ოჯახის ექიმები კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვისთვის მზად უნდა იყვნენ.

რამდენად შეძლებენ ამ გამოწვევასთან გამკლავებას და რა საჭიროებების წინაშე დგანან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ოჯახის ექიმები, – ამის გასარკვევად რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით.

ნინო ბუხნიკაშვილი, წიფის საექიმო ამბულატორიის ექიმი: -როგორც ვმუშაობდი, ისევ ისე ვმუშაობ – წიფაში ოთხშაბათობით ავდივარ ჩემი მეუღლის მანქანით, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ტაქსში ვერ დავჯდები, რადგან არ ვიცი, მძღოლმა დეზინფექცია ჩაუტარა თუ არა.

ზოგადად მოსახლეობაში სტრესული ფონია და ამიტომ ფსიქოთერაპევტის პროფესიაც შევითავსე. სეზონური გრიპების შემთხვევები ჩემს უბანზე მომატებულია. ხანდაზმულ პაციენტებს რესპირატორული დაავადებები ბრონქიტისა და პნევმონის სახით განუვითარდათ. ესენი ადგილობრივები არიან და მათ ანამნეზს მე ვაკეთებ. ვაფრთხილებ ყველას, რომ სახლში დარჩნენ და სოფელში შიდა მიმოსვლები მაქსიმალურად შეზღუდონ.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური საიტიდან ინფორმაციას ვიძიებ, როგორ განვახორციელო ცხელებიანი ავადმყოფების მონიტორინგი. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან რეზინის ხელთათმანები, პირბადეები და „შპიდელები“ (ყელის გასასინჯი ხის ჯოხები) მოგვაწოდეს.

გვესაჭიროება სადეზინფექციო საშუალებები, რადგან ამბულატორიაში პაციენტი რომ შემოდის, ოთახში ყველაფერი უნდა დავამუშაო. კარგი იქნება, თუ სახის დამცავ ფარს და სათვალეს მოგვაწვდიან. უკონტაქტო თერმომეტრი გვჭირდება, – კარდაკარ შემოვლისას თერმოსკრინინგს ჩავატარებდი.

ამირან ხალილულაევი, წყალაფორეთის საექიმო ამბულატორიის ექიმი: -თუ პაციენტებს ცხელება აქვთ, მირეკავენ და ბინაზე ვნახულობ. ჩემი მანქანით გადავადგილდები. პაციენტებს ამბულატორიაში არ ვიღებ. მათთან ჩემი ავტომობილით თავად მივდვარ. სოფელში კორონავირუსზე საეჭვო შემთხვევა გვქონდა. მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ახლა კარგადაა. სოფლებში მოსახლეობა მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიკავშირდებიან.

თამარ გველესიანი, ხუნევის საექიმო ამბულტორიის ექიმი: -ტრანსპორტირება ძალიან მიჭირს. ზესტაფონიდან ხუნევისკენ გამვლელ მანქანებს დავყვებოდი. კორონავირუსის პანდემიის გამო სარისკოა გამვლელი ავტომანქანით მგზავრობა. ყველა ერიდება უცხო ადამიანის მანქანაში ჩაჯდომას. გუშინ ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ვიმუშავე. ხუნევიდან დამირეკეს და პაციენტთან მანქანით უნდა მიმიყვანონ. ქრონიკული ავადმყოფია – წნევა აქვს და დანიშნულება სჭირდება. ცხელების შემთხვევები ჩვენთან 2-3 კვირის წინ იყო.

ნათია ლომიძე, მოლითის თემის ოჯახის ექიმი: -მოლითში მარტის დასაწყისში უცხოეთიდან ორი მოქალაქე ჩამოვიდა. თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და საბედნიეროდ კარგად არიან. ვცდილობთ, ქრონიკულ ავადმყოფებთან დისტანციურად ვიურთიერთოთ. ბინაზე მისვლას ვერიდებით, რადგან პირბადეების, ხელთათმანებისა და ხალათის მეტი არაფერი გვაქვს. სეზონური გრიპის შემთხვევები ჩვენთან მარტის შუა რიცხვებისთვის დაფიქსირდა.

ია პაქსაშვილი, ხევის საექიმო ამბულატორიის ექიმი: -ცხელებიანი პაციენტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ჩემს სამოქმედო ტერიტორიაზე ამჟამად ერთი შემთხვევა ფიქსირდება – 12 წლის ბავშვს 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურა აქვს. ახალი გაიდლაინებით, სამდღიანი დისტანციური მეთვალყურეობის ქვეშ მეყოლება. მერე შევაფასებთ მდგომარეობას. სხვა მნიშვნელოვანი სიმპტომი არ აქვს.

გიორგი ბარბაქაძე, ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი: -იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ცხელებიანი პაციენტი ხარაგაულიდან თერჯოლაში, ცხელების ცენტრში, გადავიყვანეთ. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ამ ეტაპზე ხარაგაულში სიმშვიდეა.

მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ ყველაფერი მათ სამოქალაქო თვითშეგნებაზეა დამოკიდებული. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს ან 112-ს. სიტუაცია სანამ დამძიმდება, ექიმს მანამდე მიმართონ. კონტაქტი ჰქონდეთ სამედიცინო პერსონალთან და უყურადღებოდ არავინ დარჩება.

ნინო კაპანაძე