

ბავშვობიდანვე შრომას შეჩვეული, ვახანში მცხოვრები 82 წლის ავთანდილ გოგოლაძე, დღემდე შემართებით შრომობს საკუთარ მეურნეობაში.
ლეღვანში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გორის უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა. 11 წელი ვახანის სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა. შემდეგ ცხოვრება გორში გააგრძელა – სამი წელი სკოლის დირექტორი გახლდათ, 25 წელი – ქარელის ელექტრო-მექანიკური ტექნიკუმის სასწავლო ნაწილის გამგე. ცეზარ ლომსაძესთან ერთად გორში პირველი პედაგოგიური კოლეჯი გახსენა და წლების მანძილზე დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
„არასდროს მიფიქრია, რომ გორელი ან ქარელელი ვარ, – გვიამბობს ავთანდილ გოგოლაძე, – მუდამ ვახანისკენ მომიწევდა გული. შაბათ-კვირას ვამუშავებდი ნაკვეთებს და მოსავალს ვაბარებდი კოლმეურნეობას. 1984 წელს ეზოში ვაზის ხეივანი გავაშენე, სადაც ყოველწლიურად 2 ტონამდე ყურძენი მომყავს. შარშან ერთ ტონაზე მეტი ყურძნის სუფთა წვენი ჩავასხი. წელს ერთ ტონას მაინც ჩავასხამ. 0,28 ჰა მიწის ნაკვეთი მაქვს საკუთრებაში და მომყავს სიმინდი, ლობიო, გოგრა.
ბატონი ავთანდილი მიიჩნევს, რომ თუ მოინდომებ და იშრომებ, ვახანში კარგ მოსავალს მოიყვან. ამბობს, რომ საკუთრებაში დაუმუშავებელი და გამოუყენებელი მიწა არ აქვს.
„ყველაზე საუკეთესო სავარგულები აღარ ითესება ვახანში, – წუხს ავთანდილ გოგოლაძე, – ახალგაზრდა აღარ დარჩა სოფელში და მოხუცები რას გააკეთებენ. ახალგაზრდობა იძულებულია, სოფელი დატოვოს. თუ ასე გაგრძელდა, ცუდად წავა საქმე. ქალაქში პურის ფულის შოვნა გაადვილდა.
ბევრ ახალგაზრდას ვუთხარი, ჩაყარე ვენახი, მეორე-მესამე წელიწადს მოსავალს მოგცემს-მეთქი, მაგრამ რატომღაც არ ინდომებენ. ჩემგან ჭაჭა მიაქვთ ღვინის გასაკეთებლად. ვახანში, გოგოლაძეების უბანში, ერთ ჭიქა გაკეთებულ ღვინოს ვერ ნახავთ. მე, ჩემი ძმა და ბიძაშვილები ნატურალურ ღვინოს ვამზადებთ. თუ მოინდომებ, ყველაფერი გექნება.“
ავთანდილ გოგოლაძე მიესალმება სახელმწიფოსგან მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამას და მიიჩნევს, რომ უნდა შემოწმდეს კიდეც, დახმარება გლეხმა როგორ და რისთვის გამოიყენა.
„ვახანში შესაძლებელია კოოპერატივი განვითარდეს მესაქონლეობის, მეღორეობის და მეფუტკრეობის მიმართულებით, – ამბობს ავთანდილ გოგოლაძე, – ახლა აქ ვისაც ფუტკარი ჰყავს, უფრო უკეთ ცხოვრობს. ვახანში მამაჩემი, ალექსანდრე გოგოლაძე და თევდორე არევაძე იყვნენ პირველი მეფუტკრეები. ასი სკა ფუტკარი ჰყავდა მამას შუატყეში და ამავე დროს ნათესავების ფუტკარს უვლიდა.
მე ვეღარ შევძელი მოვლა, თუმცა იმდენი მყავს, რომ ოჯახში მყოფნის. ბესიკ ბლუაშვილი, გელა მაღრაძე, ზურა ფერაძე, რომან ღონღაძე, ზაქარია ინასარიძე, გივი ფერაძე კარგი მეფუტკრეები არიან. თევდორეს შვილიშვილი, ბადრი არევაძე, აგრძელებს ბაბუის ტრადიციას. ვახანში მეფუტკრეობა ამართლებს და ყველაზე მომგებიანია.“
ბატონმა ავთანდილმა მეურნეობაში თხილი გააშენა. ასაკში შევედი და შვილიშვილმა შეიძლება ვეღარ დაამუშაოს მიწა. ვაზის ხეივანს მიხედავს და თხილს დაკრეფს, – ფიქრობს, აქაურობას არ მიატოვებს პატარა ავთანდილ გოგოლაძე.
ბატონ ავთანდილის სახლს მისივე ხელით გაკეთებული ავეჯი ამშვენებს. ხის სახელოსნოს ადრე საკუთარი ხელით მოპოვებული მასალით ამუშავებდა, ახლა ნაყიდი მასალით ამზადებს ავეჯს.
„სახელმწიფოსგან, ალბათ, უფრო ქმედითი ხელშეწყობაა აუცლებელი, – ამბობს ავთანდილ გოგოლაძე, – სოფელს თუ რაღაცით არ ეშველა და გლეხს საარსებო საშუალება არ გაუჩნდა, აქ ვერ გაჩერდება. ერთი გამოსავალი მოძებნეს – თბილისში წასვლა და ყველა იქ მიდის. ვაჭრობენ და ასე შოულობენ პურის ფულს. უგზოობა გვტანჯავს ძალიან.“
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იანვარ-თებერვალს გორში, შვილთან ატარებს. იმის მიუხედავად, რომ კომფორტულად ვცხოვრობ ქალაქში, ის ორი თვე ჩემთვის ტანჯვააო, – ამბობს. ყველაფერს ვახანი და საკუთარ მეურნეობაში შრომა ურჩევნია.
მხნეობას, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ბატონ ავთანდილ გოგოლაძეს, სოფლისა და მიწის მოყვარულ მეურნეს.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი