15 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუროსა და საკრებულოს სხდომები გაიმართა, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან წარსადგენ პროექტებზე იმსჯელეს. სოფელ მაქათუბანში ხიდის მშენებლობის თანხა, პროექტის ღირებულების ჩათვლით, 49 ათასი ლარით გაიზრდება და სულ ამ ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 155 304 ლარით დაფინანსდება.

წყალაფორეთის, ხიდარის, ზვარესა და ბორითის საბავშვო ბაღებისათვის ინვენტარის შეძენად განსაზღვრულია 110 800 ლარი. ამ თანხაში შედის ასევე მუნიციპალიტეტის ყველა ბაღისათვის ეზოს სათამაშო ინვენტარის შეძენა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 სექტემბრის სხდომაზე დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს მისცეს თანხმობა, განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა განმარტივებული წესით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, სოფელ მაქათუბნის საავტომობილო ხიდის საექსპერტო დასკვნის სამუშაოებთან დაკავშირებით.

საკრებულოს სხდომის შემდეგ  გამართულ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს იმ საკითხებზე, რომლებიც განიხილება საკრებულოს 6 ოქტომბრის სხდომაზე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 9 თვის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ ინფორმაციას, გამგეობის შესაბამის სამსახურთან ერთად, განიხილავს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შემადგენლობაში შედის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ლურსმანაშვილი.

საკრებულოს 6 ოქტომრის სხდომაზე დეპუტატები იმსჯელებენ ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურაზე იმსჯელებენ საკრებულოს ფრაქციები და წარმოადგენენ კანდიდატურას. კომისიის წევრები და თავმჯდომარის მოადგილე დაინიშნება საკრებულოს სხდომაზე.

 

სააგიტაციო მასალის განსათავსებელი ადგილი განისაზღვრა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს საკრებულოს შუალედური არჩევნები. საკრებულოს გადაწყვეტილებით სააგიტაციო მასალების გამოსაფენად ვახანში გამოიყო პაატა ლომსაძის საკუთრებაში არსებული მაღაზიის შენობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, საკრებულოს ეზრუნა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომლის გამოც ვახანის მოსახლეობამ 15 ივნისს არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. „წინასაარჩევნო პერიოდში კოალიციის მხრიდან გაჟღერდა დაპირება რეინჯერ მერაბ არევაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი რეალური გამოძიების ჩატარებაზე“, – აღნიშნა სხდომაზე თორნიკე ავალიშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარის ინგა მაღრაძის თქმით, მკვლელობასთან დაკავშირებით დღესაც მიმდინარეობს მოკვლევები და სამწუხაროდ, როგორც სამართალდამცავები ამბობენ, „თავიდანვე გაფუჭებული საქმეა და ძნელია ხელჩასაჭიდი ფაქტების მოკვლევა. ამ თემაზე უნდა იმსჯელონ კომპეტენტურმა ადამიანებმა. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს იყო ბევრი ასეთი საქმე, რომელიც დღესაც გამოუძიებელია.“

 

„საჭიროა მეტი კომუნიკაცია ხალხთან“

ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ დააყენა წინადადება საზოგადოებრივი დარბაზის შექმნის თაობაზე, რამაც დეპუტატებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ინგა მაღრაძის განმარტებით, საზოგადოებრივი დარბაზი შეიქმნება საკრებულოს გადაწყვეტილებით. „საჭიროა მეტი კომუნიკაცია ხალხთან. ჩვენთვის უმჯობესია, მოვისმინოთ ხალხის პოზიცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით“, – მიმართა კოლეგებს ინგა მაღრაძემ.

დეპუტატ ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, საზოგადოებრივი დარბაზი იქნება კიდევ ერთი შუამავალი რგოლი საკრებულოსა და საზოგადოებას შორის: „არ ვარ წინააღმდეგი, შეიქმნას ეს დარბაზი, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვხედავ  ამის საჭიროებას, რადგან საკრებულოს თითოეული დეპუტატი ვალდებულია საკუთარი ამომრჩევლისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე. თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, დაესწროს საკრებულოს, ბიუროს, კომისიების სხდომებს და დააფიქსიროს საკუთარი აზრი, მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია და ამის ფონზე რა საჭიროა საზოგადოებრივი დარბაზი? დარბაზის შექმნას და ლაპარაკს ჯობია საქმეს მივხედოთ, ვიაროთ სოფლებში, ხალხის პრობლემები მოვისმინოთ და მოვაგვაროთ,“ – აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.

„ხარაგაულის მოსახლეობამ თვითონ შექმნა დარბაზი და სამსჯელო ორგანო – საკრებულო, – აღნიშნა დეპუტატმა ვარლამ (ტატო) თავზარაშვილმა ,- საკრებულომ უნდა იმსჯელოს მოსახლეობის პრობლემებზე. ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ჩვენსა და მოსახლეობას შორის არსებობდეს შუამავალი რგოლი. ეს არის ხარაგაული და არ არის თბილისი, რომ რაიმე პრობლემას ვერ ვხედავდეთ და რაიმე გამოგვეპაროს.“

დაბა ხარაგაულის დეპუტატმა გივი თხელიძემ კოლეგებს შეახსენა, რომ ხარაგაულში არსებობს ინიციატორთა დარბაზი, სადაც გაწევრიანებული პირები იკრიბებიან და მსჯელობენ სხვადასხვა საჭირბოროტო თემებზე. „საკრებულოსთან საზოგადოებრივი დარბაზის შექმნა არ არის მისაღები და სწორი, ჩემი აზრით,“ – ბრძანა გივი თხელიძემ.

