პროფესორების, აკადემიკოსების, მეცნიერების სხვადასხვა დარგის ფუძემდებლების მშობლიური სოფელი ფარცხნალი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე „დაბერებული“ სოფელია. დაწყებით სკოლაში მხოლოდ ორი მოსწავლე სწავლობს – ძმები ნოდარი და ნიკოლოზ თაბუკაშვილები. სანამ ნიკოლოზი სასკოლო ასაკის გახდებოდა, სკოლაში მხოლოდ ერთი მოსწავლე დადიოდა.
ფარცხნალის თემში ოთხი სოფელი შედის – ფარცხნალი, ახალსოფელი, ღუდუმექეთი და ისლარი.
სოფელში დარჩენილი მოხუცები სათნოების სახლის გახსნაზე ოცნებობენ.
-აქ მხოლოდ მოხუცები დარჩნენ, – ამბობს მასწავლებელი ნანა ღამბაშიძე, – ისიც მცირე რაოდენობით. სკოლის შემოგარენს რომ მოავლოთ თვალი, სულ დაკეტილი სახლებია.
ნანა ღამბაშიძე სოფლიდან ახალგაზრდების მიგრაციის მიზეზად დასაქმების პრობლემას ასახელებს. წლიდან წლამდე მოწეული მოსავლით ოჯახის რჩენა ძნელია. ამიტომ შემოსავლის საძიებლად ახალგაზრდებმა ქალაქებს მიაშურეს.
იზა ბუაჩიძე გასული საუკუნის 80-იან წლებს იხსენებს, როცა სოფელში სიცოცხლე ჩქეფდა და ფარცხნალის სკოლაში 100-120 მოსწავლე სწავლობდა. ამ სოფელში კლუბი, ბიბლიოთეკა, მაღაზია, ფოსტა ფუნქციონირებდა.
– ფარცხნალში, ძირითადად, პენსიონერები დავრჩით. ჩვენგან ახლა სოფელი რომ აღარ აღორძინდება, ცხადია, – ამბობს იზა ბუაჩიძე, – უფუნქციოდ დარჩენილი შენობების გამოყენება ხომ შეიძლება. სოფლის მოსახლეობას გვინდა, რომ ფარცხნალის სკოლის შენობაში სათნოების სახლი გაიხსნას.
ფარცხნალში სამედიცინო მომსახურება რომ სჭირდებათ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას იძახებენ. სოფლის ექიმი კვირაში ერთხელ, სამშაბათობით მიდის, რაც ადგილობრივების თქმით, არასაკმარისია. ფარცხნალიდან პარასკევობით მიკროავტობუსი ზესტაფონის მიმართულებით დადის, სამშაბათობით – ხარაგაულის საავადმყოფოში.
ფარცხნალში მცხოვრები 88 წლის ლეო ბუაჩიძე მიიჩნევს, რომ ადამიანს უნდა გააჩნდეს მოტივაცია, რომ საარსებო წყარო ნაკლები ფინანსური და ფიზიკური დანახარჯით მოიპოვოს. თავად ამას ახერხებს და ყოველ წელს სეზონზე მარწყვის იმდენი მოსავალი მოჰყავს, რომ ბაზარზე ყიდის. „ბევრი რამ ჩვენს მენტალიტეტზეა დამოკიდებული, – ამბობს ლეო ბუაჩიძე, – შრომა არ უნდა გეზარებოდეს. მიჩურინი ამბობდა, – არ არსებობს ცუდი მიწა, არსებობს ცუდი მეურნე“.
ახალსოფელში მცხოვრები მარიამ მაჭავარიანი სამი შვილის დედაა. მისი ორი ვაჟი ფარცხნალის დაწყებით სკოლაში სწავლობს. ოჯახის შემოსავალი მეუღლის ხელფასია. მარიამი ამბობს, რომ ახალგაზრდა ოჯახები სოფელში, ფაქტობრივად, აღარ დარჩა. ბევრს შრომობს, – ხუთი ძროხა და თორმეტი ცხვარი ჰყავს. „სოფლად მცხოვრები მოსახლეობა უნდა დასაქმდეს, – ოჯახიდან ერთი მაინც რომ მუშაობდეს და ხელფასს იღებდეს, აღარ დატოვებენ სოფელს, – ამბობს მარიამ მაჭავარიანი, – ჩვენ არ წავედით. მირჩევნია, აქ ვიყო, ვიშრომო და იმას დავჯერდე, რასაც ღმერთი მაძლევს“.
ფარცხნალის თემში მერის წარმომადგენელი გია ხარაძე ამბობს, რომ სოფელში ახალგაზრდა აღარ დარჩა, წყლის მილების მიწაში ჩასადებად ორმო რომ გაჭრას. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ღუდუმექეთსა და ახალსოფელში გზისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობაა დაგეგმილი, ისლარსა და ფარცხნალში – გარე განათების.
ფარცხნალში გაზიფიცირებისთვის მიწისქვეშა სამუშაოები მიმდინარეობს, კომპანია ვალდებულია, გზას პირვანდელი სახე დაუბრუნოს. თუმცა, ასე არ ხდება და მოსახლეობა უკმაყოფილოა. ახალსოფელსა და ისლარში ცენტრალური გზები მობეტონებულია და ეს სოფლები გაზიფიცირებულია.
„სოფელში მრავალი პრობლემაა, – ამბობს ფარცხნალის თემის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ჭიპაშვილი, – იმის მიუხედავად, რომ თემის სოფლებში ინფრასტრუქტურა შედარებით მოწესრიგებულია, ახალგაზრდებმა აქ ცხოვრებისთვის საჭირო შესაძლებლობები ვერ ნახეს. ამაზე, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. გრანტებით და საგადასახადო შეღავათებით ხელი უნდა შეუწყოს, რომ ადამიანები ყველგან ერთნაირ პირობებში აღმოჩნდნენ. გზები იგება, მაგრამ სოფელში იმ გზებზე გამვლელი ადამიანი თითქმის აღარ რჩება.
სოფელი მცირემიწიანია. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აგრობარათები და საწვავზე ფასდაკლებს ტალონი ვერ მიიღო, რადგან 0,25 ჰა-ზე ნაკლები აქვს დარეგისტრირებული, ან თანამესაკუთრე ჰყავს და მისგან თანხმობის მიღება უჭირს. ეს ყურადსაღებია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისთვის. თვითმმართველობამ მთავრობას ასეთ საკითხებზე ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
თითქმის ყველა უბანში წყლის პრობლემაა. წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება ისე ხდება, რომ სტანდარტები დაცული არ არის, წყლის ხარისხს არავინ იკვლევს. წყალი ფუფუნება ხომ არ არის. წყლით საკმაოდ მდიდარი სოფლები წყლის გარეშეა დარჩენილი“.
მიხეილ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ფარცხნალის თემის სოფლებში არსებულ პრობლემებზე საკრებულოსა და მერიაში ხშირად საუბრობს; მოსახლეობასთან ერთად ცდილობს, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ამ პრობლემების მოგვარების აუცილებლობა დაასაბუთოს.
კიდევ რა პრობლემები აწუხებს ფარცხნალის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობას, ამის შესახებ მათ ვიდეოჩანაწერში მოუსმინეთ.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი