(მოწოდებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სამმართველოსგან)

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები შეიძლება ანაზღაურდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

ხარჯების ანაზღაურება არ ეხება საკრებულოს თანამდებობის პირებს (საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეებს). საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მათი საქმიანობა ანაზღაურებადია, შესაბამისად თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრა ხდება საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით. საკრებულოს თანამდებობის პირების (როგორც საჯარო მოსამსახურეებიის) მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დამატებით ანაზღაურება არ ხდება. ამასთან დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის, მ.შ. თანამდებობის პირისთვის, ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით.

საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის თანამდებობის პირი) მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშება ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

  1. სატრანსპორტო ხარჯების დათვლის პრინციპი:

ა) საკრებულოს სხდომებზე და კომისიების/ფრაქციების სხდომებზე დასასწრებად საჭირო სატრანსპორტო ხარჯების გამოსათვლელად საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც არ ცხოვრობს ადმინისტრაციულ ცენტრში: განისაზღვროს მანძილი (კილომეტრებში) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან საკრებულოს წევრის საცხოვრებელ დასახლებულ პუნქტამდე და გამრავლდეს 2-ზე. ანაზღაურება ხდება თვეში მაქსიმუმ 10 სხდომაზე დასწრებისათვის და ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება საკრებულოს და კომისიების/ფრაქციების სხდომებში მისი მონაწილეობის ამსახველი საოქმო ჩანაწერები.

ბ) საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის სატრანსპორტო ხარჯების გამოსათვლელად: განისაზღვროს მანძილი (კილომეტრებში) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან იმ დასახლებულ პუნქტამდე, სადაც ტარდება შეხვედრა, და გამრავლდეს 2-ზე. ანაზღაურება ხდება თვეში მაქსიმუმ 5 შეხვედრაზე დასწრებისათვის და ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება მოსახლეობასთან  შეხვედრის ოქმი.

გ) სატრანპორტო ხარჯის გამოსათვლელად ა) და ბ) პუნქტების მიხედვით განსაზღვრული მანძილი მრავლდება 0,12-ზე და ბაზარზე არსებული საშუალო ხარისხის 1 ლიტრი ბენზინის ფასზე (საორიენტაციოდ – 2,25 ლარი);

დ) სატრანსპორტო ხარჯები გაიანგარიშება საკრებულოს თითოეული წევრისათვის.

მაგალითი: მუნიციპალური ცენტრიდან A პუნქტამდე (საკრებულოს წევრის საცხოვრებელი დასახლება) მანძილი შეადგენს 30 კმ-ს. სატრანსპორტო ხარჯი ამ პუნქტამდე ერთი მგზავრობისათვის იანგარიშება ასე: 30 X 2 X 0.12 X 2.25 = 16.2 ლარს. ყოველთვიურად ანაზღაურებადი სატრანსპორტო ხარჯების ზღვრული ოდენობა სხდომებზე დასასწრებად საკრებულოს ამ წევრისათვის, რომელიც არ ცხოვრობს ადმინისტრაციულ ცენტრში, იქნება 16,2 X 10 = 162 ლარი.

დავუშვათ, მუნიციპალური ცენტრიდან B პუნქტამდე (საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრის ადგილი) მანძილი შეადგენს 35 კმ-ს. სატრანსპორტო ხარჯი ამ პუნქტამდე ერთი მგზავრობისათვის იანგარიშება ასე: 35 X 2 X 0.12 X 2.25 = 18.9 ლარს. ყოველთვიურად ანაზღაურებადი სატრანსპორტო ხარჯების ზღვრული ოდენობა მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით საკრებულოს წევრისთვის იქნება 18.9X 5 = 94.5 ლარი.

მთლიანობაში, თვეში ასანაზღაურებელი სატრანსპორტო ხარჯების ზღვრული ოდენობა საკრებულოს ასეთი წევრისთვის შეადგენს 162+94.5=256.5 ლარს).

  1. საკომუნიკაციო ხარჯების დათვლის პრინციპი:

საკომუნიკაციო ხარჯები უნაზღაურდებათ საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც ჩართული არიან მობილური კავშირის კორპორატიულ ქსელში. ხარჯების გადახდა ხორციელდება ფაქტიური ხარჯის მიხედვით თვეში – 20 ლარის ლიმიტის ფარგლებში.

  1. სხვა ხარჯების ანაზღაურების პრინციპი:

საკრებულოს წევრს სხვა ხარჯებისათვის (საფოსტო, ინტერნეტის, ქსეროასლების გადაღებისა და ა.შ.) ყოველთვიურად ეძლევა 50 ლარი.

ანაზღაურების წესი

ვინაიდან საქართველოს კანონი კრძალავს საკრებულოს წევრებზე ხელფასის სახით თანხების გაცემას, ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება საბიუჯეტო კლასიფიკაციის „საქონელი და მომსახურების“ მუხლის ფარგლებში „წარმომადგენლობითი ხარჯებით“, რომელიდანაც არ იქვითება საშემოსავლო გადასახადი.

– საკრებულოს სხდომებზე და კომისიების/ფრაქციების სხდომებზე დასასწრებად საჭირო სატრანსპორტო ხარჯების ასანაზღაურებლად საკრებულოს აპარატი ყოველთვიურად ამზადებს ბუღალტერიისათვის წარსადგენ ინფორმაციას საკრებულოს და კომისიების/ფრაქციების სხდომებში საკრებულოს წევრთა მონაწილეობის შესახებ, შესაბამისი საოქმო ჩანაწერების მიხედვით.

– საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის სატრანსპორტო ხარჯების ასანაზღაურებლადხარჯების ასანაზღაურებლად საკრებულოს აპარატი ყოველთვიურად ამზადებს ბუღალტერიისათვის წარსადგენ ინფორმაციას საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ, საკრებულოს წევრების მიერ წარმოდგენილი შეხვედრის ოქმების მიხედვით.

– საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურება ხდება მობილური კავშირის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ინვოისი/ანგარიშ-ფაქტურა) საფუძველზე ფაქტიური ხარჯის მიხედვით, საბანკო გადარიცხვის მეშვეობით.

– სხვა ხარჯები ანაზღაურდება ფიქსირებულად, თვეში 50 ლარის ოდენობით.

– საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული მოცულობების გათვალისწინებით), განხორციელდება შემდეგი თვის 10 რიცხვამდე.