ის პროფესიით იურისტია. თავისუფალ დროს ხელოვნებას უთმობს.

ბუნებრივი მასალებისგან – რკოსგან, მარცვლეულისგან, ხავსისა და მცენარის ფესვებისგან სხვადახვა ორიგინალურ ნაკეთობებს ქმნის. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ინგა ლურსმანაშვილი განსხვავებული და გამორჩეული უნარით გვინდა წარმოგიდგინოთ.

-ინგა, როდიდან დაიწყეთ ნატურალური ნედლეულით სხვადასხვა ნაკეთობების შექმნა?

-ხელოვნებისადმი ინტერესი ბავშვობიდან მქონდა. ვხატავდი, ვქარგავდი, ვკერავდი, ვქსოვდი. პირველი ნაკეთობაც იმ პერიოდში შევქმენი. სხვებისთვის უსარგებლო ნივთებში ახალ სიცოცხლეს ვხედავდი.

სხვისი შეწუხება არ მიყვარს. ამიტომ ნედლეულს, ძირითადად, თავად ვაგროვებ და ვამუშავებ. ვიყენებ მრავალფეროვან ბუნებრივ მასალას: მურყნის ხუხუროს, რკოს ქუდებს, მარცვლეულს, კურკებს, ყუნწებს, ფესვებს, კენჭებს, აბედა სოკოებს, მინდვრისა და ჭაობის ბალახს.

-რომელიმე ნაკეთობა გამორჩეულად თუ გიყვართ?

-ჩემი პირველი ნამუშევარი რკოს ქუდებისგან შექმნილი ჯვარია, რომელიც თითების უნებური მოძრაობით, ფიქრის გარეშე გავაკეთე. შემდეგ მურყნის ხუხუროებისგან ვაზა დავამზადე. ჩემი ნახატებისთვის ჩარჩოები რკოს ქუდებისგან გავაკეთე. ყველა ნივთი საყვარელია, თუმცა რამდენიმე მაინც განსაკუთრებულად მიყვარს.

ზოგჯერ კონკრეტული ნივთის შექმნის იდეა მიჩნდება და მოსვენებას ვკარგავ, ვიდრე ამ ჩანაფიქრს სისრულეში მოვიყვან. ძირითადად, პრაქტიკულად გამოსაყენებელ ნივთებს ვქმნი – ჭაღებს, აბაჟურებს, შანდლებს, სახილეებსა და ზარდახშებს.

რასაც ვაკეთებ, წინასწარ არასოდეს ვხატავ. ექსპოზიციაზე ისე ვმუშაობ, რომ თითოეული დეტალი გონებაში წარმოდგენილი მაქვს და ყველა ნამუშევარს ისე ვქმნი.

-თითოეული ნივთის გაკეთებას რა დრო სჭირდება?

-ზოგს ერთ დღეში ვაკეთებ, ზოგს – ერთ კვირაში, გააჩნია რა სირთულისა და ზომის ნივთზე ვმუშაობ. ყველაზე მეტი დრო კედლის ხალიჩებს მოვანდომე. 3 მეტრი სიგრძისა და 1,5 მეტრი სიმაღლის ხალიჩები უამრავი პატარა მარცვლეულითა და ბალახით დავამზადე. ასევე შრომატევადია მურყნის ხუხუროსგან ჭაღების გაკეთება.

ნაკეთობებს თუ ყიდით?

-იმდენი დრო და შრომა მაქვს ჩადებული თითოეულ ნაკეთობაში, რომ ისინი უკვე ოჯახის წევრებივითაა. ამიტომ მათი გაყიდვა ან „გაშვილება“მიჭირს. თუმცა მაინც საკმაოდ ბევრი ნამუშევარი  მაქვს გასხვისებული.

-გამოფენებში თუ მონაწილეობთ?

-ჩემი ნამუშევრების გამოფენა ხარაგაულში რამდენჯერმე მოეწყო. ერთხელ ფოლკლორულ ფესტივალში ჩავერთე, რომელიც საქართველოს მასშტაბით ტარდებოდა. მაშინ ჩემ ხელნაკეთ მარცვლეულის ხალიჩას „ფესტივალის გვირგვინი“ უწოდეს და ლაურეატიც გავხდი. ცხადია, იყო შემოთავაზებები საგამოფენო დარბაზებიდან, სატელევიზიო არხებიდან. თუმცა ყოველთვის თავს ვიკავებ. მსურს, ჩემი ყველა ნამუშევარი ერთ სივრცეში განვათავსო.

-ინგა, გვიამბეთ მუშაობის პროცესზე, თქვენს ემოციებზე?

-შემოქმედებითი შთაგონება არავითარ რეჟიმს არ ემორჩილება. ზოგჯერ დღე და ღამე თავაუღებლად მიმუშავია. ჩემი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, მთელი დღე გონებრივი მუშაობა მიწევს. ამიტომ შემოქმედებისთვის ნაკლები დრო მრჩება. თუმცა სურვილი იმდენად დიდია და პროცესი -სასიამოვნო, რომ წყურვილს ჰგავს. აქედან გამომდინარე, ჩემი ნამუშევრები, ხშირ შემთხვევაში, ჩემი უძილობის ხარჯზე იქმნება. თუმცა დამღლელი დღის შემდეგ ერთგვარი განტვირთვაც არის.

ნამუშევრების შექმნის პროცესში, ძირითადად, კლასიკურ მუსიკას ვუსმენ. ეს ჩემს ფანტაზიებს საზღვრებს უშლის, აფართოებს, სულის სიღრმემდე აღწევს და ამით ვიღებ დამატებით ენერგიას. თან ასე თავს მარტო არ ვგრძნობ და დროის შეგრძნებას ვკარგავ.

თამთა გოგოლაძე