„აბრეშუმი ხარაგაულიდან“ – ასე ეწოდებოდა საპილოტე პროექტს, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო.

პროექტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებლის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში მურმანი არჯევანიძე ხელმძღვანელობდა.

2017 წლის აპრილში მას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან დაუკავშირდნენ და ძაფის სახვევი აპარატის სხვა მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა სთხოვეს. ხარაგაულისთვის ნაჩუქარი დანადგარი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში უქმად იდო და გაიძარცვა, ახლა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში აგროსერვისცენტრშია.

აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეობის კათედრის დახმარებით 100 გრამი აბრეშუმის ჭიის გრენიდან მიღებული მური ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მცხოვრებ ოჯახებზე განაწილდა.

აბრეშუმის ძაფსახვევი დანადგარი ხარაგაულს ბიზნესმენმა, კომპანია „ასკანელი ძმების“ დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ უსასყიდლოდ გადასცა. ჯიმი ჩხაიძე საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებით იყო დაინტერესებული და 2016 წლის მარტში უზბეკეთიდან ჩამოტანილი თუთის ასი ათასი ნერგი სახელმწიფოს გადასცა. ამ ნერგებიდან 1000 ცალი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დარიგდა.

მურმან არჯევანიძის ინფორმაციით, ნერგების დიდი ნაწილი საქარიქედზე, კერძო პირის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე დაირგო. 400 ცალი თუთის ნერგი კი სხვა სოფლებზე გადანაწილდა. ბუჩქოვანი თუთის ჰიბრიდული ნერგების უმრავლესობამ, რომელიც ნაყოფს არ იძლევა, გაიხარა. თუმცა დღეს მის ფოთოლს ხარაგაულში თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვებად არავინ იყენებს.

რა ბედი ეწია მეაბრეშუმეობის განვითარებას ხარაგაულში, რამდენად პერსპექტიულია ამ დარგის აღორძინება და რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო იმისთვის, რომ ქართულმა აბრეშუმმა ძველი დიდება დაიბრუნოს, – ამ საკითხებით დავინტერესდით.

ხარაგაულში მეაბრეშუმეობის განვითარების პროგრამა თავიდანვე არარეალურად მიიჩნია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა ვაჟა მაჭავარიანმა. „ჩვენი სამსახურისგან თუთის ნერგები გაიცა და ეს სამინისტროს დავალება იყო, – ამბობს ვაჟა მაჭავარიანი, – მაგრამ არჯევანიძის პროექტში აღარ ჩავრეულვართ, რადგან უფრო ილუზორული იყო, ვიდრე პერსპექტიული“. ვაჟა მაჭავარიანს ამის თქმის საფუძველიც ჰქონდა, რადგან ფურცელზე დაწერილი პროგრამა არ არსებობდა. 

თავად მურმან არჯევანიძე ამბობს, რომ 25 წლის შემდეგ საქართველოში პირველად 80 კგ აბრეშუმის პარკი ხარაგაულში მიიღეს. აბრეშუმის ჭია ორ სოფელში – ლახუნდარასა და ჩხერში ოთხ ოჯახში გაანაწილეს. ჯიმი ჩხაიძესგან ნაჩუქარი აპარატით ძაფიც ამოახვიეს. ეს დანადგარი ხარაგაულში ყოფილი გამთიშველების ქარხნის ერთ ოთახში იყო განთავსებული. არჯევანიძის ინფორმაციით, ოჯახებმა აბრეშუმის პარკის მოყვანისთვის თანხა მიიღეს.

2016 წლის 28 დეკემბერს მურმან არჯევანიძე რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისგან დაწყებული საქმის გაგრძელება არც არავის უცდია და არც მოუნდომებია.

მურმანი არჯევანიძე ამბობს, რომ ასი ოჯახის სია ჰქონდა, რომლებიც 3-3 გრამ აბრეშუმის ჭიის მურს დააჯენდნენ, რაც, მისივე თქმით, შემოსავლის სერიოზული წყარო იქნებოდა. თუმცა რა რაოდენობის პარკს მიიღებდნენ, სად და რა ფასად გაყიდნენ, ეს ხარაგაულში მეაბრეშუმეობის განვითარების იდეის ავტორს არ დაუთვლია.

„რატომ მთხოვთ პროექტს, ჩემთვის გაუგებარია, – ამბობს მურმანი არჯევანიძე, – რა საჭიროა პროექტი. მოხსენებით ბარათებს ვწერდი და გამგეობის საფინანსო სამსახურში მიმქონდა, თუმცა არ მიფინანსებდნენ. ბევრი ვიარე საკუთარი სახსრებით სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სამეცნიერო კვლევით ცენტრში, მივლინების თანხაც კი არ მიმიღია. ეკონომიკის სამინისტროს აქვს პროგრამა, რომელიც 2015 წელს შექმნა. სხვა პროგრამა რა საჭიროა?!“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო განყოფილების უფროსი, ნინო მაღლაკელიძე განმარტავს, რომ ამ საქმისთვის, პროგრამული დასაბუთების გარეშე, საბიუჯეტო თანხას ვერ გასცემდნენ. ამიტომ მურმან არჯევანიძეზე 2015 წლის პირველ კვარტალში გაიცა ხელფასის ოდენობის პრემია, 1 100 ლარის ოდენობით.

ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დარჩა სოფელ ლახუნდარაში მცხოვრები გია დევდარიანის ოჯახი. მისი მეუღლე დარეჯან კოღუაშვილი ამბობს, რომ 30 კგ აბრეშუმის პარკი მოიყვანა და მურმანი არჯევანიძეს გადასცა, თუმცა მისთვის ამის საფასური არავის გადაუხდია.

ლახუნდარაში აბრეშუმის ჭიას ამირან სამხარაძის ოჯახიც უვლიდა. ორივე ოჯახს არჯევანიძემ შეუთვალა, რომ თანხის მისაღებად განცხადება დაეწერათ როგორც სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ოჯახებს. ამ შემთხვევაში მათ ბიუჯეტიდან 300-300 ლარს გადაურიცხავდნენ. „ჩვენთვის ასეთი რამ მიუღებელი იყო და უარი ვთქვით, – ამბობს დარეჯან კოღუაშვილი, – როგორც ვიცი, ამირან სამხარაძის ოჯახი თანხის ამ ფორმით მიღებას დათანხმდა“.

აბრეშუმის ჭიის გამოკვებას, მისგან პარკისა და შემდგომში ძაფის მიღებას სერიოზული დაფინანსება სჭირდება; დაფინანსებას კი – კარგად გაწერილი ბიზნეს-გეგმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილ სამუშაო ჯგუფთან ერთად, მეაბრეშუმეობის განვითარების პროგრამაზე, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი მუშაობს. სოფლის მეურნეობის დოქტორი ნარგიზი ბარამიძე ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიამ ეს პროცესი შეაფერხა.

მეცნიერები წილკანში აბრეშუმის ჭიის გენოფონდს, ჯერჯერობით, ინარჩუნებენ. 

„მხოლოდ პარკის გაყიდვა მწარმოებლისთვის წამგებინია, – ამბობს ნარგიზი ბარამიძე, – ამიტომ მთელი ციკლის აწყობაა საჭირო, მურის დაჯენიდან ქსოვილის მიღებამდე. მნიშვნელოვანია, ქსოვილი მაღალხარისხიანი იყოს, რომ ჩინეთსა და ტაილანდში წარმოებულს კონკურენცია გაუწიოს.

საქართველოში აბრეშუმის პარკი ორგან მზადდება. ახმეტის რაიონის სოფელ ხოდაშენში კოოპერატივი „აბრეშუმხვევია“ ფუნქციონირებს. ყოველწლიურად მცირე რაოდენობით ჭიას ვატან და ისინიც პარკს აწარმოებენ. აბრეშუმის პარკი იწარმოება ასევე ქობულეთის სოფელ გვარაში“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე ამბობს, რომ მეაბრეშუმეობით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შექმნან  კოოპერატივი ან დასაბუთებული ბიზნეს-გეგმის წარდგენის შემთხვევაში შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღონ. 

„ბიზნესის წარმომადგენლებიდან, ჯერჯერობით, სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რამდენად მომგებიანი იქნება მეაბრეშუმეობა, ვერ მივიღეთ, – ამბობს თენგიზ კალანდაძე, – საპარტნიორო ფონდთან ვთანამრომლობთ, გვინდა ჩინეთისა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას გავეცნოთ. ეს საკითხი ღიაა და როცა დავინახავთ ციფრებში, რომ დარგი მომგებიანია, შესაძლოა, ცალკე მიზნობრივი პროგრამაც კი გავაკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საბიუჯეტო თანხებს ვერ გავცემთ. მსოფლიო ბაზარზე აბრეშუმის წარმოებაში ძლიერი კონკურენციაა. აწონ-დაწონვის პროცესში ვართ“. 

ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფთან ერთად 2015 წელს შეიმუშავა ბიზნეს-მოდელი „აბრეშუმის წარმოების შესაძლებლობების და ბაზრის კვლევა“ და არა პროგრამა, როგორც ამას მურმან არჯევანიძე ამბობს. კვლევაში მითითებულია, რომ „ბიზნეს-გეგმა შედგენილია გამოქვეყნების დღისთვის არსებული  ინფორმაციის საფუძველზე.

საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი არ იძლევა გარანტიას დოკუმენტში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტეზე, საიმედოობაზე, სისრულესა და გამოყენებადობაზე, პასუხს არ აგებს რაიმე ზიანზე/ ზარალზე და გაწეულ ხარჯზე, რომელიც წარმოეშვება ნებისმიერ პირს ამ დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის გამოყენებით“.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე – აბრეშუმის პარკის ძაფსახვევი დანადგარი ხარაგაულში, 2016 წ.