ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკრებულოს 2014  წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილების პროექტი წარუდგინა. საბიუჯეტო ცვლილების პროექტის თანახმად, გამგეობაში შექმნილი ახალი სტრუქტურული ერთეულების ეფექტური სამუშაო გარემოს შესაქმნელად გამგეობის ხარჯებში დამატებით საჭიროა 15,5 ათ. ლარის გამოყოფა, კერძოდ 10,0 ათ. ლარი – ერთი მსუბუქი ავტომობილის შესაძენად; 3,5 ათ. ლარი – ხუთი ცალი საშუალო სიმძლავრის კონდიციონერის შესაძენად და 2,0 ათ. ლარი – საოფისე ავეჯის შესაძენად.

აღნიშნული ხარჯების გაწევა შესაძლებელია მოხდეს ინფრასტრუქტურის, მ. შ. კომუნალური ინფრასტრუქტურის, კერძოდ „წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუტაცია“ ხარჯების შემცირებით.

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის თანახმად ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შეუერთდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ერთობლივად ჩასატარებელ ღონისძიება -აქციას ,,დარგე შენი მომავალი“. ამ აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა სოფელ ისლარის ტერიტორიაზე  დარგო 2,5 ათასი ცალი იფნის, აკაციისა და მუხის ნერგი. პროექტის სრულყოფილად განხოციელების მიზნით საჭიროა გამწვანებული ტერიტორიის შეღობვა, რისთვისაც საჭიროა 3,8 ათასი ლარი. იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე არ გააჩნია დამატებითი შემოსავლების წყარო, შესაძლებელია ამ პროექტის დაფინანსება ასევე განხორციელდეს წყლის სისტემის მოწყობის ხარჯების შემცირების ხარჯზე.

ამ საბიუჯეტო ცვლილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები 4 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.