სასკოლო ცხოვრების ყოველი დღე მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დისციპლინების სწავლება, 6-7 გაკვეთილის ჩატარება არაა.

სწავლა-სწავლების პროცესი გაცილებით ღრმა, შრომატევადი და, ხშირ შემთხვევაში, გაცილებით საინტერესოა. ზოგჯერ სკოლაში არ ირეკება ზარი, მისი წკრიალი არ გვამცნობს აქტივობის დასაწყისსა თუ დასასრულს, მაგრამ მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად მსჯელობენ, კითხულობენ, ხატავენ, იღებენ, ვარჯიშობენ, ქმნიან, გეგმავენ და ერთმანეთის ცხოვრებას აფერადებენ.

„ადამიანების გარეშე ცხოვრება არ არსებობს“, მით უფრო – სასკოლო საზოგადოების. სწორედ ამიტომ, COVID-19-ის გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობის დროს, დისტანციურ სწავლებას ხარაგაულის N3 საჯარო სკოლამ დროულად ავუწყვეთ ფეხი; Teams, Zoom, Viber, Feedc Edu, Messenger და სხვადასხვა სოციალური საშუალება შევისწავლეთ, რათა სოციალურ დისტანციას სწავლა-სწავლებისათვის ხელი არ შეეშალა. განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაგვაერთიანა და საკლასო ოთახად მთელი საქართველო აქცია, რათა ამ რთულ დღეებს ცოდნის მიღებით გავუმკლავდეთ…

„კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია“ და ასე კარგი დასაწყისით სანახევროდ მომზადებული ვიყავით ხარაგაულის საჯარო სკოლებიდან ხუთი სკოლა „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ (GIDE) პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მოვასწარით დებატკლუბების მუშაობა დაგეგმვა. პროექტი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით დაიწყო და მთელი საქართველოდან შერჩეულ მასწავლებელთა ოცეულში ჩვენც მოვხვდით. მომავალი კლუბების ხელმძღვანელებმა თებერვლის ბოლოს ოთხდღიანი ნაყოფიერი ტრენინგები გავიარეთ და მოსწავლეებთან შეხვედრას საოცარი მუხტითა და ენთუზიაზმით ვაპირებდით. შემდეგ რაც მოხდა ჩვენს თავს და სრულიად მსოფლიოში, სახელს ვერ ვარქმევ… იყო მცირედი პაუზა და შფოთი: როგორ უნდა გაგვეგრძელებინა დებატკლუბების საქმიანობა, რომ მოსწავლეებისათვის მიცემული პირობა არ დაგვერღვია…

და აი, „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა“ არსებული პროექტის – „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მოდიფიკაცია მოახდინა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, კლუბმა ონლაინ პროექტის განხორციელება დაიწყო.  ისევ დაიწყო ჩვენი ძალების მობილიზებაც, გაჩნდა საკუთარი თავის რწმენა და გაგვახსენა ყველას, რომ სხვას ვჭირდებით და ეს სხვა ჩვენი ძვირფასი შვილები, ჩვენი მოსწავლეები არიან…

ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გუნდურობის, თანადგომისა და ერთიანობის საუკეთესო მაგალითები მოგვცეს და ყველას კვლავ საოცარი ძალა და შემართება გაგვიჩნდა. პროექტი გულისხმობს სიტყვით გამოსვლების კონკურსს, საგანმანათლებლო დებატკლუბების წევრი მოსწავლეებისთვის ქვეყნის ყველა რეგიონიდან. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და სიტყვით გამოსვლის უნარის განვითარება; ასევე – მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროცესის უწყვეტი გაგრძელების შესაძლებლობა და თანამედროვე ვირტუალური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება.

მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ყოველკვირეულ შეხვედრებში, ემზადებიან საჯარო გამოსვლების ონლაინ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ამ პროექტში მონაწილეობენ ხარაგაულის N3 და #2, მარელისის, ვერტყვიჭალის, ბორითის საჯარო სკოლები.

დასაფასებელნი არიან პროექტის ხელმძღვანელი – ქალბატონი თინათინ ცერცვაძე და ტრენერი სოფიო ვეფხვაძე, რომლებიც საოცარი ენთუზიაზმით, თითქმის ყოველდღიურად გვეხმიანებიან, გვამხნევებენ და ონლაინ მეცადინეობებში ერთვებიან. იშვიათია, ადამიანები იყვნენ შენთან ასე ახლოს და თან – ასე შორს.

კლუბური მუშაობის ბოლოს თითოეულმა კონკურსანტმა უნდა ჩაწეროს ოთხწუთიანი ვიდეორგოლი, რომელიც მოიცავს ახალგაზრდის პოზიციას, არგუმენტაციას და რომელიც დაკავშირებული იქნება ერთ-ერთ ქვემოთ მოყვანილ თემასთან:
1. ონლაინ (ლაივ) მეცადინეობები გამართლებულია/გაუმართლებელია;
2. ვიდეო ჩანაწერებით სწავლება გამართლებულია/გაუმართლებელია;
3. საქართველოში „fake news“-ებთან გამკაცრებული ბრძოლა გამართლებულია;

კონკურსანტმა ვიდეორგოლი და სარეკომენდაციო წერილი 31 მაისამდე უნდა გაუგზავნოს დებატების ინსტიტუტს. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 5 გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ სხვადასხვა სახის საჩუქარსა და სერტიფიკატს.

P.S. „თუ ყოველდღე არ იბადები, მაშასადამე, ყოველდღე კვდები“. ჩვენ ყოველდღე ვიბადებით, რადგან ყოველდღე ვსწავლობთ და ვურთიერთობთ, ვურთიერთობთ, თუნდაც დისტანციურად!

მარინე ხვედელიძე

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორი