
ხარაგაულელი ფერმერების ნაწილი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული აგრობარათებითა და საწვავის ფასდაკლების ტალონებით ვერ სარგებლობს.
თუ ფერმერს საჯარო რეესტრში 0.25 ჰექტარზე ნაკლები მიწა აქვს დარეგისტირებული, ის მთავრობისგან დადგენილი შეღავათებით ვერ ისარგებლებს.
პრობლემაა ისიც, რომ თუ ერთი მიწის ნაკვეთს რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს, მათ საჯარო რეესტრს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიაკითხონ და ყველა მესაკუთრის პირადობის მოწმობა წარადგინონ. ამონაწერის განახლებისა და თანამესაკუთრეთა დაზუსტების შემდეგ ყველა მათგანის თანხმობაა საჭირო, თუ ვის გადაეცეს საწვავზე ფასდაკლების ტალონი და აგრობარათი.
„გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, – ამბობს ხარაგაულში, სოფელ ბაზალეთში მცხოვრები მარინე ქოჩიაშვილი, – მიწები ოფიციალურად გასულ წელს დავარეგისტრირეთ, მაგრამ გვითხრეს, რომ თითოეული ნაკვეთის ფართობი 0, 25 ჰა-ზე ნაკლებია. ჩემი მეუღლის მამიდას გარდაცვალების მოწმობა მოითხოვეს, თქვენს მისამართზე ვინც არის რეგისტრირებული, ყველა საჯარო რეესტრში მივიდესო.
ამდენი წვალება რატომ გვჭირდება, ვერ ვხდებით. გამოდის, რომ პროგრამა ისევ ძლიერი, დიდი მიწების მქონე ფერმერების დასახმარებლად შეიმუშავეს. ვისაც პატარა ფართობები გვაქვს, ისევ გაჭირვებულ მდგომარეობაში ვრჩებით“.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ბონდო კიკნაველიძე ამბობს, რომ ხარაგაულში უკმაყოფილო ფერმერთა რიცხვი საკმაოდ ბევრია. თუმცა, იმის აღრიცხვას, ვის რა მიზეზით ეუბნებიან პროგრამაში ჩართვაზე უარს, მათი სამსახური არ აწარმოებს.
„ყველაზე დიდ პრობლემას ერთ მიწაზე რამდენიმე თანამესაკუთრის დაფიქსირებისას ვაწყდებით, – ამბობს ბონდო კიკნაველიძე, – ზოგი მათგანი უცხოეთშია, ზოგი – ციხეში, ზოგი გარდაცვლილია და შესაბამისი ცნობა არ არსებობს. ამ პრობლემის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაცნობეთ“.
სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების კოორდინატორი ლევან უროტაძე ამბობს, რომ „სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამა ფერმერთა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ხორციელდება და უნდოდათ, რაც შეიძლება ჩქარა დაეწყოთ.
„წინააღმდეგობები რომ იქნებოდა, ეს ვიცოდით, – ამბობს ლევან უროტაძე, – თუმცა, ჯერჯერობით, პრობლემის ტექნიკურად გადაწყვეტის გზებს ვერ მივაკვლიეთ. თანამესაკუთრეების იდენტიფიცირება რთული აღმოჩნდა. საჯარო რეესტრთან ერთად ამ თემაზე ინტენსიურად ვმუშაობთ. ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ვერ მივედით“.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო
ხარაგაულის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში, სადაც მეწყრული
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის
ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში