მეორეკლასელი ნოდარ თაბუკაშვილი ახალსოფლიდან ფარცხნალის დაწყებით სკოლაში მარტო დადის. ის სკოლის ერთადერთი მოსწავლეა. ნოდარის სწავლა-განათლებაზე ორი მასწავლებელი ზრუნავს. ინგლისურს მას თამარ მაღრაძე ასწავლის, დანარჩენ საგნებს – ნანა ღამბაშიძე. სკოლის მოვლა-პატრონობაზე მეთვალყურეობა იზა ბუაჩიძეს აკისრია.
„ერთ მოსწავლესთან მუშაობა რთულია, – გვიამბობს ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ მაღრაძე, – უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ მშობლის, სკოლისა და, პირველ რიგში, ბავშვის წინაშე. 45 წუთი სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორ მრავალრიცხოვან კლასში. ძალიან მიხარია, ნოდარი რომ მაშინვე ითვისებს ახალ მასალას.
30 წელია, რაც ნანა ღამბაშიძე ფარცხნალის სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად მუშაობს. 1987 წელს სკოლაში 112 მოსწავლე სწავლობდა.
„ზოგს იოლი გონია ერთ ბავშთან მუშაობა, – ამბობს ნანა ღამბაშიძე, – სულ ინდივიდუალური მუშაობა გვიწევს. მოსწავლის ცოდნის მიღებისთვის ეს ძალიან კარგია, მაგრამ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით პრიორიტეტული ჯგუფური მუშაობაა.“
სკოლის ყოფილი დირექტორი იზა ბუაჩიძე გვიამბობს, რომ ფარცხნალში სკოლა 1902 წელს გაიხსნა. მაშინ ფარცხნალის ეკლესიის ეზოში ყოფილა ხის ქოხი, რომელსაც საქალებო ერქვა. იქ დაუწყიათ სწავლა შერეული ასაკის ბავშვებს. მალევე იმავე შენობაში მეორე კლასი ჩამოყალიბდა. 1910-11 წლებში ფარცხნალის სკოლაში გალაკტონი ასწავლიდა.
მოგვიანებით სოფლის მოსახლეობას თანხა შეუგროვებია და სკოლისთვის ხის ახალი შენობა შეუძენია. მოსწავლეთა რაოდენობის მატებასთან ერთად ეზოში, სადაც ახლა სკოლის კაპიტალური შენობაა, ფარცხნალელებს ორი ხის შენობა დაუდგამთ.
„1962 წელს პირველი კურსის სტუდენტი მოვედი მშობლიურ სკოლაში, – იხსენებს იზა ბუაჩიძე, – სკოლის დირექტორი უშანგი ვეფხვაძე გახლდათ. ძალიან განათლებული, საუკეთესო პიროვნება იყო. სკოლისა და საქმის სიყვარული მისგან ვისწავლე.
ფარცხნალის სკოლაში გასული საუკუნის 60-70-იან წლებში 100-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა. უშანგი ვეფხვაძემ განათლების სამინისტროშიახალი ტიპიური შენობის აშენები საკითხი დააყენა. აკადემიკოსი, ფარცხნალელი ევგენი ხარაძე მოგვეხმარა და 1965 წელს სკოლის ახალი შენობა გაიხსნა. იმ დროს სკოლაში 130 მოსწავლე სწავლობდა. მერე თანდათან იკლო მოსწავლეთა რიცხვმა. 2006 წელს სკოლამ ოპტიმიზაცია განიცადა და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლას შეუერთდა. მაშინ სკოლაში 42 მოსწავლე გვყავდა. ფინანსების სიმწირის გამო სკოლაში სწავლება მეექვსე კლასამდე შემცირდა, ახლა კი – მხოლოდ დაწყებით კლასებშია.“
იზა ბუაჩიძე ამბობს, რომ სოფელში ახალგაზრდებს ოჯახების რჩენა უჭირთ. მისი თქმით, მიგრაცია გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. სოფელში დასაქორწინებელი ახალგაზრდები არიან, მაგრამ შემოსავალი არ აქვთ და ოჯახებს ვერ ქმნიანო, – გვითხრა ქალბატომა იზამ.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ხვედელიძე გვიამბობს, რომ ფარცხნალის სკოლა პირველი-მეოთხე კლასის ბაზაზე ფუნქციონირებს.
„სამწუხაროდ, ერთი მოსწავლეა სკოლაში, მაგრამ ეს არაა გასაკვირი, – ამბობს მარინე ხვედელიძე, – ეს ჩვენი სოფლების რეალობაა. მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნოდარმა კარგი სწავლა-განათლება მიიღოს.
ფარცხნალიდან მოსწავლეები ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში დადიან. მათ ტრანსპორტი ემსახურება და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ სოფლის სკოლაში აღარ მიჰყავთ შვილები სასწავლებლად. ბავშვი რომ ხარაგაულში სწავლობს, მერე სხვადასხვა წრეებში ერთვება. 21-ე საუკუნე კონკურენციის საუკუნეა და მშობელს სადაც სურს, შვილს იმ სკოლაში ატარებს. საბოლოო ჯამში მაინც იქით მივდივართ, რომ სოფელი და სკოლა ახალგაზრდებისგან იცლება. მოსწავლეთა რაოდენობა დაბა ხარაგაულის სკოლებშიც შემცირდა. ფარცხნალის სკოლაში ერთ დროს საკმაოდ მრავალრიცხოვანი კლასები იყო. ამ სკოლას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია.
ნოდარ თაბუკაშვილის ძმა მომავალი სასწავლო წლისთვის ფარცხნალის სკოლის პირველ კლასში ისწავლის. სკოლაში კლასკომპლექტი გაიხსნება – პირველი-მესამე კლასი.
სკოლისთვის დიდი შენაძენია მეორე მოსწავლე. მსურს, დიდი ტრადიციების მქონე ფარცხნალის სკოლამ კვლავ მრავალი თაობა აღზარდოს.“
ნოდარ თაბუკაშვილის მამა, დავით თაბუკაშვილი, ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს. ის სოფლის დაცლის მიზეზებზე საუბრობს.
„კარგი იქნებოდა, სოფელში რომ საბავშვო ბაღი ყოფილიყო, – ამბობს დავით თაბუკაშვილი, – სასკოლო ასაკის ბავშვები მოგროვდებოდნენ. ხარაგაულში რომ ატარებ ბავშვს საბავშვო ბაღში, მერე სკოლაშიც იქ მიიყვან. ფარცხნალის სკოლაში არის იმის ფართი, რომ საბავშვო ბაღმა იფუნქციონიროს. სოფელში ბუნებრივი აირი და წყალი გვაქვს. გზა კარგია. კერიას ვერ გავაცივებ. ოჯახურ მეურნეობას მეუღლესთან ერთად ვუძღვები და მომდევნო ორი ვაჟკაცი სასწავლებლად ისევ ფარცხნალის სკოლაში უნდა შევიყვანო.“
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი