ჩემო უფროსო, ერთგულო მეგობარო, ჩემო სულიკო! ძალიან მიმძიმს შენზე წარსულ დროში საუბარი. სულ ახლახან, რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ, იმედებით და ახალი იდეებით, როგორც ყოველთვის, შენი საყვარელი „ოდილას“ წინსვლის და წარმატებების ახალი პერსპექტივებით და შეთავაზებებით იყავი სასიამოვნოდ აფორიაქებული.

შენი, არცთუ ხანმოკლე ცხოვრება, ქართული ნიჭიერების და ქართული დაუოკებელი სულის ნათელი გამობრწყინება იყო. ბოლო, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ხარაგაულის კულტურული ცხოვრების ყველაზე ნათელი სხივი ანსამბლი „ოდილა“ იყო, რომელსაც ფოლკლორის მესვეურნი „ქართული ფოლკლორის მარგალიტს“ უწოდებენ და არსად, არც ერთ კონკურსზე პირველობა არ დაუთმია. ახლა, ამ მძიმე წუთებში, არ  ვთვლი საჭიროდ ანსამბლ „ოდილას“ ჯილდოებისა და რეგალიების ჩამოთვლას, მაგრამ გპირდები, რომ ამას მომავალში აუცილებლად გავაკეთებ ისე, როგორც ეს შენს განვლილ გზასა და ანსამბლ „ოდილას“ უდიდეს წარმატებებს შეეფერება. ამ ფოლკლორული ჯგუფის ისტორია და საქმიანობა, არათუ ხარაგაულის, არამედ მთელი საქართველოს ღირსებაა. ბევრჯერ მიამაყია გაბრწყინებულ დარბაზებსა და პრესტიჟულ ფესტივალებზე, როცა მთელი საქართველოს მუსიკალური და არა მარტო მუსიკალური საზოგადოება, ფეხზე წამომდგარი, მქუხარე ტაშით და შეძახილებით ხვდებოდა სცენაზე „ოდილას“ გამოჩენას, სიხარულის და ბედნიერების ცრემლები მახრჩობდა იმ წუთებში და არ მიწყენენ „ოდილას“ წევრები, ჩემი უსაყვარლესი მეგობრები და ადამიანები, თუ ვიტყვი, რომ ამ უდიდეს გამარჯვებებში, შენ, როგორც ანსამბლის ხელმძღვანელს და შესანიშნავ ორგანიზატორს, ლომის წილი გქონდა.
უკანასკნელი 15-17 წლის განმავლობაში, ძალიან მჭიდრო იყო ჩემი თეატრისა და „ოდილას“ თანამშრომლობა, ძალიან ბევრი სიხარული გვიზეიმია ერთად ხარაგაულში, თბილისსა თუ ქუთაისში, ერთი ჭირი და ლხინი, ერთი საფიქრალი და საზრუნავი გვქონდა, როგორ წარმოგვეჩინა ხარაგაულის სახელი ღირსეულად. მინდა შენზე ვწერო და არ გამომდის, რადგან სულიკო ციმაკურიძის და „ოდილას“ ისტორია ერთი და განუყოფელი ორგანიზმია, შენი სახელი სისხლხორცეულად არის დაკავშირებული ამ ანსამბლთან, როგორც მის შემქმნელსა და უცვლელ ხელმძღვანელთან, ფოლკლორის ჭეშმარიტ ქომაგთან, დაუღლელ და საოცარი ენერგიის მქონე ადამიანთან, რომელიც მისხალ-მისხალ კრებდა ქართულ საუნჯეს და რომელიც წლების განმავლობაში ულამაზეს ხმებად იღვრებოდა ანსამბლის რეპერტუარში.
იმერული მიწის მადლი და სურნელი, ვაზის ნაჟური, სიმინდის ყანის და ცვრიანი ბალახის ჯავარი, იმერელი გლეხის სიბრძნე, წარსულში ფესვებგამჯდარი ქართული ფოლკლორის მადლი, ულამაზესი ოდა და კარმიდამო, ლამაზი ოჯახი, საამაყო შთამომავლობა, ხალხის სიყვარული, უამრავი ჯილდო და დაფასება, საყვარელი საქმის მსახურება და საოცარი ერთგულება – რა შეიძლება ინატროს კაცმა უფრო მეტი. ასეთი სავსე ცხოვრებით იცხოვრა სულიკო ციმაკურიძემ. მჯერა, რომ ანსამბლი კვლავაც  ღირსეულად გააგრძელებს მოღვაწეობას, რადგან ეს ერთი დიდი ოჯახი იყო და ოჯახის უფროსის წასვლით გამოწვეული უდიდესი ტკივილი და სინანული ვერ შეაჩერებს იმ ენერგიას, რომელსაც ანსამბლის ხელმძღვანელი ათწლეულები ახმარდა მის წინსვლას და განვითარებას. გულწრფელად თანაგიგრძნობთ ჩემო იუზა, ომარი, იური, სოსო, დუტუ ჩვენ დიდი და საამაყო, ერთგული მეგობარი დავკარგეთ, მაგრამ მეტს გვავალებს მისი ხსოვნა, ჩვენ ვიცით ჩვენი ადამიანური მოვალეობები.
დღითიდღე ვღარიბდები, იმქვეყნად წავიდა უფროსი თაობის ჩემი ბევრი მეგობარი, მათ რიცხვს შენც შეემატე ჩემო სულიკო, მართლა ღირსეულო ქართველო, ხარაგაულელო და მამულიშვილო. გუშინ ეკლესიაში შევედი და შენს სახელზე სანთელი დავანთე, უსაშველოდ მეტკინა გული, შენ უკვე მარადისობის მგზავრად იქეცი, სანთლის ალში შენი სული ციაგებდა, ვეღარაფერს შევცვლით…

მშვიდობით ჩემო ერთგულო, საამაყო მეგობარო!

იზა ვეფხვაძე  

 

ოლივია ისე მღერის `შაშვი კაკაბს~, რომ გაოცდები, – გვითხრა ბატონმა სულიკომ 2010 წლის ზაფხულში, ქართული ფოლკლორის უცხოელ თაყვანისმცემლებს იმერულ ხალხურ სიმღერებს რომ ასწავლიდა. ამ ფოტოზე ბატონი სულიკო ოლივია განტონთან ერთადაა გადაღებული.

 

ანსამბლი ოდილა~ სულიკო ციმაკურიძის შემოქმედებით საღამოზე თბილისში, რუსთაველის თეატრში