იუზა კელენჯერიძის თქმით, „არ არის საჭირო საკრებულოსთვის კიდევ ერთი მაკონტროლებელი ორგანო.“

საკრებულოს ბიუროს წევრებმა საზოგადოებრივი დარბაზის შექმნას მხარი არ დაუჭირეს, რის გამოც ეს საკითხი 6 ოქტომბრის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აღარ შევა.

 

ვინ იქნება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე

საკრებულოს მომავალ სხდომაზე დეპუტატები დაამტკიცებენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობას. 15 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ ამ საკითხის შესახებ წარმოადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელად განსაზღვრული იყო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე,

დეპუტატ ვარლამ (ტატო) თავზარაშვილის თქმით, „ხარაგაულში საკონკურსო-საატესტაციო კომისია შექმნილია და არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ უკვე არსებული კომისია გაუქმდეს. საჯარო მოხელეთა უმრავლესობამ უნდა იმუშაოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად. ამიტომ ისინი მან თავად უნდა შეარჩიოს.“

საკრებულოს აპარატის უფროსის ლენა კალანდაძის განმარტებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს დაწესებულების ხელმძღვანელი და მას ნიშნავს საკრებულო.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე მიზანშეწონილია იყოს საკრებულოს თავმჯდომარე და საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე – მუნიციპალიტეტის გამგებელი.

დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი აღნიშნავს, რომ აუცილებელია შეიქმნას ეს კომისია და მუნიციპალიტეტის გამგეობაში კადრები შეირჩეს კონკურსის წესით, მაგრამ „რატომ უნდა დანიშნოს გამგეობის მოხელე საკრებულოს თავმჯდომარემ? არც ერთ კანონში არ წერია, რომ ამ კომისიის ხელმძღვანელი უნდა იყოს საკრებულოს თავმჯდომარე.“

ამ საკითხის განხილვა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა დაევალა საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას.

ვარლამ (ტატო) თავზარაშვილმა თხოვნით მიმართა საკრებულოს აპარატს, შევიდეს ცვლილება აღნიშნულ პროექტში. „შევიტანოთ საკრებულოზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი, გვარ-სახელების გარეშე,“ – აღნიშნა დეპუტატმა.

ლენა კალანდაძის თქმით, კომისიებმა და ფრაქციებმა უნდა შეიმუშაონ და შეაჯერონ ერთი კანდიდატურა, რომელსაც საკრებულოს სხდომაზე დასანიშნად წარადგენენ.

 

დეპუტატები ხარჯების ანაზღაურების წესზე მსჯელობენ

ბიუროს სხდომაზე განიხილეს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სამმართველოსგან მიღებული რეკომენდაციით დეპუტატების ხარჯების ანაზღაურება ხდება საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

ამ საკითხზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თამჯდომარემ ვარლამ ჭიპაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული რეკომენდაცია განიხილა კომისიამ და ამ ფორმულირებით ანაზღაურების მაქსიმუმი ზღვარი, დეპუტატის სამოქმედო ტერიტორიიდან გამომდინარე, მიიღო 306 ლარი, ხოლო ახლო სოფლების დეპუტატების შემთხვევაში – 108 ლარი. „აღნიშნული რეკომენდაცია არ მოიწონა კომისიის არც ერთმა წევრმა, რადგან ჩვენ ვერ შევძლებთ შესაბამისი დოკუმენტების მოტანას. რასაც მოვიტანთ, ისიც არ იქნება მყარი,“ – აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოადგინა დასკვნა, რომლის მიხედვითაც: „საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომების და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ასევე საკრებულოსა და მისი თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის ხარაგაულის მუინიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის უფლებამოსილების განხორციელებისთვის დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების სრული ოდენობა განისაზღვრება 350 ლარით, მათ შორის  20 ლარი სატელეფონო მომსახურების, 50 ლარი საკანცელარიო მომსახურებისთვის.

მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურმა უნდა უზრუნველყოს  თანხის გაცემა ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვამდე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით საკრებულოს წევრის საბანკო ანგარიშზე.

თანხა გაიცემა წარმომადგენლობითი ხარჯებიდან, რომლიდანაც არ იქვითება საშემოსავლო გადასახადი. დეპუტატები უფლებამოსილების განხორციელებისთვის მიიღებენ 350 ლარს სრულად.“

სხდომაზე გადაწყდა, რომ აღნიშნულ პროექტზე იმუშავებენ საკრებულოს კომისიები და წარმოადგენენ დასკვნებს.

თამთა გოგოლაძე