ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის ტერიტორიულ ერთეულში ექვსი სოფელი – საღანძილე, ჯაფაროული, ჩხერი, ზარანი, ვანი და სხლითი ერთიანდება.

დანგრეული საუბნო გზები, სოფლებიდან ახალგაზრდების მიგრაცია, გარე განათების არქონა და დასუფთავების პრობლემები, ხე-ტყეზე ხელმიუწვდომლობა და ინტერნეტის დაბალი სიხშირე – ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რაც ამ ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლის მოსახლეობას აწუხებს.

მოსახლეობა ხე-ტყის რესურსებით ვერ სარგებლობს
საღანძილის ტერიტორიული ერთეულის სოფლების მაცხოვრებლები ხე-ტყეზე ხელმიუწვდომლობას უმთავრეს პრობლემად მიიჩნევენ. სოფელში თუ ცხოვრობ, ღობეც საჭიროა, საქათმეც და ბოსელიც – ამბობენ ისინი. „სამასალე ხე-ტყეს ვინ დაეძებს, ღობისთვის სარის მოჭრაც კი არ შეიძლება. ვისაც სახერხი ჰქონდა, ყველა დააჯარიმეს და გააჩერეს“, – ამბობს ვანელი ნინო გურგენიძე.

სხლითში მცხოვრებ ნუგზარ ლომსაძეს, წლებია, საკუთარ ეზოში მოჭრილი ხის მორები ულპება, რადგან სახერხი არა თუ სოფელში, რაიონშიც კი ვერ მოიძია.

„სოფლები დაიცალა, ნავენახარსა და საბაღე ადგილებზე ბუნებრივი გატყევების პროცესი მიმდინარეობს. ამ რესურსის გამოყენების უფლება კი სოფლის მოსახლეობას არ გვაქვს. „პიკაპიანი ბუნების დამცველები“ სოფლის მაცხოვრებლებს, საკუთარ კარ-მიდამოში მოჭრილი სარისთვის, უმოწყალოდ აჯარიმებენ.

მეზობელმა გაზაფხულზე ყანაში ჩალის ნარჩენები და გამხმარი მცენარეები მოაგროვა და ცეცხლი წაუკიდა. ამ „ბუნების დამცველებმა“ კი 200 ლარით დააჯარიმეს. სანამ ჯარიმას დააწესებენ, გაგვაფრთხილონ ან სოფელში მოვიდნენ და გვითხრან, ან ტელევიზორით გამოაცხადონ, რომ ეს მოქმედება დასჯადია. ოღონდ იქვე გვასწავლონ, სად წავიღოთ ეს ნარჩენები, ვინ ჩაიბარებს?!“ – კითხულობს ბატონი ნუგზარი.

 

გმირის სახლამდე გზა მიუვალია
საღანძილის, ჯაფაროულის, ჩხერის, ზარანის, ვანისა და სხლითის სასოფლო გზების პრობლემა, მეტ-ნაკლებად, მოგვარებულია. თუმცა, დანგრეული საუბნო გზები კვლავ დიდ პრობლემად რჩება.

„ჩვენს უბანში ხიდ-ბოგირის გაკეთება დაიწყო, წყლის სადინარში „კალიცოები“ ჩაყარეს. ამის გამო გზა დავიწროვდა და ტალახით დაიფარა. გადაადგილება მხოლოდ სათევზაო „ვალინკებით“ შეიძლება. სასწრაფო რომ დაგვჭირდეს, ვერ ამოვა“, – ამბობს სოფელ ვანის ჩხაკოურის უბანში მცხოვრები ტარიელ ხარებაძე.
სხლითში გამოძახებული სასწრაფო დახმარების ავტომანქანა დანგრეულ გზებზე ტალახში ჩავარდა და მის ამოსაყვანად სამაშველო ჯგუფის გამოძახება დასჭირდათ.

მოსაწესრიგებელია საუბნო გზები ჩხერში: „ჩვენს სოფელში ცენტრალური გზის მოწესრიგება ორ ეტაპად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ უბნად ვითვლებით, ჩვენს მიუვალ გზას მაინც არაფერი ეშველა, – ამბობს ჩხერელი მაია მესხიშვილი, – „განსაკუთრებით რთულ მონაკვეთს“ უწოდებენ და მის მოწესრიგებაზე არავინ ზრუნავს. საღანძილის სკოლაში ვმუშაობ და ამ გზაზე ყოველდღე დავდივარ. ჩხერელი გია ლურსმანაშვილი მხოლოდ ჩვენი სოფლის გმირი ხომ არ არის?! წვიმიან ამინდში მის სახლთან მსუბუქი ავტომობილით ვერ მიხვალ“.

„გაზიფიცირება ფუფუნებად მიგვაჩნია“
ზარან-საღანძილეში გაზიფიცირებას ადგილობრივი ხელისუფლება 2017 წელს გვპირდებოდა, თუმცა ეს დღემდე დაპირებად რჩება. საღანძილელ მარინა კიკნაძეს იმედი აქვს, რომ ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ სოფელში ბუნებრივი აირი შემოვა.
სოფლის გაზიფიცირება ჩვენთვის იმდენად შორეული პერსპექტივაა, ამ ეტაპზე პრობლემად აღარ მივიჩნევთ, უფრო ფუფუნება გვგონია, – ამბობს ვანში მცხოვრები დარეჯან შარიქაძე.

 

მიკროავტობუსი, სახელად „ბაზარი“
საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთადერთი მაღაზია საღანძილეშია. დანარჩენ სოფლებში კი პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენას იშვიათად თუ შეძლებ.

ზარანში მაღაზია არ გვაქვს, – ამბობს ვარდო ჭიპაშვილი, – პირველადი საჭიროების პროდუქტების შესაძენად ან ხარაგაულში უნდა ჩახვიდე, ან – ზესტაფონსა და ხაშურში“.

„სოფელში ხანდახან პროდუქტებით დატვირთული მიკროავტობუსი ამოდის, „ბაზარს“ ვეძახით, ყველაფერს ორმად ფასად ყიდიან“, – ამბობს ვანში მცხოვრები დარეჯან შარიქაძე.
საღანძილის სოფლებში მედიკამენტების შეძენაც პრობლემაა, არც ერთ სოფელში აფთიაქი არ ფუნქციონირებს.

 

„ბლექ-სი გრუპმა“ ჩხერიმელას სანაპირო რომ მოაწესრიგოს…
„ადრე ვანსა და სხლითს მედპუნქტი ემსახურებოდა. ახლა სამედიცინო დახმარებისთვის საღანძილეში უნდა ჩახვიდე“, – ამბობს ნუგზარ ლომსაძე.
საღანძილის ამბულატორიის ექიმი ნანი არევაძე ყველა მცხოვრებს კეთილსინდისიერად ემსახურება. თუმცა ნანი ექიმი ამბულატორიაში მოსვლას განსაზღვრულ დღეებში ახერხებს. იქნებ, სამშაბათის ნაცვლად, ავად შაბათს გავხდი, მაშინ?! – კითხულობს მაია მესხიშვილი.
საღანძილის სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თავშეყრის ადგილი არ აქვთ, რაც განსაკუთრებით აწუხებთ ჯაფაროულში, ვანში, სხლითსა და ჩხერში.

„ჩვენს სოფელში რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიას ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებელი ჩინური კომპანია გვირაბიდან გამოტანილი მიწის საყრელად იყენებს. ამ ადგილზე სოფლის ახალგაზრდებისთვის სათამაშო მოედნის მოწყობას შეგვპირდნენ. თუმცა, მოულოდნელად, ეს ადგილი გასხვისებული აღმოჩნდა“, – ამბობს ჯაფაროულელი ბესო ხომასურიძე.

ჩხერში არც საბავშვო მოედანი გვაქვს, არც ბიბლიოთეკა, არც დასასვენებელი სკვერი. სოფელში სანაგვე ურნების განთავსებას დღემდე უშედეგოდ ვითხოვთ. საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მოსახლეობა ღელეებში ყრის“, – წუხს ჩხერელი თამარ მაღლაკელიძე.

ჩემს სახლთან ახლოს, ჭალაში ჩინური კომპანია ქვა-ღორღის გადამამუშავებელ მცირე ქარხანას ამუშავებდა. ახლა იმავე ადგილზე სამშენებლო კომპანია „ბლექ-სი გრუპი“ მუშაობს. ზაფხული დადგა, ახალგაზრდები მდინარეზე ჩადიან. მდინარის სანაპირო მოსაწესრიგებელია და ტრაქტორით რომ გადაასწორონ, მათთვის დიდი პრობლემა არ იქნება“, – ამ საქმეში ხელისუფლების დახმარების იმედი აქვს საღანძილელ მარინა კიკნაძეს.

„ჩემი სახლიდან საღანძილემდე ოთხი კილომეტრია. ბავშვები სკოლაში იქ დამყავს, საბავშვო ბაღიც იქ შენდება, მაღაზიაც იქაა, საექიმო ამბულატორიაც, ჩვენს სოფელში – არაფერი“, – ამბობს ვანელი ტარიელ ხარებაძე.

 

უმუშევრად დარჩენილმა ახალგაზრდობამ ქალაქს მიაშურა
სოფლებიდან ახალგაზრდების გადინება და სოფლის დაბერება გლობალური პრობლემაა და არც საღანძილეს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია გამონაკლისი.

„ჩვენი სოფელი ხალხმრავლობით გამოირჩეოდა, რადგან რაიონულ ცენტრთან ახლოსაა, – ამბობს ჯაფაროულელი ბესო ხომასურიძე, – სამუშაო ადგილები არ არის. შემოსავლის გარეშე დარჩენილი ახალგაზრდობა ქალაქში წავიდა. ამის გამო ჩვენი სოფელიც ნელ-ნელა იცლება“.

„სოფელში დარჩენილ მოხუცებს იმის ძალაც აღარ შესწევთ, რომ მიწა ხარით ან ტრაქტორით დაამუშაონ. ამიტომ მიწის დასამუშავებლად დამატებითი ხარჯის გაღებაა საჭირო.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩხერში, რაც თავი მახსოვს, არასოდეს ყოფილა. თუ წვრილფეხისთვის საჭმელს შეიძენ, სახლში ტაქსით უნდა აიტანო. ტაქსი 10 ლარზე ნაკლებად არ მოგემსახურება. მხოლოდ პენსიის ამარა დარჩენილმა მოხუცმა სოფელში ამდენი ხარჯი საიდან გაიღოს?!“ – კითხულობს თამარ მაღლაკელიძე.

მაღაზია, ხიდი, ტელეფონის სიგნალი და სხვ.
„8 წელია, რაც მოსახლეობა ჩხერის ყოფილი მაღაზიის შენობის სოფლისთვის გადმოცემას უშედეგოდ ითხოვს. ჩხერში ცენტრალური გზა დაიგო. თუმცა მეწყერის გამო გზა მიწით იფარება და ზიანდება.

ზარნისკენ მიმავალ გზაზე არსებული სარკინიგზო ხიდი იმდენად დაბალია, რომ მასში სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანა ვერ გადის. სოფელში ნაგვის ურნებიც ამის გამო არაა – თვითმცლელ ნაგვის მანქანასაც ხიდის ქვეშ გასვლა უჭირს.
ზარნელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ემსახურება. მათი გადაადგილების ერთადერთი საშუალება „მასტერაო“ ან კერძო მანქანაა. აქ შინაურ პირუტყვს ან დათვი და მგელი ეტანება, ან – მატარებლის მსხვერპლი ხდება, რადგან რკინიგზის მონაკვეთი შეღობილი არაა.

საღანძილეში, ოსანაძეების უბანში, რამდენიმე წელია, მოსახლეობა ბონდის მოწესრიგებას ითხოვს. წელს ბონდი გააკეთეს, მაგრამ ქარმა ისევ დააზიანა და მასზე გადასვლა ძალიან სახიფათოა. მოსახლეობას დაპირდნენ, რომ ბონდს ისევ შეაკეთებენ.

სხლითსა და ვანში, კარგ ამინდშიც კი, მობილური სიგნალი სუსტია. თუ ამინდი გაფუჭდა, სიგნალის დაჭერა საერთოდ შეუძლებელია. ამის გამო ვერც ინტერნეტით სარგებლობენ.

სხლითში ელექტროენერგიის შემკრები „ტრანსფორმატორი“ სოფლისგან მოშორებითაა და მოსახლეობას ელექტროენერგია ნაკლები ძაბვით მოეწოდება.

რას ამბობს ხელისუფლება
„საღანძილის თემის მოსახლეობას ყველაზე მეტად სოციალური პრობლემები აწუხებს, – ამბობს საღანძილის ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენელი პაატა ფცქიალაძე, – მოსახლეობა სოციალური შემწეობის დანიშვნას ითხოვს. ასევე ხშირია მომართვიანობა ხე-ტყეზე ხელმიუწვდომლობის გამო. ცენტრალური გზები ჩხერში, ზარანში, ჯაფაროულსა და სხლითში წელს მობეტონდება, ასევე დაიწყება ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის მოწესრიგებაც. სამომავლოდ, პრიორიტეტად საუბნო გზები დარჩება“.

„მოსახლეობის თითოეულ პრობლემას კარგად ვიცნობ და მათ გადაწყვეტაზე ვმუშაობთ. თუმცა, ზოგიერთი საკითხის მოგვარება მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული, – ამბობს საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით კიკნაძე, – ჩხერის ციხის ტერიტორიაზე იგეგმება ანძის დადგმა, რაც ინტერნეტის პრობლემას მოუხსნის ზარნისა და ნაწილობრივ, – საღანძილის მოსახლეობას.

ვანში მობილური ქსელების სიგნალის მიღება რთულია. რამდენიმე წლის წინ, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, სხლითში ანძა ვერ დაიდგა. ამის გამო ამ ორ სოფელში ინტერნეტის პრობლემაცაა.

საშეშე მერქნისა და სამასალე ხე-ტყის მოპოვება მხოლოდ საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის პრობლემა არაა. პარლამენტმა ტყის კოდექსი მიიღო და იმედი მაქვს, ეს საკითხები მოგვარდება.

საუბნო გზების მოუწესრიგებლობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბევრი სოფლის მოსახლეობას აწუხებს. გასულ წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ საკითხის მოგვარებას ვახერხებდით, ახლა კი ამის საშუალება აღარ გვაქვს. წელს სოფლებში ცენტრალური გზების მობეტონების სამუშაოები მიმდინარეობს. შემდეგ წლებში, იმედი მაქვს, საუბნო გზებსაც მივხედავთ.

ზარნისკენ მიმავალ გზაზე სარკინიგზო ხიდქვეშ არსებულ ბეტონს ვერ ვეხებით, რადგან ამან შეიძლება ხიდის დაზიანება გამოიწვიოს. ზარნის გზის მშენებელ კომპანიასთან ერთად ვეცდებით, რომ ამ ხიდქვეშ დასუფთავების მანქანის გავლის პრობლემა როგორმე მოვაგვაროთ.

ჩხერის მაღაზიის ყოფილი შენობა რაიკავშირს ეკუთვნის. სახელმწიფოსა და რაიკავშირს შორის, წლებია, სასამართლო დავა მიმდინარეობს. ამიტომ ამ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ თვითმმართველობის დონეზე ვერ მოხერხდება.

გარდა ამისა, საღანძილის ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობის მთავარი პრობლემა გაზაფხულზე სამეურნეო მიწების დამუშავებაა, ხარაგაულს ერთი სახნავი ტრაქტორი აქვს, რომელიც მწყობრიდანაა გამოსული. მოსახლეობა პატარა ტრაქტორით ამუშავებს მიწებს. თუმცა რამდენიმე წლის დაუმუშავებელ ადგილებს პატარა ტრაქტორი ვერ ერევა.

რთული მდგომარეობაა დასაქმების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ხარაგაულის ტერიტორიაზე მიმდინარე დიდ თუ მცირე მშენებლობებზე სამსახური იშოვეს, პრობლემა მაინც რჩება. მოსახლეობის იმ კატეგორიისთვის, რომელსაც ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლიათ, ასევე ახალგაზრდა ქალებისთვის სამუშაო ადგილები, პრაქტიკულად, არ არის.

მიმაჩნია, რომ სოციალურმა დახმარებებმა სოფელი დააქცია. სოციალური დახმარების არსი, დანიშვნისა და გაცემის წესი ამოუხსნელი რებუსია. სოფლად მცხოვრებმა ადამიანმა ფულადი შემწეობის მოხსნის შიშით მიწა აღარ დაამუშავა, პირუტყვი აღარ იყოლია, ბოსტანს აღარ მოუარა, ამან მოსახლეობის გაზარმაცება გამოიწვია.

სახელმწიფო აგრარულ პროგრამებს ახორციელებს, მაგრამ მასში ჩასართავად მიწის დიდი ფართობია საჭირო. ხარაგაული მცირემიწიანი მუნიციპალიტეტია. ჩემი აზრით, საჭიროა ამ პროგრამების დახვეწა და მოსახლეობის არსებულ პირობებზე მორგება. ჩვენი ქვეყნის განვითარება სოფლის გაძლიერებაშია.

500 ინდმეწარმე გვყავდა საღანძილის თემში, ახლა 30-მდეა, ყველა წავიდა. გარემოს დაცვის ინსპექცია მოსახლეობაზე ჩასაფრებულია, როგორმე ვინმე დაიჭირონ და დააჯარიმონ. სოფელში მცხოვრები მოსახლეობა, რომელიც სახელმწიფო რესურსს – იქნება ეს ხე, წყალი თუ სხვა რამ, – საკუთარი საჭიროებებისთვის იყენებს და არა ბიზნესისთვის, ხელი უნდა შეუწყონ და არ უნდა დააჯარიმონ“.
თამთა გოგოლაძე