავარაუდოდ, 50 ათასი ძირი ვაზი უნდა დავამყნოთ. ამისთვის სასწრაფოდ გვესაჭიროება მიწა. სამომავლოდ სანერგე მეურნეობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ზონალურად უნდა განვავითაროთ.
მსოფლიო ღვინის რუქაზე საქართველო კარგად ჩანს. მთავარია, ახლა ხარაგაული გამოვაჩინოთ ამ რუქაზე. მე მოვალედ ვთვლი ჩემს თავს, რომ ხელი შევუწყო ამ დარგის პოპულარიზაცია-განვითარება-გაძლიერებას. მაქვს გარკვეული პროექტები ძირულას ხეობის მიმართულებით და ვფიქრობ, არის ამის რეალური შესაძლებლობა.
იუზა კელენჯერიძე
ს/ს „იმერის“ დირექტორი
ასოციაციის – „ქართული სოლიდარობა ნიცაში“
ახალი შესაძლებლობა წალენჯიხელებისთვის – არტმეურნეობის მულტიკულტურულ
„ძლიერმა საქართველომ“, 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის,
გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური ინოვაციებისა
2025 წლის ყოველწლიური კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