ხარაგაულში დღეს საპილოტე პროექტის – „აბრეშუმი ხარაგაულიდან“ განხორციელება დაიწყო.

აბრეშუმის პარკის ძაფსახვევი დანადგარი ხარაგაულში კერძო ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობით ამუშავდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში მურმან არჯევანიძე ამბობს, რომ 25 წლის შემდეგ საქართველოში პირველად აბრეშუმის პარკი ხარაგაულში მივიღეთ.

აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეობის კათედრის დახმარებით 100 გრამი აბრეშუმის ჭიის გრენი წყალაფორეთში, ლახუნდარაში, ხევში, ბაზალეთსა და სხვა სოფლებში მცხოვრებ ოჯახებზე განაწილდა.

აბრეშუმის ძაფსახვევი დანადგარი ხარაგაულს ბიზნესმენმა ჯიმი ჩხაიძემ უსასყიდლოდ გადასცა. ის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი ძმებისა“ და კორპორაცია „ქართული აბრეშუმის“ დამფუძნებელია. საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინებისთვის მან სოფლის მეურნეობის სამინისტროს 80 ათასი თუთის ნერგი აჩუქა. ხარაგაულის მუნიცალიტეტში მათგან 1 000 თუთის ნერგი გაშენდა.

„დღეს აგრარული უნივერსიტეტიდან დამატებით 40 გრამი აბრეშუმის ჭიის გრენი ჩამოგვიტანეს, – ამბობს მურმან არჯევანიძე, – ძაფზე მოთხოვნა დიდია. 350 კგ ძაფი უნდა ამოვახვიოთ, რომ მისი შეძენით დაინტერესდნენ. ამ ოდენობის ძაფის მისაღებად კი ერთი ტონა აბრეშუმის პარკია საჭირო.“

მურმან არჯევანიძე იმედოვნებს, რომ ხარაგაულში აბრეშუმის წარმოება სერიოზულად განვითარდება.

ბიზნესმენ ჯიმი ჩხაიძის თქმით, საქართველოში მაღალხარისხიანი აბრეშუმის  ძაფის წარმოება შესაძლებელია, მოსახლეობის დასაქმების კუთხით კი აბრეშუმის ძაფსახვევი მცირე საწარმოს ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი.

„საქართველოში გვაქვს უნიკალური, მაღალი ხარისხის აბრეშუმის ჭიის ჯიშები, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში სოფლის მეურნეობის დოქტორმა ნარგიზი ბარამიძემ, – მეაბრეშუმეობას საქართველოში დიდი ტრადიციები აქვს. ჩვ. წ. აღ-მდე დათარიღებულ სამარხებში აბრეშუმის ბოჭკოებია აღმოჩენილი, აბრეშუმის გზა საქართველოზე გადიოდა.

45 წელია, თუთის აბრეშუხვევიას ჯიშებს და გენოფონდს ვინარჩუნებთ. ჯიშების გამოყვანა და სელექცია მხოლოდ მეაბრეშუმეობის ინსტიტუტში ხდება.

ევროპაში სპეციალურმა კომისიამ ქართულ აბრეშუმხვევიას უმაღლესი ჯილდო – პლატინის ვარსკვლავი მიანიჭა.

ყოველთვის მივესალმები ასეთ წამოწყებას. ძალიან მინდა, რომ მეაბრეშუმეობა უპატრონოდ არ დარჩეს და ჩვენი შრომა წყალში არ ჩაიყაროს. აბრეშუმი ხანმოკლე პერიოდში ოჯახებისთვის საკმაოდ სოლიდური შემოსავლის მომტანია.

მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის მთავარია მონდომება და სახელმწიფოსგან ხელშეწყობა.“

აბრეშუმის პარკის ძაფსახვევი დანადგარის ამოქმედებას ხარაგაულში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნინო კაპანაძე

abreshumi xaragaulshi (2)