

ბავშვობის ოცნება ცოტა მოგვიანებით აიხდინა. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი თეატრ-სტუდიაში ჩაირიცხა. დღეს ის სამსახიობო ხელოვნებას შვეიცარიაში ეუფლება. ხარაგაულელ თორნიკე ბლუაშვილზე გვსურს გიამბოთ. მას ბავშვობის გახსენება და სამომავლო გეგმებზე საუბარი ვთხოვეთ.
ხარაგაული მისთვის ბავშვობასთან, საბავშვო ბაღთან და შემდეგ სკოლასთან ასოცირდება, კიდევ უბნის ბიჭებთან, ფარდულსა და დიდ ეზოში ნათამაშებ ფეხბურთთან… მისი მშობლები გულნაზი აბრამაშვილი და თემურ ბლუაშვილი წლების მანძილზე ხარაგაულში საქმიანობდნენ.
„მერე იყო უშუქობა, სიცივე, კუპონები, პურის რიგი და ჩვენ ვერტყვიჭალაში გადავედით საცხოვრებლად, – გვიამბობს თორნიკე, – სკოლა სოფელში დავამთავრე. ვერ ვიტყვი, რომ გამორჩეული მოსწავლე ვიყავი. უმეტესად ვკითხულობდი იმას, რაც მაინტერესებდა და არა იმას, რაც სავალდებულო იყო. სცენაზე ყოფნა სკოლიდან მიყვარდა. ცხადია, მაშინ გაუცნობიერებლად, მაგრამ უბრალოდ მიყვარდა. ზოგიერთ თქვენგანს, ალბათ, ნანახიც ვყავარ სცენაზე. დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. დავიწყე სწავლა, მაგრამ არასდროს მასვენებდა მსახიობობაზე ფიქრი…“
ერთ დღესაც თორნიკემ უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შემთხვევით ნახა განცხადება, რომ უნივერსიტეტთან არსებული თეატრ-სტუდია „მერმისი“ მიღებას აცხადებდა.
„ამიყვანეს… და დაიწყო… მახსოვს პირველი რეპეტიცია… გოშას გაცნობა (გოშა გორგოძე – დღეს ჩემი მეგობარი, – რუსთაველის თეატრის რეჟისორია) და მისი პირველი შეკითხვა, – „არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა.“ რას გულისხმობდა ტერენტი გრანელი „რაღაც სხვაში…“ შემდეგ იყო ბევრი შრომა, კიდევ უფრო მეტი სიამოვნება და პირველი სპექტაკლი… და სადღაც აქ გაიყარა ჩემი და ფიზიკის გზები.“
თორნიკე ბლუაშვილმა სწავლა ილიას უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე გააგრძელა, სადაც ორი წელი დაჰყო. როგორც თავად ამბობს, მისთვის თეატრი სულ სხვაა… მუდამ ფიქრობდა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას. „აბსოლუტური უმრავლესობის აზრით ეს ახალგაზრდა იდეალისტის აკვიატებული იდეა უფრო იყო, ვიდრე რეალობა, – გვიამბობს თორნიკე, – თუმცა ჩემს გვერდით იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჩემი სჯეროდათ, გვერდში მედგნენ და მე დღეს მათი ძალიან მადლიერი ვარ.“
2012 წლიდან თორნიკე ბლუაშვილი შვეიცარიაში ცხოვრობს. სწავლობს მსახიობობას, მხატვრულ კითხვას და თეატრის პედაგოგიკას. „ბევრი რამ დავთმე ამ ყველაფრისთვის, – ამბობს თორნიკე, – მაგალითად, ჩემი მეუღლე თამარი საქართველოშია და ჩვენ იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს. რთულია! სხვა ენა, გარემო, მენტალიტეტი. თუმცა, ხანდახან მიზნის მისაღწევად რაღაც უნდა დათმო. მე ხომ არასდროს მასვენებდა და არც ახლა მასვენებს ფიქრი იმაზე, გავიგო რა არის ის „რაღაც სხვა.“
აქ გავიცანი შესანიშნავი ადამიანები. ერთი შეხედვით „ცივი“ ევროპელები, რომლებიც თუ შენს მონდომებას და შესაძლებლობებს ხედავენ, უანგაროდ დაგიდგებიან გვერდით. ორი წელია აქ ვარ და მენტალურ სხვაობას ხშირად ვაწყდები. იცით, რა მაჩუქა ჩემმა ძალიან კარგმა მეგობარმა და შესანიშნავმა ადამიანმა დაბადების დღეზე? – ვარდკაჭაჭას სიროფი. თუმცა, მე ამას არ ვუყურებ ნეგატიურად.“
თორნიკე ბლუაშვილი ამბობს, რომ ბოლო წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა მისთვის. ბაზელის სახელმწიფო თეატრში ითამაშა ორ სპექტაკლში „დიდი დეპრესია,“ „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი“.
„ორი წლის შემდეგ ვბრუნდები! შვეიცარია უჩემოდაც მიხედავს საქმეს. მე სახლში მინდა. ხარაგაული ყოველთვის იყო და არის ჩემს ფიქრებში.
ვფიქრობ, ნებისმიერ ბავშვს – კიცხელს, ბორითელს, უბისელს, მოლითელს, უნდა ჰქონდეს საშუალება ეზიაროს თეატრს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაინტერესებულ ბავშვებს მივცე ამის საშუალება. ამაში, რა თქმა უნდა, ხარაგაულელების დახმარება დამჭირდება. მე დავბრუნდები!
მანამდე კი მოგიკითხავთ ყველას – ნაცნობსაც და უცნობსაც. გისურვებთ სიმშვიდეს და წინსვლას. მაშ, დროებით. საუკეთესო სურვილებით, თქვენი თორნიკე ბლუაშვილი.“
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: თორნიკე ბლუაშვილი ბაზელის თეატრის სპექტაკლში „დიდი დეპრესია“
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,