კიდევ ერთი ლამაზი ისტორია დასრულდა. ცხოვრება კაცისა, რომლისთვისაც ვაჟკაცობა, კაცთმოყვარეობა, სამართლიანობა თანამდევი გახლდათ. ამ ლამაზ ცხოვრებისეულ ისტორიას ასევე ლამაზი სახელი და გვარი ამშვენებდა – თემიკო დევდარიანი.
ხარაგაულელებისთვის ათეული წლების განმავლობაში თემიკო დევდარიანის სახელი და გვარი თითქმის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა მთელს საქართველოში. იგი იყო ხარაგაულელების მოსიყვარულე, ქომაგი და მრავალი კეთილშობილური საქმის სულისჩამდგმელი. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ მისი თაოსნობით და უახლოესი მეგობრების დახმარებით (რომლებიც მრავლად ჰყავდა), რაიონისთვის საფეხბურთო მოედნის აშენება. მისივე ხელშეწყობით მოხდა საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ ჩამოყალიბება, რომლის პრეზიდენტის მოვალეობასაც მრავალი წლის განმავლობაში ღირსეულად ასრულებდა.
მართალი კაცი იყო – არც წარსულის ეშინოდა და არც მომავლის! ლამაზად და კაცურად იცხოვრა. დატოვა კვალი ნათელი და სათქმელი, რომ ცხოვრება მართლაც ღირდა!
„შევდგები ცერზე როგორც ავაზა,
ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,
მერე მოვკვდები ისე ლამაზად,
ვით დაიბადა ეს ყველაფერი!“

მარიამობა დღეს გამთენიისას მიიბარა უფალმა მისი სული. ღმერთო, დაუმკვიდრე თემიკო დევდარიანის სულს ადგილი ზეციურ საქართველოშ, – იქ სადაც მართალნი განისვენებენ!
მეგობრების სახელით: ვალოდა კელენჯერიძე, ამირან ოქრომჭედლიძე, ვანიკო მაჭავარიანი, ლაშა თაბუკაშვილი, გია ლოლაძე, თამაზ კიკნაძე, ზურაბ გოლუბიანი, ტოგო ხიჯაკაძე, ომარ გაბუნია, მეთოდე ნიქაბაძე, ნუგზარ ბუაჩიძე, სოსო დევდარიანი, ზურაბ მაჭავარიანი, ვახტანგ მაღრაძე, ვაჟა ბერიძე, რამაზ დევდარიანი, ზაზა დევდარიანი, მურმან ლომიძე, ჯუმბერ ფერაძე