სკოლის ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია. ესაა ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილების, ოჯახების სიძლიერე. ბევრი რამაა მნიშვნელოვანი, როცა საქმე მომავალი თაობის განათლებას ეხება. განათლება კი შორს ხედვაა, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაა, წინსვლაა, წარმატებაა.

სწავლება სასწავლო დაწესებულებების უშუალო მოვალეობაა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი, საამაყო და მისასალმებელია, როცა განათლებაზე ზრუნვას რომელიმე სხვა ორგანიზაცია საკუთარ მიზნად ისახავს. საქართველოში ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით მოქმედი საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“(GIDE) პროექტით „დებატები უკეთესი განათლებისათვის“.

ამ ფონდის საქმიანობა საქართველოში აღიარებულია და სწორედ სკოლების თანადგომით, მოსწავლეების განვითარებაზე ზრუნვით, მათში 21-ე საუკუნის უნარების ჩამოყალიბება-განვითარებაზე ხელშეწყობით გამოირჩევა.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისათვის“, რომელიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს ქვეყნის ყველა რეგიონის მოზარდებში კრიტიკული აზროვნებისა და სიტყვით გამოსვლების უნარის განვითარებას; ასევე – საგანმანათლებლო პროცესის გაგრძელების შესაძლებლობას, თანამედროვე ვირტუალური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.

პროექტით დაგეგმილია სიტყვით გამოსვლების კონკურსი, საგანმანათლებლო დებატკლუბების წევრი მოსწავლეებისთვის ქვეყნის ყველა რეგიონიდან.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-17 წლის ასაკის ახალგაზრდებს, რომლებიც სასკოლო ან სხვა ტიპის დებატკლუბის წევრები არიან და ამასთან, წარმოადგენენ დებატკლუბის ხელმძღვანელის სპეციალურ სარეკომენდაციო წერილსაც.

კონკურსანტმა უნდა ჩაწეროს სიტყვით გამოსვლის 4 წუთიანი ვიდეორგოლი, რომელიც მოიცავს ახალგაზრდის პოზიციასა და არგუმენტაციას, ქვემოთ მოყვანილ ერთ-ერთ თემასთან დაკავშირებით:

  1. ონლაინ (ლაივ) მეცადინეობები გამართლებულია/გაუმართლებელია;
  2. ვიდეო ჩანაწერებით სწავლება გამართლებულია/გაუმართლებელია;
  3. საქართველოში „fake news“-ებთან გამკაცრებული ბრძოლა გამართლებულია.

დებატკლუბებმა მიმდინარე სასწავლო წელს ფუნქციონირება დაიწყეს პროექტით განსაზღვრულ ყველა ქალაქსა და სოფელში. პროექტში „დებატები უკეთესი განათლებისათვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 5 სკოლა ჩაერთო – ხარაგაულის N3 და #2, ვერტყვიჭალის, ბორითისა და სადგურ მარელისის საჯარო სკოლები.

დებატკლუბების მუშაობა ორგანიზებულად დაიგეგმა. მთელი საქართველოდან შერჩეულ მასწავლებელთა ოცეულში ჩვენი სკოლის პედაგოგებიც მოვხვდით. მარელისის სკოლიდან დებატების კლუბის ხელმძღვანელად სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგი ინგა ვეფხვაძე შეირჩა. მომავალი კლუბების ხელმძღვანელებმა თებერვლის ბოლოს ოთხდღიანი ტრენინგები გაიარეს. სწავლება თითოეული პედაგოგისათვის ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და შემოქმედებითი აღმოჩნდა. სკოლაში დაბრუნებისთანავე ჩამოყალიბდა კლუბი, გაიწერა სამოქმედო გეგმა და დაიწყო ყველაზე სასურველი და საინტერესო საქმიანობა. მოსწავლეები და პედაგოგი ენთუზიაზმითა და დიდი ინტერესით შეუდგნენ მუშაობას.

კლუბის საქმიანობის დაწყება და წარმართვა  ეფექტური აღმოჩნდა, რადგანაც კლუბს გვერდით დაუდგნენ საუკეთესო პროფესიონალები და შეუდარებელი მხარდამჭერი ადამიანების გუნდი, რომლებიც სისტემატურ რეჟიმში თანამშრომლობენ სკოლასთან.

მინდა გამოვყო და აღვნიშნო  პროექტის ხელმძღვანელი – ქალბატონი თინათინ ცერცვაძე და ტრენერი სოფიო ვეფხვაძე, რომლებიც კლუბის ყოველდღიურ საქმიანობაში არიან ჩართული და ჩვენი მოსწავლე-მასწავლებლის მიმართ დიდ მხარდაჭერას გამოხატავენ.

დაისახა მიზნები, დაიგეგმა საინტერესო შეხვედრები… მაგრამ დადგა ახალი რეალობა – COVID-19-ის გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობა, დისტანციური სწავლება.

ჩვენი სკოლის ფუნქციონირება ახალ რელსებზე გადაეწყო. ყველა სასკოლო საქმიანობა დისტანციურად წარიმართება, საკმაოდ თანმიმდევრულად და მაღალი ჩართულობით. რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ კლუბის საქმიანობაც, მათი გონიერი მესვეურების ხელშეწყობით, ახალ პლატფორმაზე სწრაფად, ძალიან გეგმიანად გადაერთო და სისტემატურად ტარდება კლუბის შეხვედრები.

მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ყოველკვირეულ შეხვედრებში, ემზადებიან საჯარო გამოსვლების ონლაინ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად კლუბის შეხვედრებს წარმართავს ძალიან საინტერესოდ, თანამედროვე ტექნოლოგიების და ეფექტური პლატფორმების გამოყენებით. მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია მაღალია, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ პროექტის მიზანი და განხორციელებული საქმიანობა შედეგიანი იქნება და ჩვენი მოსწავლეების განვითარებას წაადგება.

მინდა, როგორც სკოლის დირექტორმა, მადლიერება გამოვხატო „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით მოქმედი საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“(GIDE) მიმდინარე პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისათვის“ მიმართ. მადლობა ქალბატონ თინათინ ცერცვაძეს და ტრენერ სოფიო ვეფხვაძეს, რომლებიც ჩვენი სკოლის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილად იქცნენ და ჩვენთან ერთად ზრუნავენ ჩვენი მოსწავლეების განათლებაზე.

ასევე მინდა მადლობა ვუთხრა პედაგოგ ინგა ვეფხვაძეს და ყველა ჩვენს მოსწავლეს, რომლებიც ერთად, აქტიურად არიან ჩართულნი კლუბის საქმიანობაში და ამ რთულ ვითარებაში მნიშვნელოვან და  წარმატებულ ფურცელს წერენ სადგურ მარელისის საჯარო სკოლის ცხოვრების მატეანეში.

ვერა ოდიკაძე
სადგურ მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი