
რა მდგომარეობაა მოსახლეობაზე საშეშე ბარათების გაცემის კუთხით და რა ოდენობის ტყეკაფია გამოყოფილი საშეშედ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, – ამ საკითხებზე ხარაგაულის სატყეო უბნის უფროს გია ჭიპაშვილს მივმართეთ.
გია ჭიპაშვილის ინფორმაციით, ამჟამად ხარაგაულში გახსნილია ოცი ტყეკაფი. მისივე თქმით, ზოგი მათგანი დამუშავების პროცესშია. „ჩვენ ბაზაში უნდა დავარეგისტრიროთ ტყეკაფი და მას ამის შემდეგ სპეციალური კოდი ენიჭება, – განმარტავს გია ჭიპაშვილი, – სულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 102 ტყეკაფი. ერთ სოფელში ორი ტყეკაფი თუ არის გამოყოფილი, ერთის მარაგი რომ ამოიწურება, შემდეგ გაიხსნება მეორე. უშეშოდ არავინ დაგვრჩება. გამოყოფილი ტყეკაფი ყველა ოჯახს ეყოფა. ამჟამად 20 ათასი მ3 საშეშე მასალაა მობეჭდილი. ამაზე მეტი არასდროს ყოფილა. მოსახლეობის ნაწილი საკუთარ საკარმიდამოში ჭრის შეშას, ზოგი ეროვნული პარკის ტყეკაფიდან სარგებლობს, ზოგი უკვე ბუნებრივი გაზით თბება.“
იმისთვის, რომ შეშა კანონიერად მოვიპოვოთ, გია ჭიპაშვილის განმარტებით, უნდა მივაკითხოთ ტყისმცველს, რომელიც მოგვცემს იმ ტყეკაფის კოდს, სადაც გვსურს შეშის მოპოვება. ამ კოდის მიხედვით გადავიხდით თანხას ბანკში. ერთ მ3 შეშის ღირებულებაა 6 ლარი. მოქალაქეს უფლება აქვს შვიდი მ3 შეშა მოჭრას. ერთი თვის განმავლობაში შეუძლია იმუშაოს ტყეკაფში და როცა გადაწყვეტს საშეშე მასალის ტრანსპორტირებას, ტყისმცველი ამოუწერს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტს.
მოსახლეობისთვის სერიოზული პრობლემაა ტყეკაფებამდე მისასვლელი მოუწესრიგებელი გზები. გია ჭიპაშვილი ამბობს, რომ ტყეკაფის გამოყოფას თავისი წესი და რიგი აქვს – გასათვალისწინებელია ტყის დახრილობა, სიხშირე, რელიეფი. „მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ტყეკაფი ახლოს ყოფილიყო მოსახლეობასთან და გაადვილებოდათ შეშის მოპოვება, – ამბობს გია ჭიპაშვილი, – ზოგან სოფლის მოსახლეობამ თავად მოაწესრიგა გზები. ჩვენ მონაცემები გადავეცით ზემდგომს და, შესაძლოა, რამდენიმე ტყეკაფში მისასვლელი გზა გაკეთდეს.“
თუ საკუთარ საკარმიდამოში გვსურს საშეშედ ხის მოჭრა, ამ შემთხვევაში არავითარი საბუთი არ გვჭირდება, ხოლო თუ სხვისთვის მიგვაქვს საკუთარ საკარმიდამოში მოჭრილი შეშა, დაგვჭირდება ცნობა გამგებლის წარმომადგენლისგან, რომ ეს შეშა ნამდვილად ჩვენ საკარმიდამოში მოვჭერით.
„საკუთრებაში არსებული ხის სამასალედ გამოყენება მოქალაქეს შეუძლია. ამ შემთხვევაში ის ცნობას ღებულობს გამგებლის წარმომადგენლისგან, რომ ხე ნამდვილად მის საკარმიდამოშია მოჭრილი და ამ ცნობას იმერეთის სატყეო სამსახურში აგზავნის, – განმარტავს გია ჭიპაშვილი, – შემდეგ წერილი ჩვენ გადმოგვეგზავნება. ხუთი დღის ვადაში ვალდებული ვართ, შევამოწმოთ მოთხოვნის კანონიერება და მოვბეჭდოთ ხე სახერხში გადასატანად.“
ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საშეშე მასალა კანონიერად მოიპოვოს. „ყველას მივმართავ, ნუ მოჭრიან ხეს უკანონოდ. ჩვენი მიზანი და სურვილი არ არის ხალხის დაჯარიმება. ნაშთიც გვაქვს შარშანდელი ტყეკაფების და უშეშოდ არავინ დარჩება,“ – დასძენს გია ჭიპაშვილი.
გთავაზობთ ტყისმცველების საკონტაქტო ტელეფონებს:
ბორითი – ლევან სახვაძე – 595 00 30 63, ბექა გლუნჩაძე – 595 00 60 56;
საქასრია – ვაჟა წიქარიშვილი – 599 89 88 45;
მოლითი – ალი მურადოვი – 595 00 55 52, მამუკა ფერაძე – 595 09 55 28;
წიფა – გიორგი რიკაძე – 595 000 683;
ზვარე – ნიკოლოზ მაღრაძე – 595 000 399, პაპუნა ჭიპაშვილი – 595 00 30 64;
ვარძია – კახა ხიჯაკაძე – 599 89 88 47, სიმონ ფოფხაძე – 595 000 390;
რიკოთხევი – დემური კურტანიძე – 595 00 30 68, ერასტი ღამბაშიძე – 595 000 362, დავით სამხარაძე – 595 00 30 75.
ნინო კაპანაძე
მერვე წელია, მიხეილ ბანცაძე და ნესტან ტალახაძე ოჯახით გერმანიაში ცხოვრობენ.
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე