ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ 12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა. დღევანდელობამ განსაკუთრებით დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ექთნის პროფესია. ქალბატონი მარია აფინოვიჩი, წლებია, ამ საქმეს ემსახურება. იგი ჯერ უკრაინაში მუშაობდა ექთნად.
დაქორწინების შემდეგ საქართველოში ჩამოსულმაც განაგრძო თავის საყვარელი საქმიანობა, რაც ადამიანების დახმარებასა და გადარჩენას გულისხმობს. დღეს იგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთის ამბულატორიაშია დასაქმებული.
– სანამ თქვენს მომავალ მეუღლეს გაიცნობდით და დაქორწინდებოდით, გსმენოდათ თუ არა საქართველოს შესახებ და გაგიჭირდათ თუ არა აქაურობის შეგუება?
– სკოლაში კარგი მოსწავლე ვიყავი და ვიცოდი, რომ მაშინდელ საბჭოთა კავშირში შედიოდა 15 რესპუბლიკა, მათ შორის საქართველო, რომელიც ძალიან ლამაზი ქვეყანა იყო. 80-იან წლებში ხშირად მესმოდა, რომ აქ იყვნენ კარგი ექიმები, განსაკუთრებით კი ქირურგია იყო განვითარებული. მხოლოდ ეს ვიცოდი საქართველოზე. ვერ ვიფიქრებდი, აქ თუ მომიწევდა ცხოვრება. სხვათაშორის, სტუდენტობის დროს მეუბნებოდნენ, რომ ქართველს ჰგავხარ გარეგნობითო. რით ვგავდი ქართველს, არ ვიცი, მაგრამ ხშირად მესმოდა ეს. აქაურობასთან შეგუება საერთოდ არ გამჭირვებია.
– თქვენი გადმოსახედიდან რა საერთო აქვს ქართველ და უკრაინელ ხალხს?
– ქართველების მსგავსად, უკრაინელებიც თბილები და სტუმართმოყვარეები არიან, განსაკუთრებით დასავლეთ უკრაინელები.
– ექთნობა რატომ გადაწყვიტეთ?
– დედაჩემი სოფლის ექთანი იყო. რომ ვხედავდი, რასაც აკეთებდა, მომწონდა. აცრების ჩატარებაში ვეხმარებოდი ხოლმე, სხვადასხვა ადგილას ვეგზავნებოდი. დედაჩემს რომ ვაკვირდებოდი, ალბათ, მაშინ გადავწყვიტე, ექთანი გავმხდარიყავი. ბავშვობიდან ასევე ძალიან მიყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა.
– სად მიიღეთ განათლება?
– ვსწავლობდი ბალტიისპირეთში, კონკრეტულად კი ლატვიაში, ქალაქ რიგაში.
– სად მუშაობდით?
– სწავლის დამთავრების შემდეგ, სანამ დავოჯახდებოდი, ერთი წელი უკრაინაში ექთნად ვმუშაობდი. დავქორწინდი და საქართველოში ჩამოვედი. მუშაობა კიცხის ამბულატორიის ექთნად დავიწყე. შემდეგ წყალაფორეთში გადავედი და დღემდე იქ ვარ. ამის პარალელურად ვმუშაობ ქუთაისში, „ელჯის“ კლინიკაში.
– რამდენიმე სიტყვით გვიამბეთ თქვენი ერთი სამუშაო დღის შესახებ?
– როცა ვიცი, რომ ბევრი საქმე მაქვს, ადრიანად ვდგები, ჩემს საქმეს პასუხისმგებლობით ვეკიდები; ვცდილობ ვიყო მოწესრიგებული, მობილიზებული და კარგად დასვენებული, რომ ენერგიულად ვიმუშაო. ტელეფონი ყოველთვის ჩართული მაქვს, რომ თუ ვინმეს რაიმე დასჭირდა, დამირეკოს და ყოველთვის კონტაქტზე ვიყო. უბანზე რომ გამოძახება მაქვს, ვცდილობ შეთანხმებულ დროს მივიდე ადამიანთან და არ დავაღალატო.
– გაიხსენეთ ყველაზე მძიმე შემთხვევა თქვენს სამუშაო პრაქტიკაში?
– ჩემთვის ყველაზე მძიმე და ემოციური იყო დღე, როდესაც უბანზე ვიმყოფებოდი და მქონდა ექიმის მიერ დანიშნული წვეთოვანი „რეოპოლიგლუკონი“, პირველად ჩემს პრაქტიკაში ამ წამალმა პაციენტს ალერგიული რეაქცია მისცა, ძალიან ცუდად გახდა. გადავარჩინე, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გასახსენებელია.
– ყველაზე ხშირად რა პრობლემებს აწყდებით?
– ყველაზე დიდი პრობლემა მასიური ვაქცინაციაა, რადგან ადამიანები უარს ამბობენ წითელას, გრიპის, წითურას და სხვა ვაქცინის გაკეთებაზე. მათ აქვთ დიდი უნდობლობა ვაქცინაციის მიმართ. მიწევს კარდაკარ სიარული და ადამიანების დარწმუნება.
– რას უსურვებთ ექთნებს? რისი გაუმჯობესება გსურთ?
– ვისურვებდი, ექთნები დაეფასებინათ არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ სიტყვიერად, სულიერად, ფსიქოლოგიურად. კლინიკებში, ამბულატორიებსა და სხვა დაწესებულებებში მომუშავე ექთნების მიმართ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა კარგი იქნებოდა. მათ მუდმივი განვითარება სჭირდებათ, ამისთვის საჭიროა ახალი ტრენინგები, რომელიც ხშირად უნდა ჩატარდეს. ეს თუ არ იქნება, ძალიან ცოტა პროფესიონალი ექთანი ეყოლება ჩვენს ქვეყანას, რადგან ამ სფეროს სულ განახლება სჭირდება. როგორი კარგი ექთანიც არ უნდა იყო, ცოდნის განახლება მაინც საჭიროა, რადგან მედიცინა ვითარდება და მუდმივად სიახლეებია.
ლიკა ხიჯაკაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების