ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად მსოფლიო გაერთიანდა.

ერთმანეთის მხარდაჭერისა და გამხნევებისკენ მოგვიწოდებს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე):

-იმედია, ხარაგაულში მშვიდობით ხართ. ბელგიაში საუკეთესო სიტუაცია ნამდვილად არ არის. თუმცა, იტალიას, ესპანეთსა და რიგ ქვეყნებს ჯობია.

მთავარია, ადამიანები რას განიცდიან. აქ ძნელია ექიმთან მოხვედრა. ჩვენი ახლობლებიდან ვინც დაინფიცირდა, ექიმთან კონსულტაცია რამდენიმემ გაიარა. თუ დამძიმებული ავადმყოფი არ ხარ, საავადმყოფოში გულის დასამშვიდებლად ვერ მოხვდები. ამისთვის არავის სცალია და მართებულიცაა. ცნობილია შემთხვევები, როცა ხანდაზმულებმა ახალგაზრდებს დაუთმეს სასუნთქი აპარატი. სასულიერო პირიცაა მათ შორის.

სამოქალაქო წესრიგი მნიშვნელოვანია. აქ მოქალაქეები ერთმანეთს უფრთხილდებიან. არიან გამონაკლისებიც, მაგრამ პოლიცია და სახელმწიფო თანმიმდევრულია. შეღავათებით გარკვეული ჯგუფები ვერ ისარგებლებენ.

როგორც ყველგან, საღამოს 8 საათზე ტაშს უკრავენ მედიკოსებს, განსაკუთრებით ექთნებს, რადგან ისინი ავადმყოფთან ურთიერთობის მთელ ტვირთს თავის თავზე იღებენ. ქუჩები ცარიელია. მარკეტი, ფოსტა, აფთიაქი და ბანკი მუშაობს. მშენებლობები არ გაჩერებულა და კომუნალური ტრანსპორტიც მუშაობს. მანქანით ორ პირს აქვს გადაადგილების უფლება. მგზავრი აუცილებლად უკანა სავარძელზე უნდა იჯდეს და ორივეს პირბადე უნდა ეკეთოს. ფეხით მოსიარულე ერთი რაიონიდან მეორე რაიონის ტერიტორიაზე ვერ გადადის, ჯარიმდება.

ალბად დაგაინტერესებთ ჩვენი თანამემამულეებისა და ჩვენი ეკლესიის ცხოვრება. როგორც შეგვიძლია, ისე ვეხმარებით ერთმანეთს. ვისაც სახლიდან გასვლა უჭირს, პროდუქტი მიგვაქვს. გააქტიურებულია დიასპორული ასოციაციები, ახალგაზრდები, ეპარქია. ანგარიში გვაქვს გახსნილი და რამდენადაც შესაძლებელია, ვეხმარებით. ახლა დიდი მნიშვნელობა აქვს სულიერ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, საუბარს, ლოცვას, მოკითხვას და გამხნევებას.

რადგან შეკრება აკრძალულია, ეკლესიაში მრევლი ვერ მოდის. ეკლესიის კარი არ დაკეტილა, მაგრამ, ფაქტობრივად, ცარიელია. მსახურებაზე მრევლის მიწვევა შეუძლებელია. სასულიერო პირები ვმსახურობთ ყველასთვის. ყველას ესმის, რომ ეს დროებითი მოვლენაა და არა დევნა. სამაგიეროდ, ახლა უკეთესად ვაცნობიერებთ, რამდენად ვჭირდებით ერთმანეთს. როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ევქარისტულ ერთობას, რომელიც ადგილით, დროითა და სივრცით არ განისაზღვრება. ახლა ადამიანი ფიქრობ არამხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ყველაზე, მთელ სამყაროზე. ახლა მეტად აცნობიერებ, რატომ უნდა იყო სულიერად ძლიერი. გადაფასება მართლა ხდება. უფალმა ყველას გულის კარი შეაღო, ვინც მოუხმო. მერე რა, რომ სახლში ვართ… ვისაც არ სწამს, იქაც კი მოხდა ცვლილებები.

ხშირად გვესმის, რომ სამყარო შეიცვალა. კი, ის მართლაც შეიცვალა. რაღაცით – უკეთესისკენაც და უარესისკენაც. ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მომავალი აჩვენებს. საფრთხე ყველას შეექმნა – ძლიერთაც ამა სოფლისა და უბრალოთაც. განსაცდელებს ჯერ არ გადაუვლია. ჩვენი ადამიანობა სირთულეების გადატანაში იწრთობა. მგონი პლატონმა თქვა – ადამიანს მოკლე მეხსიერება აქვსო. ვიმედოვნებ, მთლად ასე არ იქნება… ვიმედოვნებ, სიყვარული გაიმარჯვებს. ვიმედოვნებ, უფრო მეტად გაიზრდება ადამიანის სულიერი მოთხოვნილებები და თანაზიარების მეტი სურვილი გაჩდება. ზოგჯერ ჩვენი თვალებიდანაც იმზირება ღმერთი, ამის მეტად მჯერა. ღმერთმა დაგლოცოთ.

ჩემს ხარაგაულზე დიდი პატივისცემით და ფიქრებით ეპოსკოპოსი დოსითეოსი