საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ქუთაისის ფილიალი იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში 2014 წლის 15 თებერვლიდან ახორციელებდა პროექტს „იაქტიურე და ჩაერთე გადაწყვეტილების მიღების პროცესში“. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.

პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის გაძლიერება/გააქტიურება და ამავე რეგიონის მოსახლეობის პრობლემათა ადვოკატირება.

დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტიური მოქალაქეებისგან. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სამუშაო ჯგუფისგან გამოიკვეთა ყველაზე მნიშვნელოვანი – ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემა. ამ პრობლემის განსახილველად მოეწყო საჯარო შეხვედრა ხარაგაულის საავადმყოფოს, სასწრაფო დახმარებისა და სოფლის ამბულატორიების ექიმებთან. შეხვედრას ესწრებოდა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც გამოთქვა მზაობა აქტიურად ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში. იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საავადმყოფოს პრობლემა უნდა გადაჭრილიყო 2012-2014 წლებში. თუმცა, ხარაგაულის მოსახლეობა დღესაც სარგებლობს საავადმყოფოს ძველი შენობით, სადაც სანიტარული მდგომარეობა ძალიან მძიმეა, არ არის აღჭურვილი შესაბამისი მატერიალური-ტექნიკური ბაზით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ჯერაც არ არის მოგვარებული ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისსაკითხი.

პროექტის ფარგლებში, საია-ს ქუთაისის ფილიალმა 6 აგვისტოს, ხარაგაულში გამართა საფინალო/შემაჯამებელიშეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის პრობლემების განსახილველად. შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, საკრებულოს წევრები, გამგეობისა და არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაში აქტიურად ჩაერთვნენ  ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულები და ადგილობრივი მოსახლეობა.

შეხვედრებზე არაერთხელ ითქვა, რომ ხარაგაულში არის კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, მაგრამ მოუწესრიგებელია საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა და არ არის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი. დაბალია სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება.

კარგა ხანია, მსჯელობენ ხარაგაულში ახალი საავადმყოფოსა თუ ძველის რეაბილიტაციაზე. ამის პარალელურად ითვლიან გასაწევი ხარჯების ეფექტურობას, – რამდენად გაიზრდება პაციენტთა მიმართვიანობა. თუმცა, ფაქტია, რომ ხარაგაულელი პაციენტების 80 პროცენტი გაედინება მუნიციპალიტეტიდან. შეხვედრაზე მყოფი, ზესტაფონის „ჯეოჰოსპიტალის“ უფროსი ექიმის, ლია ებანოიძის, ინფორმაციით, მხოლოდ მათამბულატორიულ ცენტრს თვეში საშუალოდ 450 ხარაგაულელი პაციენტი მიმართავს.

გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიპოზიტიურად არიან განწყობილნი ხარაგაულში ახალი საავადმყოფოს აშენებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯებიც არის გადადგმული.

„ბორითის კატასტროფის ცენტრი შპს „ჯანდაცვის რეგიონალურ ცენტრს“ გადაეცა სამართვად. თუკი ისინი ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, ცხადია, ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს და მივიღებთ სხვა გადაწყვეტილებებს,“ – ამბობს გამგებელი. კობა ლურსმანაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტს შესთავაზეს, ბორითის ემერჯენსის ტიპის დაწესებულების მართვა. ჩვენ ამ საავადმყოფოს კადრებით დაკომპლექტებისა და ფინანსურად უზრუნველყოფის არანაირი საშუალებები არ გაგვაჩნდა.

ჩვენ განწყობილნი ვართ, რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან მოვითხოვოთ ხარაგაულში საავადმყოფო და მივიღოთ კიდევაც. ჩვენ არ დავთმობთ იმ პოზიციას, რომ ხარაგაულს არ ჰქონდეს საავადმყოფო.“

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამჟამად ბორითის საავადმყოფოდან აპარატურა გატანილია და კლინიკაში მხოლოდ ერთი ექიმი მუშაობს. ასევე გამოითქვა წუხილი, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ვერ გამონახა თვეში 25 ათასი ლარი იმისათვის, რომ ბორითის კლინიკა, უნივერსალურად აღჭურვილი თანამედროვე აპარატურით, მუნიციპალიტეტს გადმოცემოდა. სწორედ თვეში 25 ათასი ლარი იყო საკმარისი ბორითის კლინიკის მედპერსონალის ანაზღაურებისა და კომუნალური ხარჯებისათვის.

შეხვედრაზე ისაუბრეს სამედიცინო პერსონალის დაბალ ხელფასებზე. „2006 წელს ჩამოყალიბდა სასწრაფო დახმარების სამსახური, – ამბობს ხარაგაულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბარბაქაძე, – რაც იყო ხელფასი მაშინ, დღემდე რჩება იგივე, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ფულმა ინფლაცია განიცადა. სხვაგან ყველას რაღაც მოემატა. ჩვენთან კი მძღოლი დღემდე 190 ლარს იღებს, ექთანი – 230 ლარს. ექიმის ანაზღაურება კი მხოლოდ 300 ლარია. სხვაგან დამლაგებელს აქვს 500 ლარი ხელფასი.“

გიორგი ბარბაქაძემ ითხოვა ჯანდაცვის სამინისტროსთან შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ მიეცეთ პაციენტის შესაბამის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება: „როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურის მენეჯერი, გთხოვთ დააყენოთ სამინისტროსთან შუამდგომლობა, რომ მომცენ შესაძლებლობა, ჩემი შეხედულებით გადავიყვანო პაციენტი კლინიკაში. ახლა მავალებენ, რომ მოვიყვანო ხარაგაულში ან ბორითში, დავაფიქსირებინო მიღებაზე უარი და მერე წავიყვანო უკან. ამდენ მგზავრობაში რომ რამე მოუვიდეს პაციენტს, რა ვქნა მაშინ?!“

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენელ გიორგი ყურაშვილის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების სამსახურები გადადის მუნიციპალიტეტების ბალანსზე. ასევე მანვე აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ხუთი თანამედროვედ აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანა ჩამოვა. „მალე მოქალაქეებს სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად 112-ზე დარეკვა აღარ დასჭირდებათ,“- აღნიშნა გიორგი ყურაშვილმა. მანვე შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ დასმულ საკითხებს გააცნობს იმერეთის გუბერნატორის მოადგილესსალომე იობიძეს და შემდეგ, პრობლემებს დასვამენ ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე.

შეხვედრაზე ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე ბარბაქაძემ ასაცრელი მასალის შენახვის პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლის ამბულატორებში ასაცრელ მასალას ვერ ინახავენ, მიუხედავად იმისა, რომ მაცივრები აქვთ. პრობლემა იმაშია, რომ ამბულატორიებს ელენერგია არ მიეწოდება იმის გამო, რომ აბონენტებად ვერ დარეგისტრირდნენ. აბონენტად დარეგისტრირებაში ხელისშემშლელი გარემოება კი ისაა, რომ გაურკვეველია ამბულატორიების შენობების კუთვნილება.

ინგა მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე:-ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკითხები სწორად მივიტანოთ ადრესატამდე.ამისათვის ყველა უნდა გავერთიანედეთ.

ბატონი ალექსანდრე ბარბაქაძე ამბობს, რომ ხარაგაულში საავადმყოფოს ასაშენებლად ცენტრალური ხელისუფლების კეთილი ნება უნდა იყოს. ამ კეთილი ნების მისაღწევად ჩვენი როლი მნიშვნელოვანია. თვითმმართველობამ არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთოს, რომ ხარაგაულში თანამედროვედ აღჭურვილი საავადმყოფო ნამდვილად გვჭირდება.

ნოდარ ჯიქია, საიას პროექტის მენეჯერი: -თვითმმართველობას, ახალი კოდექსით, ჯანდაცვის კუთხით თანადაფინანსების შესაძლებლობა მიეცა. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ პრიორიტეტების დოკუმენტში, 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას.

პაატა გოგოლაძე, გამგებლის პირველი მოადგილე: -აქამდე ჩვენ უფლება არ გვქონდა, რომ თანხა დაგვეხარჯა ამ მიმართულებით. ვერაფრით ვეხმარებოდით, მაგალითად, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს, როცა ვთქვათ, ავტომანქანას ნაწილი უფუჭდებოდა. თვითმმართველობის ახალი კოდექსიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით შესაძლებლობები და უფლებები გაგვეზრდება, ალბათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელზე არანაკლებ განვიცდი, როცა ამ სამსახურს პრობლემები აქვს და ვერ ვეხმარებით. ახლა კანონი იძლევა უფლებას…

გამგებელ კობა ლურსმანაშვილის თქმით, კანონი იძლევა უფლებას და არა ფინანსურ საშუალებას.

ლაურა გოგოლაძე