ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხერში მცხოვრები 90 წლის ნორა კიკნაძე „სათნოების სახლის“ ბენეფიციარის სტატუსისა და იანვარში შეწყვეტილი ყოველთვიური დახმარების აღდგენას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს.

ნორა კიკნაძე 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით „სათნოების სახლიდან“ ყოველთვიურად 35 ლარი ღირებულების მზა პროდუქტებს იღებდა.

მარტში მან ეს დახმარება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ამ საკითხით გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ დაინტერესდა.

თუმცა აპრილში ნორა კიკნაძეს უთხრეს, რომ მისი ამ დახმარების „ლიმიტი ამოიწურა“.

ამ საკითხის გაშუქებას მერიისგან ჩვენს მიმართ ცილისწამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ბრალდება მოჰყვა; ნაცვლად იმისა, რომ 90 წლის მარტოხელა მოქალაქისთვის მისთვის სასურველი ფორმით ყოველთვიური დახმარება აღედგინათ.

ნორა კიკნაძის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მუნიციპალიტეტის ვალდებულებად მიიჩნევს და არა – კანონის დარღვევად, ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი.

„90 წლის მოქალაქე „სათნოების სახლში“ კვირაში ხუთჯერ მისვლას ვერ შეძლებს, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – სოციალური სფერო ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მით უმეტეს, დღეს არსებული პანდემიის პირობებში სოციალური ფონი დამძიმდა. როგორც ჩანს, ადგილობრივ თვითმმართველობაში გარკვეულ თანამდებობის პირებს ეს გააზრებული არ აქვთ; პრობლემის არსში ვერ ერკვევიან ან არ ესმით, როგორ რთულ მდგომარეობაში არიან გარკვეული მოქალაქეები და ოჯახები. მათთვის პანდემიის პირობებში ან სააღდგომოდ ერთჯერადი დახმარება საკმარისი არ არის“.

საკრებულო ყოველთვის ვითხოვდით და მხარდაჭერასაც აღვუთქვამდით სათნოების სახლს, რომ მისი მომსახურების მასშტაბები გაზრდილიყო.

ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის საბიუჯეტო შენიშვნის მართებულობაში, „სათნოების სახლის“ მომსახურების ტენდერზე გატანასთან დაკავშირებით.

ტენდერში გამარჯვებული უზრუნველყოფდა ბენეფიციართა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მუნიციპალიტეტი თანხასაც დაზოგავდა და – დღეს კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, – მომსახურების ხარისხიც გაიზრდებოდა“.